შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მედიაში გავრცელებული კადრები, სადაც ჩანს, რომ “საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ბადრი ესებუა ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდება, 6 ოქტომბერს არის გადაღებული და არა 27 ოქტომბერს.
“21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის – ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ რამდენიმე ტელევიზიის მიერ საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია. ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს, ასევე, გასაჯაროებული მასალა გადაღებულია სამეგრელოს რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში, როგორც ეს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტრო ამავე განცხადებაში აღნიშნავს, რომ ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
დღეს, 29 ოქტომბერს, სხვადასხვა მედიაში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული პირი, ბადრი ესებუა ქალაქში თავისუფლად გადაადგილდება. მედიასაშუალებების ცნობით, აღნიშნული მასალა მათ საგამოძიებო უწყებიდან ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
კადრების გავრცელებიდან ცოტა ხანში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ბრალდებულის მამამ, ტარიელ ესებუამაც. მან ჟურნალისტებს წარუდგინა ის ტანსაცმელი, რომელიც მის შვილს ვიდეომასალაში აცვია და განაცხადა, რომ შეუძლებელია ეს ტანსაცმელი მის შვილს 2 დღის წინ სცმოდა.
ზუგდიდში, “საქართველოს ბანკის” შენობაში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები, მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.
თანხის გადაცემის შედეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან ერთად, რომელთა შორის იყო სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა, ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის, ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო. არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ თავდამსხმელი იდენტიფიცირებული იყო და მისი ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. 26 ოქტომებრს კი იდენტიფიცირებული პირის ვინაობა დაასახელა. სამინისტროს ინფორმაციით, ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.








