თეთრაძის საქმეზე ახალიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უზენაესმაც ძალაში დატოვა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, 2019 წლის 5 ივლისის განჩინებით, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2018 წლის 14 ნოემბერს და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 24 აპრილს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენები, რომლის თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია დამნაშავედ არის ცნობილი სერგო თეთრაძის წამების და სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების ეპიზოდებში, დავით ლონდარიძის წამების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბის და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში თანამონაწილეობის ეპიზოდებში.

უზენაესმა სასამართლომ, ასევე, ძალაში დატოვა გამამტყუნებელი განაჩენი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის მიმართ, რომელიც დამნაშავედ ცნეს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დახმარების და სამსახურებრივი სიყალბის ეპიზოდში.

პროკურატურის მიერ წარდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, 2011 წლის სექტემბერში თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა ახალაიამ, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოპოვების მიზნით, ორგანიზება გაუწია და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს დაავალა უდანაშაულო მოქალაქეთა დაკავება და აღიარებითი ჩვენებების მიღება მათი წამების გზით, თითქოსდა ისინი სჩადიოდნენ რუსეთის სასარგებლოდ “ჯაშუშობას”. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, ამ ინფორმაციას ბაჩანა ახალაია გაავრცელებდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. ჯაშუშური ჯგუფი.

2011 წლის სექტემბერში სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს შეიარაღებული ძალების ვიცეპოლკოვნიკი დავით ლონდარიძე, მასთან ერთად ე.წ. „ჯაშუშობაში მხილებული“, თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე და კიდევ ორი პირი. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, სხვა პირებთან ერთად, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, მრავალი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ დაკავებულ პირებს იმ მიზნით, რათა მათგან მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ისინი სჩადიოდნენ ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ:

დაკავებულმა სერგო თეთრაძემ, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ერთად ორგანიზება გაუწია სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. კერძოდ, 2011 წლის 23 სექტემბერს №8 საპყრობილის საკანში არატრადიციული ორიენტაციის პატიმრებმა სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა, რასაც ადგილზე ხელმძღვანელობდა №8 საპყრობილის დირექტორი. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონსმოუსვლელად”.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი გეგმისთვის სამართლებრივი ნიადაგის შესაქმნელად, თავდაცვის მინისტრმა ძველი რიცხვით დანიშნა მისივე ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლებული გამომძიებლები, რათა მათ ეწარმოებინათ საგამოძიებო მოქმედებები:

გარდა ამისა, 2011 წლის სექტემბერში, „ჯაშუშობის“ ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობისას, თავდაცვის სამინისტროდან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა 60 000 ლარი, ხოლო მოგვიანებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით ძველი რიცხვით შეიქმნა ყალბი დოკუმენტები, სადაც დაფიქსირდა, რომ თითქოს ეს თანხა – 60 000 ლარი კონფიდენტებზე, ე.წ ჯაშუშებზე ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ გაიცა. სინამდვილეში, დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხა არ გამოყენებულა სამსახურებრივი მიზნებისთვის და მართლსაწინააღმდეგოდ იქნა მითვისებული”.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მსჯავრდებულად ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” და “ზ“ ქვეპუნქტებით; 25,138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ”, “გ” და “ზ” ქვეპუნქტებით; 1441-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა”, “ბ”, “ე” და “ზ” ქვეპუნქტებით; 332-ე მუხლის  მე-2  ნაწილით; 341-ე მუხლით და 25, 182-ე მუხლის მე-“3” ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით.

საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად ბაჩანა ახალაიას განესაზღვრა 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის აქტით შეუმცირდა და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 3 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.