ნატოს გენერალური მდივან იენს სტოლტენბერგის მოსაზრებით, სპეკულაციურია იმაზე საუბარი, რომლის მიხედვითაც, საქართველო ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრება შესაძლებელია ისე, რომ მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ გავრცელდეს ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ნორვეგიული ანალიტიკური ცენტრის, CIVITA-ს ორგანიზებულ ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა. ონლაინ სესიის მაყურებლებს ნატოს გენერალური მდივნისთვის შეეძლოთ, კითხვები დაესვათ ტვიტერისა და ფეისბუკის საშუალებით. მას საქართველოსთან დაკავშირებით კითხვა ნორვეგიაში მცხოვრებმა დავით ბაციაშვილმა დაუსვა.
კითხვა ეხებოდა ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის 2019 წელს გასაჯაროებულ იდეას, რომელიც გულისხმობს საქართველოს ნატოში ე.წ. გერმანული მოდელით გაწევრებას.
აღნიშნული მოდელის მიხედვით, ალიანსის დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-5 მუხლი (რომელიც წევრ სახელმწიფოზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიურ თავდაცვას გულისხმობს), შესაძლოა არ გავრცელდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ნატომ თავიდან აირიდოს კონლიქტში ჩართვა უკვე ოკუპირებული ტერიტორიების მიზეზით.
ნატოს მოქმედ გენერალურ მდივანს ჰკითხეს, საქართველოსთან დაკავშირებით არის თუ არა გამოსავალი ეს მოდელი, რაზეც სტოლტენბერგმა უპასუხა:
“ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოსთან და საქართველო ნატოსთვის ძალზედ ახლო პარტნიორია. ჩვენ ვატარებთ წვრთნებს, ვთანამშრობლობთ და ვეხმარებით თავდაცვის და დაზვერვის სფეროების რეფორმირებასა და მოდერნიზებაში, რათა ისინი ნატოს სტანდარტებს შეესაბამებოდნენ და წევრობას კიდევ უფრო დაუახლოვდნენ. თუმცა ჩვენ არასდროს გვითქვამს კონკრეტული საქართველოს ნატოში გაწევრების კონკრეტული თარიღი.
მნიშვნელოვნად მიმაჩნია გავითვალისწინოთ, რომ არსებობს რაღაც სრულფასოვან წევრობასა და სულ არაფერს შორის. მათ ჯერ არ მიუღიათ წევრობა, მაგრამ მივაღწიეთ მჭიდრო თანამშრომლობას. დღეს არის მეტი ნატო საქართველოში, ვიდრე ოდესმე და საქართველოს დიდი წვლილი შეაქვს ნატოს მუშაობაში.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველო გახდეს წევრი ისე, რომ მე-5 პუნქტი არ შეეხოს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ტერიტორიებს, რომელთაც საქართველო ვერ აკონტროლებს, მიმაჩნია, რომ არასწორია სპეკულირება იმაზე, თუ რა მოდელი უნდა გამოვიყენოთ. არამედ, უნდა დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს მათ მიზანში, რომ მიაღწიონ ნატოს სტანდარტებს და შეძლონ სრულფასოვანი წევრობა.”
აპატურაი: არარეალისტურია საქართველოს ნატოში გაწევრება მეხუთე მუხლის ნაწილობრივ მოქმედებით