ახალი ამბები

იუსტიციის საბჭო მეორე მოსამართლე წევრმაც დატოვა – რატომ?

23 ოქტომბერი, 2020 • 2509
იუსტიციის საბჭო მეორე მოსამართლე წევრმაც დატოვა – რატომ?

მოსამართლე რევაზ ნადარაიამ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა. ინფორმაციას ამის შესახებ საბჭოში ადასტურებენ.

ნადარია საბჭოში 2017 წელს აირჩიეს. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა.

მანამდე თანამდებობა საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძდემ დატოვა, რისი მიზეზიც უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ მისი არჩევა გახდა.

ნეტგაზეთს უმაღლეს საბჭოში უთხრეს, რომ ნადარაიას მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზზე კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებენ.

საბჭოს ახალ მდივანს მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე აირჩევენ, რომელიც მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გაიმართება. ამავე დღეს აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ მოსამართლე წევრსა და მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის ერთ წევრს.

პროცესის მიღმა პოლიტიკურ კონტექსტზე საუბრობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ მიქაუტაძისა და ნადარაიას მიერ თანამდებობის დატოვება პირდაპირ უკავშირდება მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ჯანეზაშვილის თქმით, მიქაუტაძესაც და ნადარაიასაც უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რამდენიმე თვეში გასდიოდათ, შესაბამისად, ეჭვებს აჩენს 30 ოქტმბერს, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მოსამართლეთა კონფერენციის დანიშვნა, მანამდე კი, მიქაუტაძის უზენაესში გადაყვანა.

„კონფერენცია ჩანიშნულია [საპარლამენტო არჩევნებამდე] 1 დღით ადრე, რაც არ არის დამთხვევა. ისეთ დროს, როდესაც ყურადღება მიპყრობილი იქნება არჩევნებისკენ და არა მოსამართლეების გადალაგებაზე… ერთი დღით ადრე მართავენ კონფერენციებს იმისთვის, რომ როლები და თანმდებობები გადაინაწილონ“, – ამბობს ის.

მეორე საეჭვო ფაქტი ჯანეზაშვილისთვის უშუალოდ მიქაუტაძის კვალიფიკაციაა.  ის საქართველოს უზენაეს სასამართლოში სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე იქნება. თუმცა ჯანეზაშვილი ამბობს, რომ მიქაუტაძის სამუშაო გამოცდილება არა საქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ სამართალს უკავშირდება.

„ეს ნიშნავს, რომ მიქაუტაძე მდივნობიდან წავიდა, მაგრამ რაღაც ტიპის გავლენა მაინც მისცეს, იმისთვის, რომ უკმაყოფილო არ დარჩეს და სტატუსი შეინარჩუნოს. რაც შეეხება ნადარაიასა და მიქაუტაძის ერთად წასვლას საბჭოდან, სწორედ ეს არის – ემზადებიან არჩევნებისთვის. სავარაუდოდ, ისინი იმ სცენარს უშვებენ, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ გაიმარჯვოს არჩევნებში და მომზადებულები რომ იყვნენ და მეტ-ნაკლებად ადვილად რომ შეძლონ მოსამართლეების მობილიზაცია“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ჯანეზაშვილი.

მისივე თქმით, კონფერენციაზე 4 წლის ვადით წევრების არჩევის შემდეგ  ე.წ. სასამართლო კლანს გარანტირებული ეყოლება ის კადრები სისტემაში, ვინც მათ მხარს უჭერს და ვისი იქ ყოფნაც მათთვის სასარგებლოა.

„ოცნების“ პირობებში კლანი იყო კომფორტულად და მას ჰქონდა მხარდაჭერა. თუ არჩევნების შემდეგ ბევრი რამ შეიცვლება, მაშინ [ე.წ. კლანს] გაუჭირდება მობილიზება მოსამართლეების, ამიტომ წინასწარ აკეთებენ ამას და თან, მომავალი 4 წელი გარანტირებულად ის კადრები ეყოლებათ სისტემაში”.

კონფერენციის დამთხვევას საპარლამენტო არჩევნების პერიოდთან გამოეხმაურა თავად გიორგი მიქაუტაძეც. მისი თქმით, იუსტიციის საბჭოს სხდომები თუ კონფერენციები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ისედაც დაემთხვევა.

“ჩვენ ნამდვილად ვერ ავეწყობით პოლიტიკური ხელისუფლების გრაფიკზე და ხელისუფლების სხვა შტოების, ასე ვთქვათ, გეგმებზე ვერ ვიქნებით დამოკიდებული. ჩვენ ჩვენი გეგმები, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს და სასამართლო სისტემას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ საბჭო წევრების და საბჭო მდივნის გარეშე ფუნქციონირებდეს. ამიტომ, ზუსტად მას შემდეგ, რაც მდივნის პოზიცია გახდა ვაკანტური, ჩაინიშნა მოსამართლეთა კონფერენცია“, – თქვა მიქაუტაძემ.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედგება 15 წევრისაგან. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ნახევარზე მეტს შეადგენენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა თვითმმართველობის ორგანოს მიერ არჩეული წევრები. იუსტიციის საბჭო სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელსაც, მაგალითად, პირველი და სააპელაციო ინსტანციების მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება შეუძლია და ა.შ. არასამთავრობო სექტორი ხშირად საუბრობს ე.წ. კლანის არსებობაზე სასამართლოს შიგნით, რომელიც მათ შორის ამ საბჭოს გავლით მართავს პროცესებს სისტემაში. მოსამართლეები კლანის არსებობას უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი