ახალი ამბები

მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე

22 ოქტომბერი, 2020 • 3049
მძევლები გათავისუფლდნენ – რა ვიცით ამ დროისთვის გამტაცებელზე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 ოქტომბრის დილის 5 საათისთვის ოფიციალურად დაადასტურა, რომ ზუგდიდში თავდამსხმელის მიერ გატაცებული ყველა მოქალაქე გათავისუფლდა, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, გამტაცებელი, კი, რომელსაც ერთ-ერთი მძევლის თანახმად პოლიციელებმა თანხა გადასცეს, ჯერ არ დაუკავებიათ.

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ განვითარებული მოვლენების მოკლე შეჯამებას 22 ოქტომბრის დილის 09:00 საათის მდგომარეობით:

ბანკში შეჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საქართველოს ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება მათთან დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა.

ამ დროს ბანკის შენობაში იმყოფებოდნენ როგორც თანამშრომლები, ისე მოქალაქეები — ათობით ადამიანი. თვითმხილველთა თანახმად, გაისმა სროლის ხმაც.

ადგილზე მალევე მივიდნენ სამართალდამცავები, პერიმეტრი შემოსაზღვრეს და შენობიდან ადამიანების გამოყვანა დაიწყეს. არაერთი მოქალაქე გამოიყვანეს კიდეც სახანძრო კიბით.

როგორც მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, ჯამში, თავდამსხმელს 43 მოქალაქე ჰყავდა მძევლად აყვანილი.

ზარები ტელევიზიებში და მოთხოვნები

დაახლოებით 16:00 საათისთვის „მთავარ არხს“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო მოქალაქე — მძევალი — რომელიც იმ დროს და შემდეგი რამდენიმე საათის განმავლობაში ბანკში იმყოფებოდა. ამ დროისთვის, მისი თქმით, ბანკში 19 მძევალი იყო (მისი ჩათვლით).

მძევალმა თავისი თავი წარადგინა, როგორც ირაკლი კვარაცხელია. მისი მონათხრობიდან გაირკვა, რომ თავდამსხმელის დავალებით რეკავდა. კვარაცხელიას თქმით, გამტაცებელი „კბილებამდე შეიარაღებული“ იყო, კერძოდ, ჰქონდა ავტომატი, პისტოლეტი და ხელყუმბარა.

„ყუმბარას მოხსნილი აქვს ყუმბარაზე დამცველი და ხელში უჭირავს მუდმივად“, – თქვა მან. პირდაპირ ეთერში მოგვიანებით გაისმა, როგორ კარნახობდა მოთხოვნებს თავდამსხმელი. კვარაცხელიას გადაღებულ კადრებში თავდამსხმელიც გამოჩნდა — ჯარის ფორმაში გამოწყობილი პირი, რომელიც სახეს ფარავდა.

თავდამსხმელმა მძევლის პირით, პირდაპირი ეთერის საშუალებით შეუთვალა სამართალდამცავებს, რომ:

  • ითხოვდა 500 000 აშშ დოლარს;
  • ითხოვდა, რომ სამართალდამცავები მოშორებულიყვნენ შენობას და არ ჩარეულიყვნენ;
  • ითხოვდა, უსაფრთხოების გარანტია მიეცათ, რათა იქიდან უსაფრთხოდ გასულიყო;

მოლაპარაკებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო „რთულსა და ხანგრძლივს“ უწოდებს გამტაცებელთან მოლაპარაკებებს. მოლაპარაკებებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის უფროსი, ავთანდილ გალდავა აწარმოებდა.

თანდათანობით თავდამსხმელმა მძევლების ნაწილი გამოუშვა ბანკის შენობიდან. 23:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე თავდამსხელმა ბანკის შენობა დატოვა სამ მძევალთან და ავთანდილ გალდავასთან ერთად.

იმ წუთებში ერთ-ერთმა მძევალმა, ირაკლი კვარაცხელიამ,— რომელიც მედიას გამტაცებლის დავალებით ეკონტაქტებოდა — ფეისბუკზე დაწერა, რომ პოლიციის წარმომადგენელმა მძარცველს ფული მიუტანა.

„სამი კაცის გარდა ყველანი გამოგვიშვეს. პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა და მძარცველთან ერთად დატოვებენ შენობას რამდენიმე წუთში“, – დაწერა მან.

აქედან სულ ცოტა ხანში გავრცელებულ კადრში ჩანდა მარჯვენა ხელაწეული თავდამსხმელი, რომელსაც ბანკის შენობის დატოვებისას, სავარაუდოდ, ყუმბარა ეჭირა გახსნილ მდგომარეობაში.

ყველა მძევალი გათავისუფლებულია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დილის 5 საათისთვის გამოაცხადა, რომ სწორედ „ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა“ და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. „კარგად ვარ, მძევლები კარგად არიან“, – უთხრა გალდავამ ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ დაუზუსტებია, თუ საით წავიდა გამტაცებელი და სად გამოუშვა მძევლები, ასევე ის, თუ რა თანხა გადასცეს მძარცველს. როგორც „რუსთავი 2“ იუწყება, ეს ჩხოროწყუს სოფელ კირცხის ტყეში მოხდა, შემდეგ კი გამტაცებელი გაიქცა.

უწყებამ გამოძიება ყაჩაღობის, მძევლად აყვანის და იარაღის შეძენის მუხლებით დაიწყო. როგორც შსს-ს პრესცენტრი იუწყება, „სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს დამნაშავის დაკავების მიზნით“ და დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებენ.

„არ შემოვუშვებთ“ – აფხაზური მხარე

ზუგდიდში მომხდარს გამოეხმაურნენ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალების, „სპუტნიკის“ თანახმად, მათ აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სასაზღვრო განყოფილების უფროსმა, რუსტამ ლაპიტოვმა განუცხადა, რომ მათ არა აქვთ ინფორმაცია, რომ გამტაცებელი მძევლებთან ერთად აფხაზეთისკენ მიდიოდა.

ამასთან, მისი თქმით, ენგურის გამშვები პუნქტი 19:00-დან 07:00 საათამდე დაკეტილია და მისი გადაკვეთა არავის შეუძლია. ეს კომენტარები 01:25 საათზე გავრცელდა.

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინ ფილიამ განაცხადა, რომ „თავდამსხმელი ვერ შეძლებს აფხაზეთის საზღვრის გადალახვას“. ამის შემდეგ აფხაზურ მხარეს კომენტარები არ გაუკეთებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი