ახალი ამბები

რა წესები იმოქმედებს საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს

16 ოქტომბერი, 2020 • 1216
რა წესები იმოქმედებს საარჩევნო უბანზე არჩევნების დღეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახალი კორონავირუსით  გამოწვეული ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის კენჭისყრის დღის სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ დადგენილება მიიღო.

დოკუმენტის მიხედვით, კენჭისყრის შენობის შესასვლელთან დეზობარიერი, შენობის შესასვლელში კი ხელის დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარი უნდა განთავსდევს.

დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი, პირბადისა და სადეზინფექციო ხსნარით ხელების დამუშავების გარეშე. ამასთან, შენობაში ყოფნის ყველა უფლებამოსილი პირი (კომისიის წევრები, დამკვირვებლები და ა.შ.), გარდა ამომრჩევლისა, ექვემდებარება თერმოსკრინინგს.

“ცხელების – 37°С ან 37°С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება ტემპერატურის გადამოწმებას (5-წუთიან შუალედში). განმეორებით ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში პირი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში.

განმეორებითი შემოწმების შემდეგ ცხელების დაფიქსირების შემთხვევაში, დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირმა უნდა დატოვოს კენჭისყრის შენობა. ამასთან, ცხელების დაფიქსირების შემთხვევების აღრიცხვა უნდა განხორციელდეს საუბნო საარჩევნო კომისიის სარეგისტრაციო ჟურნალში” ,- წერია დადგენილებაში.

გარდა ამისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების მიხედვით, საარჩევნო უბანზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს კენჭისყრის შენობაში ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარის სახელურები, სამუშაო მაგიდების და ა.შ.) სათანადო წესით, წმენდა/დეზინფექცია ყოველ 3 საათში ერთხელ და დაბინძურების შესაბამისად.

ამასთან, კენჭისყრის შენობაში უნდა განთავსდეს ამომრჩეველთა მიერ გამოყენებული საწერი კალმისტრებისთვის კონტეინერი, რომელშიც ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ უნდა მოათავსოს მის მიერ გამოყენებული კალმისტარი.

რაც შეეხება ფარული კენჭისყრის კაბინებს, ცესკოს დადგენილებით, კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე მიმართული იყოს კენჭისყრის შენობის კედლისკენ იმდაგვარად, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი.

დოკუმენტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ პირბადით, დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით. ამომრჩეველი კი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისათვის განკუთვნილი კალმისტრით.

ამომრჩეველთა რეგისტრატორმა კომისიის წევრმა საარჩევნო ბიულეტენის გაცემისას ამომრჩეველს უნდა მიუთითოს, რომ საარჩევნო ბიულეტენის მიღება ამომრჩეველთა ერთიან სიაში ხელმოწერით დააფიქსიროს, რომელიც რეგისტრატორის მაგიდაზეა განთავსებული

ამასთან, ამომრჩეველთა შორის დაცული უნდა იყოს უსაფრთხო დისტანცია, რაც ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს დაევალება. მან ასევე თვალყური უნდა ადევნოს, თუ რამდენი ამომრჩეველი იდგება სარეგისტრაციო მაგიდასთან და არ დაუშვას რეგისტრატორთან ორზე მეტი ამომრჩევლის ყოფნა.

დადგენილების მიხედვით, სპეციალური კონვერტის საარჩევნო ყუთში ჩაგდების შემდეგ, როდესაც ამომრჩეველი ტოვებს საარჩევნო უბანს, გასასვლელში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავების შესაძლებლობა.

დოკუმენტის მიხედვით,  კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით.

ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე, მხოლოდ ორ შემთხვევაში, მათ შორის:

“კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ხოლო კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველი არ დაუშვას კენჭისყრის შენობაში პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, იგი არ დაიშვება კენჭისყრის შენობაში.

ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; ხოლო ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრი ვალდებულია ამომრჩეველზე არ გასცეს საარჩევნო ბიულეტენი პირბადის მოხსნის გარეშე. თუ ამომრჩეველი არ იხსნის პირბადეს, მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი/ბიულეტენები”, – წერია დადგენილებაში.

ცესკოს დადგენილებით, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (მათ შორის, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ბრონქული ასთმის, სუნთქვის უკმარისობით მიმდინარე გულ-სისხლძარღვთა დაავადების, აუტისტური სპექტრის დარღვევის ან/და განვითარების ანომალიის ან დეფექტის გამო) უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი