ახალი ამბები

ვინ აირჩიეს იუსტიციის საბჭოს მდივნად და ორ ახალ წევრად

30 ოქტომბერი, 2020 • 1323
ვინ აირჩიეს იუსტიციის საბჭოს მდივნად და ორ ახალ წევრად

დღეს, 30 ოქტომბერს,  მოსამართლეთა XXVIII რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა, რა დროსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ორი მოსამართლე წევრი აირჩიეს.

დღეიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ნიკოლოზ მარსაგიშვილი იქნება. ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2020 წლის მარტიდან გახდა. 2019 წლის დეკემბრიდან კი არის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

ერთ-ერთ ახალ მოსამართლე წევრად დღეს თეა ლეონიძე აირჩიეს. ის 2016 წლიდან არის ბოლნსის რაიონული სასამართლოს მოსამართლე . 2016 წლის თებერვლიდან მას „დაეკისრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განხორციელება,“.

2017 წლის მაისიდან კი თანამდებობაზე განწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე. 2019 წლის აგვისტოდან არის საქართველოს ქალ მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრი.

რაც შეეხება მეორე ახალ წევრს, ის ქეთევან ცინცაძე იქნება. ცინცაძე 2019 წლის დეკემბრიდან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეა.

მანამდე ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი – დამოუკიდებელი ინსპექტორი იყო. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური შეიქმნა 2017 წელს, სასამართლო რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში. ქეთევან ცინცაძე აღნიშნულ თანამდებობას  2017 წლის 21 ნოემბრიდან იკავებდა.

მანამდე კი იყო ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე. 

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსზე, ცინცაძემ თქვა, რომ მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძის უარყოფითი თვისება არ ახსენდებოდა. ჩინჩალაძეს არასამთავრობო სექტორის ნაწილი ე.წ. კლანის ერთ-ერთ ლიდერად მოიაზრებს. თავად მოსამართლეები სასამართლოში “კლანის” არსებობას უარყოფენ.

დღევანდელ კონფერენციას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის საელჩო.

აშშ-ის საელჩო იმედგაცრუებულია სასამართლო ხელისუფლების ნაჩქარევი გადაწყვეტილებით, გაემართა მოსამართლეების კონფერენცია დღეს, მნიშვნელოვანი ეროვნული არჩევნების ჩრდილქვეშ.

“გრძელვადიანი შედეგების მქონე გადაწყვეტილებების მიღება, ისეთი, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვაკანტური პოზიციების შევსება, უნდა ხდებოდეს გააზრებულად, გამჭვირვალედ და საკმარისი დროის დათმობით, კონსულტაციებისა და კვალიფიციური კანდიდატების ფართო სპექტრის ჩართულობისთვის. ამ პროცესის დაჩქარება შეიცავს რისკს შეირყეს საზოგადოების ნდობა მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის, კანდიდატებისა და მოსამართლეების კონფერენციის მიმართ”,- აცხადებს აშშ-ის საელჩო.

საელჩოს განცხადებით, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელსაც ხალხი ენდობა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართლიანი და თანაბარი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად, აგრეთვე, ქართული და უცხოური ბიზნესის მიერ ინვესტიციების მოსაზიდად.

“აუცილებელია, რომ სასამართლო ხელისუფლებამ ყველა ძირითად თანამდებობაზე შეარჩიოს გამოცდილი, პროფესიონალი და დამოუკიდებელი კანდიდატები, ასევე, მომავალში შერჩევის პროცესის უფრო მეტი გააზრებითა და შორსმჭვრეტელობით წარმართვა უზრუნველყოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე:

იუსტიციის საბჭო მეორე მოსამართლე წევრმაც დატოვა – რატომ?

მასალების გადაბეჭდვის წესი