ახალი ამბები

კვიპროსის ეკლესიამ ფაქტობრივად აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

24 ოქტომბერი, 2020 • 1563
კვიპროსის ეკლესიამ ფაქტობრივად აღიარა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

კვიპროსის ეკლესიამ ფაქტობრივად აღიარა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია და თავად უკრაინის ეკლესია იუწყებიან მას შემდეგ, რაც კვიპროსის ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოს II-მ პაფოსის ერთ-ერთ მონასტერში სასულიერო პირის ხელდასმისას დიპტიხში მოიხსენია უკრაინის ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე.

ცნობა BBC-ის უკრაინულ ბიუროს კონსტანტინოპოლშიც დაუდასტურეს. კვიპროსის ეკლესიის ამ ნაბიჯს წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი სტამბოლში, კონსტანტინოპოლის პატრიარქთან. სწორედ კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ გადასცა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის ტომოსი 2019 წელს.

მართლმადიდებლურ სამყაროში ერთი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის მიერ მეორე ეკლესიის მეთაურის მოხსენიება ამ უკანასკნელის ავტოკეფალიის აღიარებას ნიშნავს. კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდს მსგავსი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, ეკლესიის მეთაურს, ჩვეულებრივ, აქვს უფლება, დამოუკიდებლად აღიაროს ესა თუ ის ეკლესია.

BBC-ის უკრაინული ბიუროს თანახმად, ლიტურგიის დროს ქრიზოსტომოს II-ს სინოდის სხვა წევრებიც ახლდნენ, რაც შეიძლება ნიშნავდეს მათ თანხმობას ეკლესიის მეთაურის გადაწყვეტილებაზე.

უკრაინის ახალი, ერთიანი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა 2018 წლის 15 დეკემბერს, უკრაინის დედაქალაქ კიევში, წმინდა სოფიას ტაძარში ჩატარებულ გაერთიანებულ კრებაზე გამოცხადდა. ამავე დღეს აირჩიეს წინამძღოლად მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი ამჟამინდელი ტიტულია მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა.

ამ დრომდე, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარებული ჰქონდათ ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოს, ასევე, ელადისა(საბერძნეთის) ეკლესიას. რუსეთმა, რომელიც თავშივე ეწინააღმდეგებოდა უკრაინის ავტოკეფალიის იდეას, ევქარისტული კავშირი ორივე მათგანის მეთაურებთან გაწყვიტა. მანამდე, მან კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელმაც უკრაინის ეკლესიას ტომოსი გადასცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი