ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

10 ოქტომბერი, 2020 • 1592
ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

მოსკოვში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თითქმის 11 საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომლის მიხედვითაც, სომხეთი და აზერბაიჯანი, ამ ეტაპზე ჰუმანიტარული მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე თანხმდებიან.

განცხადების ტექსტი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა. 

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიმართვის საპასუხოდ და რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეთანხმებების შესაბამისად, 10 ოქტომბრის 12 საათიდან საომარი მოქმედებები წყდება ჰუმანიტარული მიზნებისთვის, რაც  წითელი ჯვრის მეშვეობით სამხედრო ტყვეებისა და ცხედრების გაცვლას გულისხმობს.

გარდა ამისა, შეთანხმების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით იქნება შეთანხმებული.

ამასთან, შეთანხმებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკარებებს იწყებენ, მოლაპარაკებათა პროცესის ფორმატი კი, უცვლელი დარჩება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სომეხი და აზერბაიჯანელი დიპლომატები, კიდევ ერთხელ მიიწვია მოლაპარაკების მაგიდასთან, რასაც ორივე მხარე დათანხმდა.

27 სექტემბერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მთიან ყარაბაღში დაწყებული საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდებოდა. ორივე მხარეს გარდაცვლილთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ბაქო პერიოდულად იწყება აზერბაიჯანული ქალაქების დაბომბვის შესახებ, რომლებიც კონფლიქტის ზონის გარეთ მდებარეობს, მათ შორის: განჯა, მინგეჩაური, ბელაქანი, ბარდა. ასევე, აფშერონისა და ხიზის რაიონები. თავის მხრივ, სომხური მხარისა და დე ფაქტო მთიანი ყარაბაღის განცხადებით, იბომბება შუშა და სტეფანაკერტი. ასევე, ერთხელ დაიბომბა სომხეთის რესპუბლიკის ქალაქი ვარდენისი.

სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი