ახალი ამბები

ჩემი ღრმა რწმენით, მზად იყო, გაესროლა – მძევალი თავდამსხმელზე [ინტერვიუ]

22 ოქტომბერი, 2020 • 2169
ჩემი ღრმა რწმენით, მზად იყო, გაესროლა – მძევალი თავდამსხმელზე [ინტერვიუ]

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ინტერვიუს გუშინ ზუგდიდში, ბანკზე თავდასხმისას აყვანილ ერთ-ერთ მძევალთან. ირაკლი კვარაცხელია ის მძევალია, რომლის საშუალებითაც გამტაცებელი ტელევიზიებში რეკავდა და მოთხოვნებს აყენებდა. კვარაცხელია საღამოს 11 საათამდე ცოტა ხნით ადრე გათავისუფლდა, — მას შემდეგ, რაც შენობაში შსს-ს წარმომადგენელი შევიდა.

ირაკლი, შეგიძლიათ, თავიდან გვიამბოთ, როგორ განვითარდა მოვლენები თქვენი გადმოსახედიდან?

ვიყავი ბანკში მისული ჩვეულებრივად, საბანკო ბარათის ასაღებად, რომელიც გასულ კვირას შევუკვეთე. მივედი, ავიღე რიგის ნომერი, ჩავდექი რიგში და ველოდებოდი ჩემს რიგს, როცა გავიგონე გასროლის ხმა. შემოვარდა ადამიანი, შეიარაღებული, ხელში ეჭირა ავტომატი და მეორე ხელში ხელყუმბარა, რომელსაც შემოსვლისთანავე მოხსნა დამცავი და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში.

ამ დროს ბანკის დაცვა სად იდგა?

დაცვა შიგნით საერთოდ არ მინახავს, სიმართლე გითხრათ. შეიძლება გარეთ, შემოსასვლელთან იყო ვინმე, თუმცა მე არ შემინიშნავს. ერთადერთი, პოლიციელი იდგა გარეთ, კიბეებთან, როცა ეს ადამიანი უკვე შიგნით შემოვარდა, მას მერე. რაღაც მომენტში მიბრუნდა და დაუძახა ამ პოლიციელს, რომ ისიც შემოსულიყო შიგნით, თუმცა ამ პოლიციელმა თავი აარიდა, გარეთ დარჩა და შიგნით აღარ შემოსულა.

ამის მერე მან ფეხი ჩაარტყა [ბანკში მაგიდაზე სარკეს], მაგიდები დაამტვრია.

შემდეგ გარეთ დაინახა ფანჯრიდან, რომ ვიღაცა უღებდა და მისი მიმართულებით გაისროლა.

ავტომატიდან?

კი, ავტომატიდან ისროლა ორი ტყვია მისი მიმართულებით. თუმცა მერე, როცა კონტაქტში შევედით მასთან, — 7 საათის განმავლობაში, ბუნებრივია, რაღაცა კონტაქტი დამყარდა, — რომელიღაცა მძევალმა ჰკითხა, ხომ არ დაშავდა ის ადამიანი, რომელსაც ესროლა. მაგრამ მან თქვა, რომ ისე არ უსვრია, რომ დაშავებულიყო.

მასთან კომუნიკაციაზეც გკითხავთ, თუმცა მანამდე შეგიძლიათ, შენობა აღგვიწეროთ?

სამსართულიანია და ვერანდა აქვს. მეოთხე სართულიც აქვს, რეალურად. ორი პატარა ოთახი აქვს, თუ არ ვცდები. ყველა სართულზე აგვიყვანა და შემდეგ შეარჩია მესამე სართული.

კადრებში ჩანდა, რომ ხალხი რაღაც მომენტში გარეთ გამოდიოდა. ეგ როგორ მოახერხეს? მათ ვერ აკონტროლებდა?

რამდენიმესართულიანი შენობა რომ არის, როცა შემოირბინა და გაისროლა, წივილ-კივილი ატყდა შიგნით, პირველ სართულზე. რამდენიმე ადამიანმა, შემოვარდნის მომენტში, ჯერ კიდევ შემოსვლამდე, გარეთ როცა გაისროლა, მაგ მომენტში მოასწრო არბენა მეორე სართულზე და შემდეგ მეოთხეზე, სადაც ვერანდა იყო.

ოღონდ ამ ვერანდას კეტავდა კარი, რომელიც მხოლოდ საშვის საშუალებით იხსნებოდა. და შემდეგ უკვე ამ კარის გამოყენება შეუძლებელი იყო. ის ხალხი რომ გავიდა, მერე უკვე ჩაიკეტა ეს კარი.

შემდეგ რა მოხდა?

როგორც კი შეარჩია ადგილი, სადაც გაგვაჩერებდა, ერთ-ერთ მძევალს უთხრა, რომ დაერეკა 112-ში. ვისაც ჰკითხა, ტელეფონი თუ გაქვთო, მაგ ადამიანმა ამოიღო ტელეფონი და მას უთხრა, 112-ში დარეკეო. ხმამაღალზე ჩაართვევინა და ესმოდა, ის [ოპერატორი] რას პასუხობდა და მერე თვითონ მძევალს კარნახობდა, რა უნდა ეთქვა პასუხად.

რას კარნახობდა?

ითხოვდა მომლაპარაკებლის მოსვლას.

თვითონ ტელეფონი თუ ჰქონდა?

არა, არ შემიმჩნევია.

„ლაივით“ კომუნიკაციის გარდა,  იყო კავშირზე ვინმესთან?

არა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის შესამჩნევად არა. ფაქტობრივად, გამორიცხულია. ჩვენ არ გვტოვებდა არცერთი წამით.

არცერთი წამით არ დაუტოვებიხართ? გვერდით ოთახში გასვლის საშუალება არ მოუცია?

რამდენიმე საათის შემდეგ, როდესაც უკვე ძალიან გაჭირდა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გამო ერთ ოთახში ყოფნა, დაგვრთო ნება, რომ თითო ადამიანი გასულიყო საპირფარეშოში.

ულტიმატუმის ვადა რომ ამოიწურა, მერე რა გააკეთა?

მერე მითხრა, რომ ისევ დამერეკა „მთავარ არხთან“, თან იარაღი დამიმიზნა. ავტომატი. მე უარი ვუთხარი, თუ აპირებდა, რომ ვადის ამოწურვის გამო პირდაპირ ეთერში ჩემთვის ესროლა, მერჩივნა, რომ ისე ესროლა, რომ არ დავრეკავდი. მაგრამ მითხრა, რომ სროლას არ აპირებდა, მისი მიზანი მხოლოდ ფულის მიღება იყო. ამის შემდეგ დავრეკე და ეგ იყო ის ჩართვა, ყველაზე ემოციური ჩართვა იყო.

ხედავდა, რომ რაღაც მობილიზება ხდებოდა სპეცრაზმელების და შტურმით შემოსვლას აპირებდნენ. რეალურად, ჩემი აზრით, მართლა ფიქრობდნენ სამართალდამცავები, რაც იქნებოდა სრული კატასტროფა, ყველანი დავიხოცებოდით, იმიტომ, რომ ხელში მომართული ყუმბარა ეჭირა.

სანამ სამხარეოს წარმომადგენელი შევიდოდა, მანამდე როგორ განვითარდა მოვლენები? პოლიციასთან მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობდა?

ძალიან დაძაბულად. იმიტომ, რომ მომლაპარაკებელი [სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა], ჩემი გადმოსახეხიდან, იყო ძალიან კარგად მომზადებული და მაქსიმალურად გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება, უღრმეს მადლობას ვუხდი ამ ადამიანს.

მთელი მოალაპარკების პროცესის განმავლობაში დრო მაქსიმალრად გაწელა და ამ დროის გაწელვის პარალელურად მუდმივად ითხოვდა რამდენიმე მძევლის გათავისუფლებას, რასაც მიაღწია კიდეც. ამ დათმობებზე წამოვიდა მძარცველი და გაათავისუფლა რამდენიმე ადამიანი. თავიდან იმ ოთახში ვიყავით 20 და შემდეგ, უკვე ბოლო მომენტში ვიყავით 12-13.

ეს მოლაპარაბები ვისი ტელეფონით მიდიოდა?

ერთ-ერთი მძევლის. 112-ზე რომ დარეკა ერთხელ, შემდეგ ამ ნომერზე პირადად ავთანდილ გალდავა დაუკავშირდა. და პირადად გალდავას ნომერზე რეკავდა შემდეგ.

როცა გალდავა შემოვიდა, ფულიც შემოიტანა?

კი, ჩანთა გადასცა.

რაც დასახელდა 500 000, მაგის მერე კიდევ მოითხოვა დამატებით თანხა?

არა, არ შეუცვლია მოთხოვნები.

დაითვალა გადაცემული თანხა?

ჩანთიდან ამოაღებინა და ნახა, რომ 5 შეკვრა იყო.

უშუალოდ ბანკიდან თუ აიღო თანხა?

არა, არ აუღია. ბანკში რომ შემოვიდა, მენეჯერი მოითხოვა და რადგან არავინ პასუხისმგებელი პირებიდან ადგილზე აღარ იყო, რადგან, როგორც ჩანს, გასვლა მოახერხეს, მას არც უცდია, ბანკიდან რამე თანხა აეღო.

კომუნიკაცია რომ ახსენეთ, რა ხდებდა, როგორ დაამყარეთ კომუნიკაცია შიგნით?

ისედაც, 7 საათის განმავლობაში ერთ ოთახში რომ სხედხართ ადამიანთან, ასეთ გაჭირვებაში როცა ხარ და შეიძლება შენი ცხოვრების ბოლო საათია, ისედაც ცდილობ, რომ უფრო მეტი გაიგო შენთან ერთად მყოფ ადამიანებზე და ვცდილობდით, მასზეც გაგვეგო, ერთმანეთზეც გაგვეგო, ერთმანეთს ვეკითხებოდით, ვის რა სიტუაცია ჰქონდა, რატომ იყო ბანკში. და თვითონაც რაღაც დონეზე შემოვიდა კომუნიკაციაში.

მაგალითად, რა თქვა?

მაგალითად, ერთ-ერთმა თქვა, რომ გუშინ ჰქონდა ქორწილი, ახალი გათხოვილი იყო და მანქანის გასაფორმებლად სჭირდებოდა თანხა, რის ასაღებადაც მოვიდა ბანკში. და ამაზე რაღაცა გაიხუმრა, ზუსტად არ მახსოვს.

ვიღაცებმა, ვინც რაღაცებს მოყვნენ, ვინც ცდილობდა, რომ საუბარში გადაეტანა ეს თავისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ეს ხალხი უფრო ყვებოდა და მაგათ პასუხობდა.

მე, მაგალითად, მითხრა… ლაივი ჩაართვევინა და ტელევიზორს უყურებდა. და იყო ინფორმაცია იმის შესახებ, ჩემზე რასაც ლაპარაკობდა „იმედი“, — რომ მერიაში ვმუშაობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვიყავი და რაღაცა ამ ამბავთან გარევის მცდელობა იყო, სრულიად ამორალური და უმძიმესი. ასეთ სიტუაციაში რომ ხარ და კიდევ ასეთ რაღაცას რომ უყურებ, სახელმწიფო რასაც გიკეთებს, არის სრული კატასტროფა.

მოკლედ, ჩამეკითხა თვითონ, მართლა მერიის თანამშრომელი იყავიო? დავუდასტურე, რომ ადრე ვიყავი მერიის თანამშრომელი. მერე მკითხა, წინა მთავრობის დროს თუ ვიყავი და ვუთხარი, რომ კი და აუ, შენ ძმაო, დაგერხაო, მაგარ შარში ხარო.

თუ არ ვცდები, ერთ-ერთმა მძევალმა დაწერა, „ხაჭაპურიც გვაჭამაო“. ეგ ამბავი როგორ იყო?

არა, ეგ ამბავი ასე იყო: მძევალთაგან ერთ-ერთს ჰქონდა ხაჭაპური. ნებართვა ითხოვა, ამოვიღებო და შემდეგ მისი ნებართვით ამოიღო. და მანაც მიირთვა.

მაგრამ თვითონ საჭმელი არ შემოუტანია?

არა, საჭმელი არა, მაგრამ მოჰქონდა თავისი წყალი, ნახევარლიტრიანი ბოთლით. კარგად მომზადებული იყო.

წყლისა და ავტომატის გარდა, კიდევ რა ჰქონდა?

პისტოლეტი ცალკე ჰქონდა, ავტომატი ცალკე ჰქონდა. ასევე, მჭიდი სათადარიგო.

„ლიმონკა“ სულ გახსნილი ჰქონდა?

კი, მუდმივად. საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა. ხელი დაეღალა, ხელიდან ხელში გადაჰქონდა. მერე უფრო ჩქარ-ჩქარა დაიწყო ხელიდან ხელში გადატანა, რაზეც მერე ვთხოვე, იქნებ ის დამჭერი, „კალცო“ გაეკეთებინა დროებით და ხელი დაესვენებინა.

რა გიპასუხათ?

თავიდან თქვა, რომ არ ახსოვდა, სად დააგდო. მე ვუთხარი, რომ ზუსტად მახსოვდა, სადაც მოხსნა და სადაც დააგდო, მაგრამ ეს იყო პირველ სართულზე და პირველ სართულზე უკვე აღარ გამიშვა.

მაგ დროს ნერვიულობდა, თუ უბრალოდ ხელი ეღლებოდა?

ხელი ეღლებოდა. მერე როგორც სპეციალისტებმაც თქვეს, შეუძლებელია ერთ ხელში 7 საათი ამის დაჭერა.

რაიმე გეგმებზე ლაპარაკობდა?

არა.

აი, მაგალითად, რაში დახარჯავდა მაგ ფულს?

არა, არა, ერთი სიტყვითაც ეგეთი რამე არ უხსენებია.

ქართულად ლაპარაკობდა თუ მეგრულად?

ძირითადად ქართულად ლაპარაკობდა, მაგრამ ჩვენ კომუნიკაციაში შევედით მეგრულადაც, რაზეც გამოგვეხმაურა მეგრულად.

აქცენტისთვის ხომ არ მიგიქცევიათ ყურადღება? სადაური შეიძლება ყოფილიყო.

მაინცდამაინც მეგრული აქცენტი ჰქონდა-თქო, მოგატყუებთ. მეგრული აქცენტი, როგორც ასეთი, არ ჰქონდა. თუმცა მეგრული იცოდა.

თვითონ მშვიდად იყო?

აღელვება არ ეტყობოდა საერთოდ, არცერთი წამით. ერთადერთი, აღელდა მაშინ, როცა ულტიმატუმის ვადა გავიდა და მასთან კონტაქტზეც არავინ არ გამოვიდა. მაგრამ მაშინ იყო, რომ ის ჩართვა გამაკეთებინა [„მთავარ არხზე“] და შემდეგ იყო უკვე, რომ გამოვიდნენ კონტაქტზე…

თქვენი აზრით, მუქარას შეასრულებდა?

კი… ამის ვარაუდის საფუძველს მაძლევს ის, რომ საქმე ჰქონდა გასაკეთებელი და ამ საქმის გასაკეთებლად მკვლელობაზე წავიდოდა. ეგეთ რაღაცაზე რომ წამოვიდა ადამიანი, ასე მარტო, ხელყუმბარით ხელში, ჩემი ღრმა რწმენით, მზად იყო, რომ გაესროლა კიდეც.

ამ საუბრებში რამე თქვა თავის თავზე?

არა, აბსოლუტურად არაფერი.

სახე სულ დაფარული ჰქონდა?

დიახ, და თვალის შემოგარენიც, რაც ჭრილიდან ჩანს, ეგეც შეღებილი ჰქონდა.

ხმას არ იფარავდა?

არა, ხმას არ იფარავდა…

ამოცნობას ხმით, აღნაგობით, მოახერხებთ?

არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მივამსგავსებ ყოველ შემთხვევაში.

თქვენი დაკითხვა როგორ წარიმართა?

საკმაოდ დიდი ხანი გრძელდებოდა, 11 საათზე მივედით და 5-ის ნახევარზე გამოვედით.

პარტიულ კუთვნილებაზე გკითხეს?

ერთი ბოლო ნახევარი საათი სრულიად დაეთმო იმას, თუ რატომ მივედი ბანკში და რა მინდოდა იქ. საბედნიეროდ, ყველაფერი დეტალურად მახსოვდა და აღვწერე და მქონდა რიგის ნომერიც, ნერვიულობაში ჯიბეში ჩამიდია და ეგეც ჩავაბარე. სხვა მეტი ისეთი არაფერი.

რამდენიმე ტელევიზიაში, როგორც ახსენეთ, თქვენს პარტიულ მიკუთვნებულობას გაესვა ხაზი, იგივე ხდებოდა ფეისბუკზეც. ამ პროცესს როგორ შეაფასებდით?

მაგაზე მარტივად შემიძლია ვთქვა, რომ თუნდაც მხოლოდ ამიტომ, რომ ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ერთი სული მაქვს, როდის მორჩება ასეთი სიბინძურე, რაც გუშინ ჩემ მიმართ ტრიალებდა. ასეთი გაუგონარი რაღაცა, არ ვიცი, თუ მსოფლიოში სადმე ოდესმე მომხდარიყო…


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბრის დილის 5 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გამტაცებელი კი, რომელსაც ერთ-ერთი მძევლის თანახმად, პოლიციელებმა თანხა გადასცეს, ჯერ არ დაუკავებიათ. დეტალებისთვის გირჩევთ წაიკითხოთ:

მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი