ახალი ამბები

ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

26 ოქტომბერი, 2020 • 1295
ზუგდიდში ბანკზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად გადაკვალიფიცირდა

21 ოქტომბერს ზუგდიდში, “საქართველოს ბანკზე” თავდასხმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტერორისტული აქტად გადააკვალიფიცირა. ამის შესახებ შსს-ს მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს, 26 ოქტომბერს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბორცვაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით, რაც ტერორისტული აქტს, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

თავდაპირველად შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება.

ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ასევე დაასახელა ბანკზე თავდამსხმელი პირის ვინაობაც. მისი თქმით, ის ბადრი ესებუაა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მომხდარი თავდასხმის ბრალდებით ბადრი ესებუას ეძებდნენ, “მთავარმა არხმა” 25 ოქტომბერს გაავრცელა. ამის გამო ტელეარხი გააკრიტიკა შს მინისტრის მოადგილემ


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.  არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი