ახალი ამბები

ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი დაიძრა

12 მარტი, 2024 •
ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი დაიძრა

ლარნაკის პორტიდან ღაზის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული პირველი გემი გავიდა. როგორც CNN წერს, დაახლოებით 200 ტონა საკვებ პროდუქტებს ღაზის სექტორში არაკომერციული ორგანიზაცია World Central Kitchen აგზავნის.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რამდენიმეკვირიანი მზადების შემდეგ ღაზის სექტორში დახმარება არაბთა გაერთიანებული საამიროების, კვიპროსისა და ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გაგზავნეს. იმისათვის, რომ ტვირთმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწიოს, CNN-ის თქმით, საზღვაო კორიდორის უზრუნველყოფაში ჩართული არიან კვიპროსი, ევროკომისია, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და დიდი ბრიტანეთი.

რაც შეეხება ტვირთს, გამოცემა წერს, რომ პროდუქტებს შორის, რომელიც ღაზაში იგზავნება, არის ბრინჯი, ფქვილი, ლობიო, ოსპი და დაკონსერვებული ხორცეული. CNN აღნიშნავს, რომ ტვირთის გადაცემა საზღვაო გზით იგეგმება და ამისათვის ღაზის სანაპიროზე დროებითი ნავმისადგომი მოეწყობა.

ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების საზღვაო გზით შესატანად დროებითი პორტის მშენებლობას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატებიც. შესაბამისი აღჭურვილობა აშშ-მა კვირას, 10 მარტს გაგზავნა, თუმცა, პენტაგონის თანახმად, აშშ-ს საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 60 დღემდე დასჭირდება.

7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ თავდასხმისა და მშვიდობიანი მოქალაქეების განურჩეველი მკვლელობის შემდეგ, ისრაელმა სამხედრო ოპერაცია დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1400-მდე ისრაელელი ემსხვერპლა, ღაზის მიმართულებით გატაცებულად მიიჩნევა 132 ადამიანი. ისრაელი დღემდე აგრძელებს ღაზის სექტორის დაბომბვასა და სახმელეთო ოპერაციას, რასაც ასევე ეწირებიან მშვიდობიანი მოქალაქეები.

გაერო სექტორში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას კატასტროფულად მიიჩნევს. ასეთივე შეფასებები აქვთ ადგილზე მომუშავე ჰუმანიტარულ და უფლებადაცვით ორგანიზაციებს. „ჰამასის“ კონტროლირებადი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ღაზაში 30 ათასამდე ადამიანია დაღუპული, მათგან 12 ათასზე მეტი ბავშვია.

ამასთან, გაეროს ცნობით, ღაზის სექტორში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ჰუმანიტარული კატასტროფის პირისპირაა, ორგანიზაციის ცნობით, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ხელი არ მიუწვდება საკმარის საკვებსა და სასმელ წყალზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი