ახალი ამბები

გამოიყენებენ თუ არა მონოკლონურ ანტისხეულებს საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ

19 ოქტომბერი, 2020 • 2125
გამოიყენებენ თუ არა მონოკლონურ ანტისხეულებს საქართველოში კოვიდის წინააღმდეგ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლებთან, მონოკლონური ანტისხეულების პრინციპით მკურნალობის ჩართვაზე კლინიკურ კვლევაში. ამის შესხაებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მონოკლონური ანტისხეულების პრინციპით კოვიდზე მკურნალობის მეთოდი კლინიკური კველვების ფაზაშია. მისივე განამარტებით, ეს მეთოდი არ შექმნილა უშუალოდ კორონავირუსთან საბრძოლველად, არამედ ის გამოიყენება სიმსივნური, რევმატოიდული ართრიტის და სხვა დაავადებების სამკურანლოდ.

“ეს არის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური მიდგომა, რომელიც ასევე გამოყენებული იქნა კოვიდთან მიმართებაში. გასაგებია, რომ გარკვეული აჟიოტაჟი მან მას შემდეგ გამოიწვია, რაც ის გამოიყენეს პრეზიდენტ ტრამპის სამკურანლოდ. ამიტომ ის არის ამ ეტაპზე კლინიკური კვლევების ფაზაში”, – განმარტა გამყრელიძემ.

მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი, რომელსაც ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, “ამ ტიპის კვლევებში მოთავეა”, საქართველო კი განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც შესაძლოა დაიწყოს მონოკლონურ ანტისხეულებზე დამყარებული მკურნალობა. გამყრელიძის თქმით, ამ მოლაპარაკებებს თენგიზ ცერცვაძე და მისი ჯგუფი ხელმძღვანელობენ.

“ჩემი ინფორმაციით, საქართველოს კარგი ურთიერთობა აქვს ბატონ ფაუჩის ინსტიტუტთან, რომელიც მოთავე ინსტიტუტია ამ ტიპის კვლევებში… საქართველო განიხილება ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც ეს შეიძლება დაიწყოს. ამაზე მოლაპრაკებები მიმდინარეობს და ამას ბატონი თენგიზი და მისი ჯგუფი უძღვება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ 6 ოქტომბერს ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდის წინააღმდეგ უკვე შექმნილია მონოკლონური ანტისხეულები, რომელთა გამოცდაც დაიწყო აშშ-სა და „რამდენიმე წამყვან ქვეყანაში“, ხოლო წამყვანი ამერიკელი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის რეკომენდაციით, „საქართველოს მიეცა საშუალება, რომ კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებში ყოფილიყო“.

„ახლა ტრენინგები მიმდინარეობს გამოყენების შესახებ და ორ-სამ კვირაში მოგვაწვდიან“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა.

ცერცვაძემ განმარტა, რომ მონოკლონური ანტისხეულები სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება: „ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე [ვირუსზე] და ანადგურებს მას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი