ახალი ამბები

ვის არ აწყობს არჩევნების გადადება

16 ოქტომბერი, 2020 • 1428
ვის არ აწყობს არჩევნების გადადება

“არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს”, – განაცხადა პრემიერმა გიორგი გახარიამ 15 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ანტირეკორდებს ხსნის და იმ დღეს, მაგალითად, 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხელისუფლება არჩევნების გადადებას არ განიხილავს. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნების გადადებას არც ოპოზიცია ითხოვს იმის მიუხედავად, რომ ეპიდემიის ამ მასშტაბით გავრცელების ფონზე, დღითიდღე მცირდება ამომრჩევლის აქტიურობის შანსები.

ცესკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები კლინიკებიდან, კოვიდსასტუმროებიდან და სახლებიდან. მზარდი ციფრების ფონზე უცნობი რჩება კოვიდინფიცირებული პირების ახლო კონტაქტების რაოდენობა – მათ ზუსტ ოდენობას რომელიმე სახელმწიფო უწყებაში ვერ გეტყვიან. პასუხგაუცემელია ამ ეტაპზე კითხვა – როგორ მისცემენ თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხმას.

„…მაინტერესებს პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების განცხადება, რამდენად უსაფრთხოა ადამიანების ჯანმრთელობისთვის ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ არჩევნების დღეს, ამომრჩევლების საარჩევნო უბნებზე მისვლის გარდა, უამრავ ადამიანს უწევს დახურულ სივრცეში თითქმის 24 საათის განმავლობაში ყოფნა“, – წერდა დღეს ფეისბუქში ელენე ნიჟარაძე, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი.

ელენე ნიჟარაძე თვლის, რომ კონკრეტულმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა განმარტონ, არსებული ეპიდსიტუაციის პირობებში, რამდენად უსაფრთხოა არჩევნების ჩატარება.

„გასათვალისწინებელია, რომ ზოგიერთ უბანზე საკმაოდ პატარა სივრცეა და იქ უნდა გაატაროს ათობით ადამიანმა დაახლოებით 24 საათი… რაოდენობა მკვეთრად იზრდება, ორი კვირაა დაახლოებით არჩევნებამდე დარჩენილი, ხვალ და ზეგ რომ იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ ეს რისკები დღითიდღე მატულობს“, – ამბობს ელენე ნიჟარაძე.

იურისტი განმარტავს, რომ არჩევნების გადადება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი – ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობას აცხადებს და მის დასრულებამდე არჩევნების თარიღი არ ცხადდება.

„თუმცა ამ საკითხზე არ საუბრობს არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია, შეხვედრებიდან ასე ჩანს“, – დასძინა „ბათუმელებთან“ ელენე ნიჟარაძემ.

ცესკოს სამუშაო ჯგუფი უკვე მუშაობს იმაზე, თუ როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კოვიდინფიცირებულები, ასევე, მათთან დაკავშირებული კონტაქტები. თუმცა, მაგალითად, დღეს სამ უწყებაში – შინაგან საქმეთა სამინისტროში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრში- ვერ გვითხრეს, რამდენი ასეთი პირია ქვეყანაში და რომელი უწყება ითვლის ამ კონტაქტების რაოდენობას.

კოვიდინფიცირებული პირის კონტაქტირებული პირი დიდი ალბათობით 112-ს აწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა თავადაც იყოს ინფიცირებული. 112-ის პრესცენტრში დაგვიდასტურეს, რომ ეს ასეა, თუმცა ისინი არ აგროვებენ მონაცემებს და ამას ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს. ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ ეს 112-ის საქმეა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის პრესცენტრში კი გვიპასუხეს, რომ მონაცემები აქვთ, მაგრამ ამას ვერ მოგვაწვდიან.

დღის ბოლოს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას ვკითხეთ კოვიდკონტაქტების რაოდენობის შესახებ.

„…რამდენიმე ათასობით ასეთი პირია, 10-15 ათასამდე მერყეობს, აჭარაში, ბუნებრივია, ეს მაღალია“, – ზუსტი მონაცემი ვერ გვითხრა თამარ გაბუნიამ. თუმცა განმარტა, რომ „ახლო კონტაქტების მიდევნებაზე“ მუშაობს რამდენიმე უწყება, მათ შორის, შსს და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეპიდემიოლოგებთან ერთად.

„კონტაქტების მონიტორინგისთვის ჩვენ დამატებითი ბერკეტის ამოქმედებას ვგეგმავთ, თუმცა ეს დაახლოებთ ორ კვირაში იქნება“, – დასძინა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როცა არჩევნებზე მისვლით დაავადების გავრცელების რისკიც იმატებს და ამომრჩეველთა პასიურობის მიზეზიც, რატომ არ საუბრობს პოლიტიკური ოპოზიცია არჩევნების გადადებაზე?

„ზუსტად იმიტომ, რომ მერე ისევ ოპოზიციისკენ არ გამოიშვირონ ხელი, სრულად ანდობს პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების მიღებას, რადგან არჩევნების კანონიერად და სამართლიანად ჩატარება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – ამბობს თამარ კორძაია, „რესპუბლიკელები“-„გაერთიანებული ოპოზიციის“ საპარლამენტო სიის წევრი. თამარ კორძაიას აზრით, ამ ვითარებაში მმართველი პოლიტიკური ძალის მოგების შანსი იმატებს.

„დიდი რისკია, რომ მოქალაქეები არ და ვერ მივიდნენ არჩევნებზე, ხოლო ჩვენ, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, უხერხულ მდგომარეობაში ვართ, რთულია ამ დროს ვინმეს მიმართო არჩევნებზე მოვიდეს… „ქართულ ოცნებას“ კი ყოველთვის აქვს რესურსი, თავისი ამომრჩეველი გამოიყვანოს და ეს ყოველდღიურად დასტურდება. ჩვენ ვხედავთ არათუ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არამედ პირდაპირ მოსყიდვაზე არიან გადასულები… ხელისუფლება ახლაც მუშაობს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზება მოახდინოს“, – ამბობს თამარ კორძაია.

თამარ კორძაია თვლის, რომ ამ სიტუაციაში, როცა სახელმწიფო არ ამბობს, ზუსტად რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში, მმართველი პოლიტიკური ძალის ხელში ციფრებით მანიპულაციის შანსებიც იზრდება.

„ცესკო საუბრობს სპეცუბნების მოწყობაზე იქ, სადაც კოვიდკლინიკებია და კოვიდსასტუმროები, მაგრამ არავინ იცის, შევა თუ არა იქ დამკვირვებელი, მედიის წარმომადგენელი, ან თუ შევა, როგორ იქნება იქ უსაფრთხოება დაცული… საუბარია გადასატან ყუთებზეც მათთვის, ვინც იზოლაციაშია. შესაძლოა, ბევრი ადამიანი შეიყვანონ გადასატანი ყუთის სიაში, მაგრამ დროში დაგვითვალონ, როგორ მოასწრებს ერთი კომისია წესების დაცვით ამდენ ადამიანთან ადგილზე მისვლას?“,- კითხულობს თამარ კორძაია.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი ორ მიზეზს ასახელებს, რის გამოც პოლიტიკური ოპოზიცია, მისი შეფასებით, ამ თემაზე დუმილს ამჯობინებს: პასუხისმგებლობა და დამატებითი ფინანსები, რაც გადადებულ არჩევნებს დასჭირდება.

„…ოპოზიციამ ვერ და არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, არჩევნები გადაიდოს თუ არა, რადგან ეს ძალიან დიდი ფინანსური დარტყმაა… მინიმუმ, რაც ხელისუფლებას ევალება, ესაა ის, რომ ზუსტი სტატისტიკა გვითხრას, საკარანტინო სივრცეში რამდენია და თვითიზოლაციაში რამდენი ადამიანი იმყოფება. როცა ამას ვერ გვეუბნება, ეს ნიშნავს იმას, რომ არჩევნების დღისთვის ის იტოვებს მანიპულაციის მძლავრ ბერკეტს. ჩემი აზრით, არ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა ოპოზიციამ, როცა მინიმუმ სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობს რეგიონებთან დაკავშირებით. როდესაც ზუსტი მონაცემები დაიდება, შემდეგ შეიძლება დასაბუთებული პოზიცია ვთქვათ…“ ,– გვითხრა თამარ კორძაიამ.

„ოპოზიციას დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, ხელისუფლება კი თვლის, რომ არჩევნების დროულად ჩატარებით რეალობის ნაწილობრივ გადაფარვას შეძლებს“, – ასეთია კორნელი კაკაჩიას დასკვნა, როცა ის ეპიდსიტუაციის პარალელურად პოლიტიკურ ელიტას აკვირდება. კორნელი კაკაჩია „პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელია. პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ ვითარებაში, როცა ადამიანებისთვის ზოგჯერ კლინიკებში ადგილიც არ არსებობს, რთულია, მამაცობა და არჩევნებზე მისვლა მოსთხოვო.

„ხელისუფლებამ გაზაფხულისთვის რომ გადადოს არჩევნები, სერიოზული რისკია, რომ მათ ეს რეიტინგი ვერ შეინარჩუნონ, რაც აქვთ… გაზაფხულამდე პანდემია სერიოზულად აისახება ადამიანების ჯიბეებზე, დიდი შანსია, რომ გაუარესდეს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და თითქმის გარანტირებული ხდება ხელისუფლების წაგება. ამიტომაც, ხელისუფლება თითქოს არ იმჩნევს ამას. ჯერ ამბობდნენ, რომ კარგი მენეჯერები ვართო, მაგრამ შემდეგ, როცა გაექცათ სიტუაცია, მიხვდნენ, რომ ეს რიტორიკა აღარ გამოადგებათ… ახლა „ქართული ოცნება“ ცდილობს ნებისმიერ ფასად ჩაატაროს არჩევნები და გააქტიურებული პრობლემები მიჩქმალოს, მათ აიყოლიეს პროფესიონალები, ექიმები ამ პოლიტიკურ პროექტში და ისინიც არ საუბრობენ იმ რეალურ რისკებზე, რაც არსებობს“, – აღნიშნა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ „ბათუმელებთან“.

რატომ არ სურს ოპოზიციას არჩევნების გადადება, თუკი მმართველი პოლიტიკური ძალის დამარცხების შანსი ამით იზრდება?

„ყველას სურს, რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით, მეტი ხმა მიიღოს და ალბათ იმედი აქვთ, რომ ამ პარლამენტში, ასე ვთქვათ, უკეთეს შედეგს დადებენ, ვიდრე წინა პარლამენტში…

დამაჯერებელია ოპოზიცის არგუმენტი ფინანსურ ხარჯებზეც, თუმცა მე მაინც მგონია, რომ ჩვენთან პოლიტიკა უფრო წინ დგას, მათ შორის, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინების წინაც“, – გვითხრა კორნელი კაკაჩიამ.

პოლიტოლოგს ეჭვი არ ეპარება, რომ დაავადების გავრცელების ფონზე იზრდება იმის ალბათობაც, რომ ე.წ. „გადაუწყვეტელი ამომრჩეველი,“ რომელიც პოტენციურად ოპოზიციის ამომრჩეველი შეიძლება გახდეს, საერთოდ აღარ გავიდეს სახლიდან კენჭისყრის დღეს. ამ ფონზე კი, მმართველ პოლიტიკურ ძალას საკუთარი ელექტორატის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება გაუიოლდეს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ადმინისტრაციულ რესურსებს პირდაპირ იყენებს „ქართული ოცნება“ რეგიონებში… თუ ასეთი ეპიდემიოლოგიური ვითარება გაგრძელდა, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივა და ეს სერიოზულ გავლენას მოახდენს ოპოზიციის საერთო ხმებზე“, – დასძინა კორნელი კაკაჩიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი