ახალი ამბები

„ოცნება“ თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოების წევრებმაც დატოვეს

11 ივლისი, 2022 •
„ოცნება“ თერჯოლისა და ახალციხის საკრებულოების წევრებმაც დატოვეს

მმართველი პარტიიდან წასულთა რიგებს შეუერთდნენ თერჯოლის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ომარ ჯიხვაშვილი და ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე საბა კბილაშვილი.

ჯიხვაშვილიც და კბილაშვილიც „ქართული ოცნების“ დატოვების მიზეზად, „ქართული ოცნებიდან“ გასული სამი დეპუტატის: სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის მსგავსად, „სიმართლის თქმას“ ასახელებენ. სამივე დეპუტატი მმართველი პარტიიდან „საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის“ მიწოდების საბაბით გავიდნენ და ანტიდასავლური რიტორიკა გაააქტიურეს.

ჯიხვაშვილის თქმით,  მას სურს, რომ შეუერთდეს ყაველაშვილ-ხუნდაძე-სუბარის რიგებს.

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების – ყველას გვახსოვს, ხო? ხოდა, მეც მგონია, რომ ახლა თქმა სჯობს! როდესაც კითხვები არის, ამ კითხვებს პასუხები ჭირდება. ვერ ვიჯერებ, რომ ჩვენს ახლო მეგობრებს და პარტნიორებს ოკეანის იქით მოწონდეთ მათი წარმომადგენლის მოქმედება საქართველოში, როდესაც ის იმის მაგივრად, რომ კითხვებზე პასუხებს ცემდეს და ემიჯნებოდეს ომის მოწოდებებს, შეურაცხყოფას აყენებს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტის წევრს, რომელმაც გაბედა მისთვის წერილის მიწერა.

თუ რამოდენიმე ადამიანმა უნდა იტვირთოს ასეთი სიმართლის თქმა, რაც ხელისუფლების პარტიის წარმომადგენლისგან, მესმის, რომ ძალიან ძნელია, მეც მინდა მათ რიგში ვიყო. ამიტომ ვტოვებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილეობას თერჯოლის საკრებულოში და პარტიას“, – დაწერა ჯიხვაშვილმა სოციალურ ქსელში (სტილი დაცულია).

საბა კბილაშვილის თქმით, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.

„ვიცი, რა დღეშიც არიან ჩვენი პარტიის ლიდერები, როგორ იბრძვიან ამ ქვეყნისთვის, რას უძლებენ და რა სირთულეები აქვთ იმის მიღმა, რაც ტელევიზორში ჩანს.

რუსეთისკენ გამხედავი ეგ ხალხი, ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა თავის ცხოვრებაში არ არის (თუ ნაცები არ დაბრუნდნენ და გინებ-გინებით ისევ რუსების საქმე არ აკეთეს) და დასავლეთიდან თუ ისეთი დამოკიდებულება იქნა, რაც ელჩის მხრიდან ყაველაშვილის მისამართით ვნახეთ, ალბათ ხვდებით სირთულის მასშტაბს.

ფაქტი ერთია, ასეთი დამოუკიდებელი ჩემი ქვეყანა არასდროს ყოფილა და არ მინდა ამისთვის დაისაჯოს!!! ქართველებმა ზუსტად ვიცით ვინ არის მტერი, ოკუპანტი და ვინ მოყვარე, მაგრამ მოყვრობაში თავმოყვარეობაზე უარის თქმა და სულში ხელების ფათური არავინ უნდა მოგვთხოვოს. ეს სათქმელია და ამისი თქმა მარტივი არ არის. არც ჩემგან გამოდის თუ ამ გუნდში დავრჩი.

ამიტომ ვუერთდები ჩემი პატივცემული კოლეგის მოწოდებას და ვტოვებ თანამდებობასაც და პარტიასაც. ეს არ არის არც მარტივი, მაგრამ არც ემოციური გადაწყვეტილება. ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს უმარტივესი, მაგრამ რთულად სათქმელი სიმართლის თქმა, როგორც ეს სამმა პარლამენტარმა გააკეთა.

რასაც ვხვდები, ვინც პირველად ეს ძალიან სწორი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა არ ქნას, რომ მათ რაც იციან, ყველაფრის თქმა დაჭირდეთ. თუ მაინც საჭირო გახდა, მეც მათ გვერდით ვიქნები!“- დაწერა საბა კბილაშვილმა (სტილი დაცულია).

მსგავსი მიზეზით „ქართული ოცნება“ დატოვეს ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღამბაშიძემ და ჭიათურის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე ნიკა სამხარაძემ.


„ქართული ოცნებიდან“ წასულმა დეპუტატებმა — დიმიტრი ხუნდაძემ, სოზარ სუბარმა და მიხეილ ყაველაშვილმა რამდენიმე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გაჯერებულია ანტიდასავლური კონსპირაციით, თითქოს, „დიდ ძალებს“ საქართველოს ომში ჩართვა სურთ.

მათ შორის, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩს ღია წერილი მისწერა კითხვებით, თუ რატომ არ გაემიჯნა კელი დეგნანი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების „ომში ჩართვისკენ მიმართული რიტორიკას“.

დეგნანმა თქვა, რომ ყაველაშვილის წერილი იმდენად სავსე იყო ტყუილებითა და შეთქმულების თეორიებით, რომ ბოლომდე ვერც წაიკითხა.

რატომ იმეორებენ „ოცნების“ ლიდერები დეზინფორმაციას? – კელი დეგნანი

მასალების გადაბეჭდვის წესი