ახალი ამბები

ჩვენს ჟურნალისტს დაუპირსპირდნენ, როცა ახალციხის მერს იღებდა – “სამხრეთის კარიბჭე”

14 ოქტომბერი, 2020 • 2408
ჩვენს ჟურნალისტს დაუპირსპირდნენ, როცა ახალციხის მერს იღებდა – “სამხრეთის კარიბჭე”

სამცხე-ჯავახეთში მოქმედი ონლაინ გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” აცხადებს, რომ მის ჟურნალისტს ახალციხეში მოქალაქეები იმ დროს დაუპირისპირდნენ, როდესაც ეკლესიაში მყოფ ახალციხის მერს დღეს, 15 ოქტომბერს, ფოტოებს უღებდა.

როგორც მედიასაშუალება იტყობინება, ისინი  წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვის გადასაღებად მივიდნენ და ფოტოებს უღებდნენ მრევლთან ერთად ტაძარში მყოფ ახალციხის მერს, ზაზა მელიქიძეს. თავდაპირველად სწორედ მან გააპროტესტა ფოტოების გადაღება.

“რა გინდათ, ვინ ხართ და რატომ დამდევთ, სურათებს რატომ მიღებთ, წაშალეთ სურათები”,– მედიასაშუალების ცნობით, ამ სიტყვებით მიმართა ჟურნალისტს ზაზა მელიქიძემ.

“სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, მერის პრეტენზიის შემდეგ იგივე მოთხოვნები წამოაყენეს იქ მყოფმა მოქალაქეებმა. ერთ-ერთმა პირმა, რომელიც ჟურნალისტს გოჩა ქურციკიძის სახელით გაეცნო, ჟურნალისტს წაართვა ტელეფონი და ხმის ჩამწერი მოწყობილობა. ის ჟურნალისტს დაემუქრა ტექნიკის “ტუალეტში ჩაგდებთ”.

როგორც “სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორმა თიკო ზაზაძემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, ახალციხის მერი აღნიშნულ მოვლენას თვალყურს ადევნებდა, თუმცა შეურაცხყოფაში თავად არ მონაწილეობდა.

როგორც ზაზაძე ამბობს, მათი ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე გოჩა ქურციკიძეს ახალციხის მერიასთან კავშირი არ აქვს და ახალციხეში მცირე ბიზნესით არის დაკავებული, თუმცა ინფორმაციას დამატებით ამოწმებენ.

“სამხრეთის კარიბჭის” რედაქტორის განცხადებით, ინციდენტის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება გადაწყვიტეს, რადგან შემდგომში მსგავსი შემთხვევები თავიდან აირიდონ. როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში ეს არის მათი ჟურნალისტების შეურაცხყოფის უკვე მესამე მსგავსი ფაქტი.

რაც შეეხება უშუალოდ ახალციხის მერს, თიკო ზაზაძის ცნობით, ზაზა მელიქიძეს მედიასაშუალების ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, მაგრამ მედიასაშალებას უჭირს ინფორმაციის მიღება მერიიდან, პრესსამსახური არ თანამშრომლობს, ბიუროკრატიულ ბარიერს უწესებს და ინფორმაციის მისაღებად წერილობით მიმართვას ითხოვს, რაც მედიასაშუალების მუშაობას აფერხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი