ახალი ამბები

არ ვიცით უტყუარად, რა მოხდა – ბოკერია სერგო თეთრაძის საქმეზე

20 ოქტომბერი, 2020 • 1995
არ ვიცით უტყუარად, რა მოხდა – ბოკერია სერგო თეთრაძის საქმეზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით „ჩვენ არ ვიცით უტყუარად, რა მოხდა“.

20 ოქტომბერს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როდის გაიგეს სერგო თეთრაძის ამბავი, უპასუხა: „სერგო თეთრაძის ამბავი და ეს ბრალდებები გავიგეთ ხელისუფლებაში ყოფნის დროს“.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, თუ როდის გაიგეს, რომ სერგო თეთრაძე ციხეში აწამეს და შემდეგ მოკლეს, უპასუხა: „არა, ჩვენ არ ვიცით უტყუარად, განსხვავებით გირგვლიანის საქმისგან, რა მოხდა. ეს არის თქვენი მტკიცება“.

„მე არანაირ დასკვნას არ ვაკეთებ ამ საქმეზე, ოღონდ გირგვლიანის საქმესთან პარალელის გატარება ნებისმიერი სხვა ამ ტიპის საქმისა არის არაკორექტული გირგვლიანის ტრაგედიის მიმართ“, – განაცხადა ბოკერიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „სერგო თეთრაძე ციხეში არ უწამებიათ“, უპასუხა: „არ ვიცი, მე ვერ დავადებ ვერავის ხელს, თქვენგან განსხვავებით“.

„თქვენ იხმარეთ კონკრეტული ფრაზა, მისი მკვლელობა და წამებაო, და მე გითხარით, რომ ამაზე არავის მინდა ხელი დავადო, იმიტომ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები იყო ამ საქმეზე ამ ხელისუფლების“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ამის შემდეგ მას ჟურნალისტმა მოუტანა ციტატა მაშინდელი სახალხო დამცველის, გიორგი ტუღუშის ანგარიშიდან: „წლის პირველ ნახევარში გარდაცვლილი პატიმრების 30%-ს, 23 პატიმარს, ჰქონდა სხეულის დაზიანებები, სისხნაჟღენთები, ნაჭდევები მკვრივი ბალგვი საგნის ზემოქმედებით, ზოგს- ჭრილობები და მოტეხილობები, მათ შორის, ნეკნების მოტეხილობები“; უთხრა, რომ სერგო თეთრაძეზე ცალკე ჩანაწერი არსებობდა და ჰკითხა, ეცნობოდნენ თუ არა ამ საკითხებს, რაზეც ბოკერიამ უპასუხა:

„რა თქმა უნდა, ვეცნობოდით, იყო დისკუსიაც მწვავე ამაზე… სწორედ რომ არ იყო საკმარისი რეაგირება ამ პრობლემებზე იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს იყო სახალხო დამველად წარდგენილი და დანიშნული, რომელთანაც მე მეგობრული ურთიერთობა მაქვს ახლა და რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია, — ეს იყო ერთ-ერთი პრობლემა“…


თადარიგის ოფიცერი, ომის ვეტერანი და ყოფილი მზვერავი, 57 წლის სერგო თეთრაძე, თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 2011 წლის 17 სექტემბერს დააკავეს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა [ამ დროს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას ბაჩო ახალაია იკავებდა]. სერგო თეთრაძის ოჯახს დაკავებიდან 6 დღეში, 2011 წლის 23 სექტემბერს, ღამით აცნობეს, რომ პატიმარი გლდანის საპყრობილეში გულის შეტევით გარდაიცვალა.

თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე 2011 წლის სექტემბერში დაიწყო გამოძიება, რომელიც შეწყდა 2011 წლის 31 დეკემბერს მისი „გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით დანაშაულის არარსებობის“ მოტივით.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის 14 ნოემბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააუქმა თეთრაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შეწყვეტის დადგენილება და განაახლა გამოძიება.

პროკურატურის ინფორმაციით, „პატიმრობაში ყოფნის 4 დღის განმავლობაში სამხედრო პოლიციისა და სასჯელაღსრულების დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირებისა და მოხელეების, ასევე მათი დავალებით სხვა პატიმრების მონაწილეობით, სერგო თეთრაძე აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით არაერთხელ ცემეს სასტიკად, აწამეს, შეულახეს ღირსება, რის შედეგადაც სერგო თეთრაძე ძალადობის განხორციელების პროცესში გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკამრისობით“.

2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ თეთრაძის საქმეში დამნაშავედ ცნო ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და მისი მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი.

თეთრაძის საქმეზე ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმაც ძალაში დატოვა

სერგო თეთრაძის წამების ეპიზოდში სასამართლომ მეგის ქარდავა გაამართლა

მასალების გადაბეჭდვის წესი