ახალი ამბები

ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენტიფიცირებულია – შსს

25 ოქტომბერი, 2020 • 1776
ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელი პირი იდენტიფიცირებულია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 21 ოქტომბერს, ზუგდიდში ბანკზე თავმდასხმელი პირი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ განცხადება სამინისტრომ დღეს, 25 ოქტომბერს გაავრცელა.

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენტიფიცირებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებსა და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროთი მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს”, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მიზნით სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. აღნიშნული მუხლები გულისხმობს ყაჩაღობას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას და მძევლად ხელში ჩაგდებას იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ ორგანიზაცია ან პირი, შეასრულოს ან არ შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება.


21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში ნიღბიანი და შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი მოქალაქეები. მათი გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა.

თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა 3 მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად ბანკის შენობა დატოვა. რამდენიმე საათის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყველა მძევალი, მათ შორის ავთანდილ გალდავაც, გათავისუფლებული იყო.  არცერთ მათგანს დაზიანებები არ აღენიშნებოდა და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი