ახალი ამბები

რას ჰპირდება ამომრჩველს „პატრიოტთა ალიანსი“ | არჩევნები 2020

30 ოქტომბერი, 2020 • 2216
რას ჰპირდება ამომრჩველს „პატრიოტთა ალიანსი“ | არჩევნები 2020
  • ქვეყნის სამხედრო მიუმხრობლობა და პირდაპირი დიალოგი დე ფაქტო მთავრობებთან;
  • „აჭარის დაცვა“;
  • რეფერენდუმები მინისტრების/დეპუტატების გასათავისუფლებლად და კანონების გასაუქმებლად;
  • პენსიების გაორმაგება და სახელმწიფო კლინიკები თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში;

ეს არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  საარჩევნო დაპირებების მცირე ჩამონათვალი. „ნეტგაზეთი“ დაინტერესდა პარტიის პროგრამით — ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, როგორ აპირებს ეს პარტია დასახული ამოცანების შესრულებას, რა შედეგს მოიტანს ეს ამოცანები ამომრჩევლისთვის და რამდენად რეალისტურია ისინი.

„პატრიოტთა ალიანსის“ “დოსიე”

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ პოლიტიკურ პარტიად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა, თუმცა პარტიის ლიდერები თავიანთი პოლიტიკური აქტივობის დაწყების თარიღად გაცილებით ადრინდელ პერიოდს ასახელებენ: 2003 წელს, როდესაც დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ჟურნალისტთა კავშირი „ობიექტივი“ შექმნეს. ეს არხი დღემდე არსებობს და ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა პარტიის ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის.

მოგვიანებით იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ დაარსება — 2010 წელს — როდესაც ისინი, როგორც თავიანთ გაზეთში  წერენ,  „სააკაშვილის რეჟიმს“ დაუპირისპირდნენ. ენმ-ის და „ევროპული საქართველოს“ წინააღმდეგ ბრძოლა პარტიის ერთ-ერთი მიზანი ახლაცაა — 2019 წელს პარლამენტში შეიტანეს „სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის“ შესახებ რეზოლუცია. ამასთან, ირმა ინაშვილი ერთ-ერთი აქტიური ფიგურანტი იყო 2012 წლის ციხის კადრების გავრცელების საქმეში.

2016 წლის ოქტომბერში „პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტში 6 წევრის შეყვანა მოახერხა – ოფიციალური შედეგებით, მათ 5%-იან ზღვართან მიახლოებული რაოდენობის ხმები მიიღეს. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზეც არაერთ საკრებულოში შეიყვანეს დეპუტატები; 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მათ კანდიდატი არ დაუყენებიათ, მეორე ტურში კი „ოცნების“ მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა — ენმ-ის გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ.

"არა ნაც. მოძრაობას" - "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზე, ფოტო: ნეტგაზეთი/ნინო ბიძინაშვილი

პარტიის დაარსებისას ალიანსის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მათი მიზანი იყო „საქართველოში ჩამოყალიბდეს ჭეშმარიტად მემარჯვენე კონსერვატორული ძალა“, რომელიც შეძლებს „ლიბერალური ტენდენციების დამარცხებას საქართველოში, რომელიც დღეს ასე მრავლად არის როგორც მთავრობაში, ასევე ოპოზიციაში“. ამჟამად ალიანსი არაერთ „პოლიტიკურ კომპასზე“ მონიშნულია ეკონომიკურად შედარებით მარცხენა ფლაგნზე, — რაც სავარაუდოდ მათ ხედვას ეფუძნება, რომ სახელმწიფომ დიდი სოციალური ხარჯი გასწიოს, — კულტურულად კი, გაცილებით „კონსერვატიულ“, მარჯვენა ფლაგნზე, რაც ეფუძნება პარტიის რელიგიურ-ნაციონალისტურ, ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ პოლიტიკას.

2020 წლის არჩევნებს პარტიას ასეთი ფინანსური მდგომარეობა აქვს: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლო მონაცემებით, პირველი სექტემბრიდან  12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში „პატრიოტთა ალიანსმა“ 1.88 მლნ ლარი მიიღო შემოწირულობის სახით, საბიუჯეტო დაფინანსება კი- 148 ათასი ლარი, ანუ, ჯამში, მისმა შემოსავალმა 2.03 მლნ ლარი შეადგინა [შემოსავლებით ამ პერიოდში პარტია მე-5 ადგილზეა „ქართული ოცნების“ (10.3 მლნ), „ლელოს“ (2.59 მლნ), ენმ-ს (2.43 მლნ) და „სტრატეგია აღმაშენებლის“ (2.04 მლნ) შემდეგ. „პატრიოტებს“ მე-6 ადგილზე „ევროპული საქართველო“ მოსდევს 1.77 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ „პატრიოტებმა“ ამავე პერიოდში თითქმის 1 მლნ დახარჯეს რეკლამაში].

„პატრიოტთა ალიანსი“ განახლებული ბრალდებების ფონზე ხვდება 31 ოქტომბრის არჩევნებს — სულ რამდენიმე კვირის წინ რუსულმა საგამოძიებო ჟურნალისტურმა პლატფორმამ, „დოსიემ“ გაავრცელა ცნობები, რომ მოიპოვეს დოკუმენტები, რომლითაც დგინდება: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ კონსულტაციებს უწევენ რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირები, — ფირმა Politisecrets, — მათ საქმიანობაზე ანგარიშს კი რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებს აბარებენ.

ოპონენტებმა ეს ჟურნალისტური გამოძიება იმის დასტურად მოიყვანეს, რასაც წლებია, აცხადებენ — რომ პარტია რუსეთის სპეცსამსახურებთანაა დაკავშირებული. „ალიანსი“ რუსეთისგან დაფინანსებაზე ბრალდებებს — რაც გამოძიების დასკვნა არც ყოფილა, იქ მხოლოდ ბიუჯეტი იყო მითითებული, თუმცა ბიუჯეტის წყარო დაზუსტებული არ ყოფილა — უარყოფს და მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ სხვა უცხოურ კომპანიებთან ერთად, „ერთ რუსულ საკონსულტაციო ფირმასთანაც“ თანამშრომლობს, თუმცა ამ ფირმას არ ასახელებს.

[გირჩევთ ამ თემაზე დეტალურად: როგორ კურირებენ „პატრიოტთა ალიანსს“ წინასაარჩევნოდ რუსეთიდან – „დოსიე“]

„დოსიეს“ გამოძიებასთან ერთად, პარტია რთულ ვითარებაში ჩააყენა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის ხელის გაწოდების მცდელობამ:  შუა აგვისტოში „პატრიოტების“ ლიდერები, ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია სოხუმში ჩავიდნენ, ჩაიტანეს ხატი ილორის ტაძარში და შეხვდნენ დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას მრჩეველ ლაშა საქანიას. მათი საუბრის დეტალები უცნობია. 

ირმა ინაშვილი ხატთან, რომელიც ილორის ტაძარს გადასცა. 2020 წელი

ეს ცნობები თავდაპირველად აფხაზ ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაამ“ გაავრცელა, რაც საქანიამ თავიდან უარყო, თუმცა შემდეგ დაადასტურა და განაცხადა, რომ ეს ჰუმანიტარული ვიზიტი იყო და პოლიტიკური მოლაპარაკებები არ გამართულა. საბოლოოდ, აფხაზეთშიც უარყოფითი გამოხმაურების ფონზე, საქანიამ პოსტი დატოვა, ხატი კი მონასტრიდან უკან გამოგზავნეს.

სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგი „პატრიოტების“ პროგრამის ოფიციალური ნაწილიცაა — „ჩატეხილი ხიდების აღდგენის“ სახელით — და პარტია აქტიურად ლობირებს მას. ამ პროცესში პარტია რელიგიური სენტიმენტის გამოყენებასაც ცდილობს და პროგრამაში წერს: „გვწამს, რომ ღვთისმშობლის მადლითა და კურთხევით დაიწყება ქართველებისა და აფხაზების დიდი შერიგება“.

პირდაპირი დიალოგის „პატრიოტებისეულ“ ხედვას, —  რასაც თბილისში პოლიტიკოსებისა და ექსპერტების უმრავლესობა ხშირად აკრიტიკებს იმ არგუმენტით, რომ კონფლიქტიდან მოსკოვის როლს გამორიცხავს და აქედან გამომდინარე, მას მხოლოდ საშინაო ეთნიკურ კონფლიქტებად ტრანსფორმაციას უქადის — პირდაპირი კავშირი აქვს პარტიის საგარეო პოლიტიკის ხედვასთან:

„სამხედრო მიუმხრობლობა“ — ნატოს წინააღმდეგ

„პატრიოტთა ალიანსის“ პროგრამაში, — უფრო ზუსტად, გაზეთის 6 გვერდზე ჩამოწერილ ზოგად დებულებებში — დიდი ნაწილი ეთმობა „სამხედრო მიუმხრობლობის“ აგიტაციას. 

როგორც „ნეტგაზეთი“ არაერთგზის წერდა, ნეიტრალიტეტისა თუ სამხედრო მიუმხრობლობის თემები ხშირად აქტიურდება, როდესაც საარჩევნო პერიოდი დგება ხოლმე [ეს ცნებები ერთმანეთისგან მცირედით განსხვავდება: თუკი ნეიტრალიტეტი გულისხმობს მიუკერძოებლობის ვალდებულებას, მიუმხრობლობა მაინც უშვებს ერთი მეომარი მხარისთვის უპირატესობის მინიჭებას. ნეიტრალიტეტის მხარდამჭერია ნინო ბურჯანაძის პარტია].

პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, პროპორციული სიის მე-3 ნომერმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გოჩა თევდორაძემ გვითხრა, რომ პარტია ემხრობა ევროკავშირში საქართველოს სრულ ინტეგრაციას და წევრობას: „ევროკავშირშის გაწევრების რეალური შანსი აქვს ქვეყანას,  არის ასოცირებული წევრი, იმსახურებს კიდეც [სრულუფლებიან] წევრობას და ეს უნდა განხორციელდეს“. თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ „მიუმხრობლობაზე“ აქცენტის დასმით საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ამ გზაზე გადადმულ ნაბიჯებს ეწინააღმდეგება.

„პატრიოტები“ პროგრამაში იმაზე აკეთებენ აქცენტს, რომ „საქართველო თითქმის ორი ათეული წელია ცდილობს ნატოში გაწევრიანებას, თუმცა ამ მიმართულებით ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ“. იმავეს გვეუბება გოჩა თევდორაძე. არადა, ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის სიტყვებით რომ ვთქვათ, „არსებობს რაღაც სრულფასოვან წევრობასა და სულ არაფერს შორის“:

„მათ ჯერ არ მიუღიათ წევრობა, მაგრამ მივაღწიეთ მჭიდრო თანამშრომლობას… ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვთანამშრობლობთ და ვეხმარებით თავდაცვის და დაზვერვის სფეროების რეფორმირებასა და მოდერნიზებაში, რათა ისინი ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდნენ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა 2020 წლის სექტემბერში საქართველოზე საუბრისას.

„პატრიოტთა ალიანსს“ კი, პროგრამის თანახმად, მიაჩნია, რომ ამის [ნატოსთან დაახლოების] შედეგი ისაა, რომ „დავკარგეთ სოხუმი და ცხინვალი“. „ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, გულისხმობს თუ არა პარტია, რომ ნატოსთან ინტეგრაციის ბრალია ტერიტორიების ოკუპაცია, გოჩა თევდორაძე პასუხობს: „როცა ვამბობთ, რომ მივდივართ ნატოს წევრობისკენ, მაგრამ ვერ შევდივართ, ეს აღიზიანებს ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს, რომელიც არის თავიდათავი ამ ტერიტორიების დაკარგვის“.

„ნეტგაზეთმა“ თევდორაძეს მოლდოვის მაგალითი შეახსენა: ის უბლოკო სტატუსის მქონე ნეიტრალური სახელმწიფოა 1994 წლიდან, თუმცა ეს არ გამხდარა რუსული სამხედრო ბაზების დნესტრისპირეთიდან გაყვანისა და კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა. ისევე როგორც, 2010 წელს უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ უკრაინას ვერ აარიდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ომი აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენს მას ვკითხეთ, თუ რა აძლევს საფუძველს იფიქრონ, რომ მოლდოვა-უკრაინისგან განსხვავებული ვითარება შეიქმნება, რაზეც მან გვიპასუხა:

„უკრაინას უბლოკო სტატუსი აღარ აქვს და მაშინ სხვა რეალობა იყო. მოლდოვაში კი უკვე სატელევიზიო არხებით მიმდინარეობს დიალოგი [დე ფაქტო ხელისუფლებასთან] და წინსვლა არის ამ კუთხით “…

უკრაინის მთავრობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში, ვიქტორ იუშჩენკოს პრეზიდენტობისას, საქართველოს მსგავსად, ცდილობდა ნატოში სრულფასოვან ინტეგრაციას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას. თუმცა 2010 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობისას, კურსი შეიცვალა და ქვეყანამ “მიუმხრობელი ქვეყნის” სტატუსი მიიღო. ეს სტატუსი უკრაინაში 2014 წელს გაუქმდა. გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ხელისუფლებამ დაასახელა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირება და ამ ქვეყნის მონაწილეობა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე დაპირისპირებებში.

„ნეტგაზეთმა“ გოჩა თევდორაძეს ასევე ჰკითხა, რა გარანტია აქვთ, რუსეთის ფედერაციის რომელი განცხადება ან რაიმე სხვა მინიშნება აძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ თუ მეზობელი ქვეყნები, ამ შემთხვევაში საქართველო, აირჩევს ასეთ სტატუსს, მისი ტერიტორიული მთლიანობა აღდგება, რაზეც მან გვიპასუხა: „რომელ გარანტიებზე საუბრობთ, როცა დაკარგული გვაქვს ეს ტერიტორიები, როცა აფხაზეთში საქართველოზე სამამულო ომში გამარჯვების იუბილეს აღნიშნავენ, მტრულად თაობას ზრდიან. გარანტიას ვინ გაძლევთ?“…

რაც შეეხება უკრაინის მაგალითს: ეს მაგალითი პარტიას საარჩევნო პროგრამაშიც აქვს მოყვანილი, თუმცა, სხვა კონტექსტში და არაზუსტად. კერძოდ, პარტია წერს, რომ „უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე საუბარი თავად ნატოს ექსპერტებმაც დაიწყეს“. ამის მაგალითად პროგრამაში მოყვანილია — და „ნეტგაზეთთან“ საუბარში გოჩა თევდორაძეც ახსენებს — ორგანიზაცია Defence Priorities-ს. 

ამ ცენტრს მართლაც აქვს გამოქვეყნებული მოსაზრება უკრაინის ნეიტრალიტეტის შესახებ, და ამ სტატიის თანახმად, აშშ-ის პოლიტიკა რუსეთთან უკრაინის გამო კონფლიქტის მინიმიზაცია უნდა იყოს და უკრაინის ნეიტრალიტეტის „სიკეთეებზე“ მსჯელობს. ამავე ცენტრის ვებგვერდზე სხვადასხვა პუბლიკაცია ქვეყნდება საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებზე. უკრაინასთან დაკავშირებით ერთ-ერთ სხვა პუბლიკაციებში, მაგალითად, წერია, რომ უკრაინისთვის აშშ-ის მიერ „მომაკვდინებელი იარაღით დახმარებას“ რისკები ახლავს თან და „უკრაინა არ არის აშშ-ის მოკავშირე, დაშორებულია აშშ-ის სანაპიროებიდან და მცირე გეოპოლიტიკური მნიშვნელობა გააჩნია“.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ნატოს ექსპერტებმა“ დაიწყეს უკრაინისთვის ნეიტრალიტეტის პოლიტიკაზე საუბარი. საუბარია ერთ ორგანიზაციაზე, რომელიც 2016 წელს დაარსდა და ეწინააღმდეგება როგორც ამერიკის ისტებლიშმენტის ნეოკონსერვატორების, „ქორების“ ხედვას, ისე დემოკრატების ხედვას საგარეო პოლიტიკაზე. 

„ნეტგაზეთმა“ თევდორაძეს შეახსენა, რომ აშშ-ში გაცილებით დიდი რაოდენობით და გაცილებით გავლენიანი და რეპუტაციული  ანალიტიკური ცენტრები არსებობენ [Heritage Foundation, Atlantic Council], რომლებიც საწინააღმდეგოს ამბობენ, რაზეც მან გვიპასუხა: „რომლებიც ამბობენ, უკრაინა ნატოს წევრი იქნებაო?.. არსებობს, მაგრამ მე გითხარით, რომ ასეთი განსჯის თემაც არის“…

სპეკულაციები მე-5 მუხლზე

პარტია კიდევ უფრო შორს მიდის და ტერიტორიების დაკარგვის რისკის მაგალითად მოჰყავს „ჰერიტეჯის“ ფონდის ანალიტიკოსის, ლუკ კოფის ინიციატივა, რომლის თანახმადაც საქართვლო შესაძლოა ისე შევიდეს ალიანსში, რომ დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. „სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ ქართულ მიწებზე“? – კითხულობს პარტია.

გოჩა თევდორაძე ამბობს: „ამით პრაქტიკულად, პირდაპირ თუ ირიბად, ვაღიარებთ თუ არა ჩვენ მათ დამოუკიდებლობას? ჩავედით აფხაზეთში, ხატი ჩავაბარეთ ილორის ტაძარში და ეს ნიშნავს აღიარებას და ეს არ ნიშნავს?“

რეალურად, ეს ინიციატივა გულისხმობს საქართველოს გაწევრიანებას მისი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულად, თუმცა იმ დათქმით, რომ მე-5 მუხლი — რომლის თანახმადაც წევრების ტერიტორიაზე თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად და კოლექტიური თავდაცვის უფლება ირთვება — არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ნატოს ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ერთ-ერთ კონფერენციაზე ამ კონტექსტში  გერმანიის მაგალითიც მოიყვანა – დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი 1955 წელს გახდა. ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი ალიანსს აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში შეუერთდა.

“ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოშიც”, – დასძინა ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა.

ეს ინიციატივა, მართალია, მრავალი წელია, აქტიურად განიხილებ(ოდ)ა საექსპერტო წრეებსა თუ სამთავრობო კულუარებში, თუმცა ოფიციალურ დონეზე მსვლელობა არასოდეს მისცემია. 2020 წლის სექტემბერში კი ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ამ საკითხზე საუბარი სპეკულაციურია. „ნეტგაზეთმა“ გოჩა თევდორაძეს ჰკითხა ამის შესახებ, რაზეც მან გვიპასუხა: „დიახ, არც ყოფილა ოფიციალურად განხილვის საგანი, ამიტომ ტყუილად არ ვილაპარაკოთ ახლა“.

[ვრცლად: რატომ არ ნიშნავს ნატოში “გერმანული მოდელით” შესვლა უარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე]

გოჩა თევდორაძემ ასევე გვითხრა, რომ პარტია ემხრობა ნატოში გაწევრებას, უბრალოდ „ნატო არ გვიღებს“: „ჩვენ მომხრე ვართ ნატოში გაწევრების. ვიცით, რა არის ნატოს წევრობის სიკეთეები — მეტი თავდაცვისუნარიანობა, მეტი ეკონომიკა, მეტი განვითარება, პერსპექტივა ახალგაზრდებისთვის და ა.შ. მაგრამ რეალობა ის არის, რომ ჩვენ ნატოს წევრი ვერ ვხდებით. უახლოეს სამიტი რომ იქნება, მიგვიღონ ნატოს წევრად. თუნდაც აშშ-ისრაელს შორის რომაა ხელშეკრულება, ეგეთივე იყოს გაფორმებული აშშ-თან. მომხრე ვართ, მაგრამ არც ეს ხდება და არც მოხდება“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, მოხდება თუ არა ეს ავტომატურად, თუკი სახელმწიფო თვითონ არ გაუწევს ამ საკითხს აქტიურად ლობირებას და დღის წესრიგში არ დააყენებს, მან გვიპასუხა: „დღის წესრიგში დაყენებულია 20 წლია“…

ჩვენ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ასევე ვკითხეთ, ამბობენ თუ არა ნატოსთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარს — კერძოდ, შეწყვეტენ თუ არა იმ პროგრამებს, რაც საქართველოს ჯარს აძლიერებს, წვრთნებს და ა.შ., რაზე პასუხადაც მან თქვა: „ნატოს მისიებშიც უნდა მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე არ იყოს სამხედრო ბაზა. წვრთნები თუ ჩატარდა ჩვენი სამხედრო დანაყოფებისთვის, ჩვენი სარდლობის მიერ ტარდებოდეს, რაც ჩემი ქვეყნისთვის არ შექნის საფრთხეს… წვრთნების აკრძალვას [უცხო ქვეყნის სარდლობის მიერ] ვამბობთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, თორემ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, ვთქვათ, აშშ-ში ჩატარდეს, მივიღებთ მონაწილეობას“…

„დაიცავი აჭარა – თურქეთისგან“

„ალიანსის“ პროგრამაში დიდი ადგილი ეთმობა თურქეთის საკითხს.  „დაიცავი აჭარა“, – ასეთია „პატრიოტთა ალიანსის“  ერთ ერთი მოწოდება.

ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ: რატომ აირჩია „პატრიოტთა ალიანსმა“ სამიზნედ აჭარა

სოციალური პოლიტიკა

„ნეტგაზეთი“, პარტიის საგარეო ორიენტაციის გარდა, საშინაო საკითხებთან, მათ შორის სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკასთან, დაკავშირებულ დაპირებებსაც გაეცნო. თუმცა ასეთი დაპირებების შესახებ დასმულ დამაზუსტებელ კითხვებზე პარტიაში კონკრეტულ რიცხვებზე ვერ საუბრობენ.

მაგალითად, გოჩა თევდორაძემ ვერ დაგვიზუსტა, რამდენპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას/რეცესიას შეიძლება ელოდონ, მათი გაზრდილი სოციალური ხარჯი რამდენი იქნება სხვადასხვა პროგრამისთვის, ეს დამატებითი ხარჯი არსებული ბიუჯეტიდან კონკრეტულად რას გამოაკლდება, ან საიდან გაჩნდება აღნიშნული თანხა, ან კონკრეტულად რა გზით მიიღწევა ეკონომიკური ზრდა და ა.შ.

პარტიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირებაა მუნიციპალური ბინათმშენებლობა, რაზეც, პროგრამის თანახმად, ბიუჯეტის 4%-ის გამოყოფას გეგმავენ: „ბინები უნდა მიიღონ ისეთმა ოჯახებმა, რომლებიც თავის თავს ვერასდროს უზრუნველყოფენ, ასევე, ახალგაზრდა ოჯახებმა, რომლებსაც ბინის შეძენის არანაირი საშუალება არა აქვთ“. რომელ სექტორს გამოაკლებს პარტია ბიუჯეტიდან ამ 4%-ს, რაც ახალი ხარჯია? თევდორაძის თქმით:

„კი არ გამოაკლდება, მიზნობრივი ხარჯვა წავა, ოპტიმიზაცია მოხდება ბიუჯეტის. რას ჰქვია გამოაკლდება? სადღაც შეიძლება თანხნების გადათამაშება მოხდეს და ეს არის პარლამენტის საქმე, პარლამენტის განსახილველი, ამას მე და თქვენ დღეს ვერ განვიხილავთ. მაშინ ტრაფარეტულად უნდა გიპასუხო, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა და ა.შ“.

2020 წლის საქართველოს ბიუჯეტი დაახლოებით 16 მილიარდია. ამის 4 პროცენტი 640  მლნ ლარია. შედარებისთვის, 2018 წელს მთელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი იყო 690 მლნ ლარი, წელს 760 მლნ-ია.

პარტიის თანახმად, ისინი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში იღებენ ვალდებულებას, რომ იზრუნვებენ ხელმოკლე ოჯახებზე. კერძოდ:

  • ხელმოკლე ოჯახები უფასოდ უნდა ღებულობდნენ აუცილებელ საკვებ პროდუქტებს, წამლების დიდ ნაწილს, სეზონურ ტანსაცმელს;
  • უფასოდ უნდა სარგებლობდნენ ტრანსპორტით, სპეციალური, მათ შორის საქალაქთაშორისო ავტობუსებით ყოველ საათში“;
  • უნდა არსებობდეს უფასო სასადილოები სახლში მიტანის სერვისით; 
  • პარტია გეგმავს პენსიის მომატებას, — ისე, რომ საარსებო მინიმუმს ებმოდეს, თუმცა სხვა მეთოდოლოგიით დათვლილს, რადგან ახლანდელი მეთოდოლოგია რეალურ მონაცემს არ აღწერს.
    • „ნეტგაზეთის“ დამაზუსტებელ კითხვაზე გოჩა თევდორაძე ამბობს, რომ 400 ლარი მაინც უნდა იყოს პენსია;
    • ამასთან, საპენსიო ასაკი 10 წლით გადაიწევს;
    • ამასთან, პარტია უშვებს ნებაყოფლობით დაგროვებითი პენსიის სქემას, თუმცა აქცენტს სახელმწიფოსაზე აკეთებს;
  • პენსიენერებმა მედიკამენტები მიიღონ უფასოდ;
  • კერძო კლინიკებთან ერთად, უნდა გაჩნდეს მუნიციპალური სახელმწიფი კლინიკები — თბილისსა და 25 მუნიციპალიტეტში;

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, იმის ფონზე, რომ სოციალური ხარჯი ბიუჯეტს ისედაც მძიმედ აწევს, 3.74 მლრდ ლარი, საინტერესოა, საიდან მოაქვს სახელმწიფოს პენსიის გაორმაგებული თანხა, ან სხვა ინიცირებული პროგრამებისთვის საჭირო ფული, — რომლის ოდენობაც ასევე არ არის დასახელებული პროგრამაში, — მან გვიპასუხა: „რა თქმა უნდა, საინტერესოა… როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ციფრული ეკონომიკის განვითარებაზე, ამის ხარჯზე უნდა ხდებოდეს ბიუჯეტში შემოსავლების მატება“.

„ციფრული ეკონომიკა“

რამდენ ხანში მოიტანს პარტიის დასახული ცვლილებები იმ თანხას, რაც პროგრამებისთვის არის საჭირო? „ციფრული ეკონომიკის განვითარებამ შეიძლება 1 წელიწადში უკვე თავის შედეგები მოგვცეს და დაიწყოს ეს ზრდა“, – ამბობს გოჩა თევდორაძე. რას გულისხმობს ის „ციფრულ ეკონომიკაში“?

„სოფლის მეურნეობის პროდუქციას როცა აწარმოებ, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე როდესაც ზრუნავ, ჰექტრობით მიწის ნაკვეთები სჭირდება ამას, — საძოვრისთვის, მოსავლის მოსაყვანად და ა.შ… [ამის საპირწონედ] მაგალითად რომ აიღოთ Apple, ან Samsung, ტერიტორია დიდი შეიძლება არ მჭირდებოდეს, მაგრამ მილიონობით უშვებდეს მობილურ ტელეფონს და სხვა ტექნიკას და ეს არის ციფრული ეკონომიკა, თვითონ. ციფრული ეკონომიკაა ესეც. შეიძლება, მომსახურების სფეროშიც იყო, რომ ამ ნაწარმის რეალიზება ხდებოდეს, კომპიუტერული პროგრამების დაწერა და ა.შ.“

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, ჰყავს თუ არა საქართველოს მუშახელი, რომელსაც საამისო კვალიფიკაცია აქვს, ან თუ არ ჰყავს, როგორ იზრუნებს ამ კვალიფიკაციის გაჩენაზე პარტია: „მუშახელზე კი არ არის საქმე … პარალელურ რეჟიმში ჩვენ ვამბობთ, რომ განათლების სისტემაშია საჭირო ცვლილებები. ვგეგმავთ სტუდენტების გაგზავნას სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“.

„ნეტგაზეთმა“ მას ჰკითხა, რამდენპროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ჰპირდებიან ამომრჩეველს შემდეგი 4 წლის განმავლობაში: „პირველ რიგში, ეს ვარდნა უნდა შევაჩეროთ“, – გვითხრა მან და „ნეტგაზეთის“ ამ კითხვას „რიტორიკული“ უწოდა, რის შემდეგაც ჩვენ მოვუყვანეთ სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის პროგნოზები, რომლის თანახმადაც, 2020 წელს 5 ან 6%-იანი რეცესიაა ქვეყანაში მოსალოდნელი.

ამის შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გვიპასუხა, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები „იმაზეა დამოკიდებული, რა ძალით და რა რიცხოვნობით ვიქნებით წარმოდგენილი ქვეყნის მართვაში, ამიტომ ამაზე ვიმსჯელოთ 31 ოქტომბრის შემდეგ“.

„ნეტგაზეთმა“ მას უთხრა, რომ „ციფრულ ეკონომიკაზე“ პარტიისეულ ხედვა არათუ დეტალიზებული, არამედ საეთოდ არაა ნახსენები პარტიის პროგრამაში, რაზეც თქვა: „ეს ამ წუთში ძნელად აღსაქმელია საზოგადოების ძალიან ფართო მასებისთვის. განა, ყველასთვის?! გეგმის, პრინციპების სახით არის ეს და ამაზე ბევრს ვსაუბრობთ“…

რეფერენდუმის უწყება

ერთ-ერთი, სხვა პარტიებისგან გამორჩეული დაპირება, რაც „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს, რეფერენდუმებს უკავშირდება: პარტია აცხადებს, რომ შექმნიან „რეფერენდუმის უწყებას“: „ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი თანამდებობის პირის გადაყენება, იქნება ეს პრეზიდენტი, იქნება ეს პრემიერი თუ, უბრალოდ, მინისტრი, მერი თუ გამგებელი. ხალხს უნდა შეეძლოს ნებისმიერი უვარგისი კანონის გაუქმება, საზიანო გადაწყვეტილებების შეცვლა“. სწორედ ამ მიზნით ქმნიან „რეფერენდუმის უწყებას“, რომელსაც დაევალება რეფერენდუმების ჩატარება მოთხოვნისთანავე, „დაუყოვნებლივ“, „თუ გარკვეული რაოდენობის ხალხი მიმართავს“.

ახლანდელი კონსტიტუციით, რეფერენდუმს პრეზიდენტი ნიშნავს 200 000+ ამომრჩევლის მოთხოვნით, თუმცა 52-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება რეფერენდუმის ჩატარება კანონის მისაღებად ან გასაუქმებლად. ამაზე პასუხად თევდორაძემ გვითხრა, რომ „კანონებზე ეს [„რეფერენდუმის უწყების“ უფლებამოსილება] არც ვრცელდება“, თუმცა მას შემდეგ, რაც მოვუტანეთ ციტატა პროგრამიდან, გვითხრა:

„კანონის შეცვლა რომ გინდა, ამისთვის ხომ არსებობს მექანიზმი. კონსტიტუციაში შეგვაქვს ცვლილება, — საინიციატივო ჯგუფს, თუ 200 000 ხელმოწერას მივიტანთ, ერთ დეპუტატს და ა.შ.. ანუ დღესაც გვაქვს ეს“. მისი თქმით, ამ ინიციატივის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ თანამდებობის პირების გადაყენება იყოს რეფერენდუმით შესაძლებელი“.

ამ ინიციატივის გატანას, სავარაუდოდ, საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლი, 113 ხმა, დასჭირდება. „ალიანსმა“ წინა არჩევნებში 5% აიღო და 6 დეპუტატი შეიყვანა. რამდენი პროცენტის აღებას ვარაუდობს ახლა პარტია და რამდენად რეალურია ამ ინიციატივის გატანა?

გოჩა თევდორაძე ამბობს: „ჩვენ გამოვაქვეყნეთ გამოკითხვის შედეგები და ვთქვით, რომ ვართ პირველ ადგილზე. რას ველოდებით და როგორ, ამას 31 ოქტომბერი აჩვენებს“. ირმა ინაშვილმა 20 ოქტომბერს ფეისბუკ მიმართვაში განაცხადა, რომ 300 000 ადამიანის არჩევანის თანახმად, I ადგილზე მათი პარტიაა 22.8%-ით, II-ზე- „ოცნება“ 15.4%-ით და მე-3-ზე- ენმ 2.5%-ით. ის კვლევები, რომელთა მეთოდოლოგია/ჩატარების სქემა მეტნაკლებად მაინც საჯაროა, რადიკალურად განსხვავებულ სურათს უჩვენებენ.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, თუკი ვერ მიიღეს საჭირო ხმების რაოდენობა, ვისგან ელოდებიან მხარდაჭერას, განაცხადა: „არ მქონდა ახლაც სამყოფი ხმა და „ქართული ოცნება“, რომელიც მოვიდა იმის ძახილით, რომ სამართლიანობა უნდა აღვადგინო ქვეყანაშიო, ამ ხელისუფლებას რეზოლუციის პროექტი შევუტანე, რომელიც არ მიიღო, და დღეს გამოდის მისი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და გვეუბნება, დანაშაულებრივი ძალაა ნაცმოძრაობა, რომლის აკრძალვაა საჭიროო“…

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რას გულისხმობს, — ელოდებიან თუ არა „ოცნებისგან“ მხარდაჭერას, გვიპასუხა: „რა შუაშია „ოცნებისგან“… „ოცნება“ არის პირველი გადასაყენებელი ობიექტი, მმართველობიდან უნდა ჩამოვაცილოთ „ოცნება“ და ჩვენ ავიღოთ“.

სასამართლოს დეპოლიტიზაცია – როგორ?

წინასაარჩევნო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი პარტიებში სასამართლოს რეფორმაა. არაერთი პარტია შეუერთდა ოპოზიციურ შეთანხმებას ამ მიმართულებით, — რასაც, თავის მხრივ, არასამთავრობო ორგნიზაციებიც აკრიტიკებენ. თუმცა „პატრიოტთა ალიანსი“ არცერთ ამ შეთანხმებას, მათ შორის არც სასამართლოზე, არ უერთდება. სასამართლო რეფორმაზე არც პროგრამაშია საუბარი.

როგორც გოჩა თევდორაძე „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში ამბობს, პარტია ემხრობა სასამართლოს სისტემის დეპოლიტიზაციას: „ოღონდ ახლა ზოგიერთი საუბრობს სხვა ქვეყნის მოსამართლეების ჩანაცვლებაზე, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ რადიკალურად სხვა მიდგომა არის საჭირო“.

„ნეტგაზეთის“ კითხვაზე, უშუალოდ როგორ, რა ნაბიჯების გადადგმა სჭირდება სისტემის დეპოლიტიზაციას, ის ამბოს: „პირველ რიგში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მისი არჩევის და დაკომპლექტების წესი უნდა შევცვალოთ მთლიანად; ასევე, უვადო მოსამართლეობის მომხრეები არა ვართ; ამასთან, ეს სისტემა პარლამენტს უნდა ებმოდეს, წესით, პარლამენტთან ანგარიშვალდებულება უნდა იყოს უფრო მაღალი. ახლა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან დამორჩილებით ვიღებთ ისეთ სასამართლოს, რომ არჩევნები რომ მაქვს წინ, საჩივარი რომ დავწერო, იმასაც აზრი არ აქვს, რადგან საქმისწარმოება ჩერდება და ასეთი საჩივარი დაკმაყოფილებული არავის უნახავს. ეს იმიტომ, რომ სასამართლო წნეხის ქვეშ არის“…

სასამართლოს საკითხზე ოპოზიციის შეთანხმების და არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვების შესახებ ვრცლად წაიკითხეთ აქ:

როგორ ხედავს ოპოზიცია მომავალ სასამართლოს

მასალების გადაბეჭდვის წესი