ახალი ამბები

შესაძლო მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – “მედია-კლუბის” მონიტორინგი

9 ოქტომბერი, 2020 • 1204
შესაძლო მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – “მედია-კლუბის” მონიტორინგი

არასამთავრობო ორგანიზაცია “მედია-კლუბი” წინაასარჩევნო პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგის დროს გამოვლენილ დარღვევებს ასაჯაროებს. მონიტორინგი 1-30 სექტემბერის პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ვინაიდან პირველ სექტემბრამდე, ანუ წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე, მათ მიერ დაფიქსირებული ფაქტები საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარ საარჩევნო გარემოს არ ქმნის, ისინი მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა.

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლავ ფიქსირდება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების მხრიდან. ანგარიშის თანახმად, მსგავსი შემთხვევები დაფიქსირებულია ჭიათურის, ზუგდიდისა და ქედის მუნიციპალიტეტებში.

ანგარიშის თანახმად, 23 სექტემბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თავისუფალი საქართველო’’ გაავრცელა პრესრელიზი, რომლითაც ირკვევა, რომ პარტიამ ჭიათურის მცხოვრებლებს საარჩევნო შეხვედრისას, „იაფი მედიკამენტების პროგრამის “ფარგლებში, წამლები გადასცა. “მედია-კლუბის” ინფორმაციით, ისინი დაუკავშირდნენ პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავას, რომელმაც უთხრა, რომ მისი პოლიტიკური ორგანიზაცია მხოლოდ შუამავალი იყო მოსახლეობასა და იმ კერძო კომპანიას შორის, რომელსაც თურქეთიდან იაფად წამლები ჩამოაქვს.

განმარტების მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო სუბიექტებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (ღირებულების მიუხედავად) საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.

ანგარიშში ასევე მოხვდა მოქალაქე იზო ბარამიძის მიერ 11 სექტემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელებულო ვიდეოკადრებიც, სადაც ჩანს, თუ როგორ იტვირთება პროდუქტები ავტომანქანიდან „ქართული ოცნების“ ქედის საარჩევნო შტაბში.

“მედია-კლუბის” ინფორმაციით, შტაბის ხელმძღვანელმა ამირან ცინცაძემ მათთან მომხდარის განმარტება არ ისურვა, ხოლო ქედაში “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდადიდატმა ანზორ ბოლქვაძემ უთხრა, რომ ჩანაწერზე ინფორმაცია არ ჰქონდა.

“გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტი ვიდეოკადრებით დასტურდებოდა, ფაქტის გადამოწმებისა და შესაბამისი რეაგირებისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მივმართეთ, რათა არ მომხდარიყო აღნიშნული პროდუქტების ამომრჩევლის მოსყიდვის
მიზნით გამოყენება. სამწუხაროდ, ცესკოს ფაქტთან დაკავშირებით რეაგირება არ მოუხდენია”,-წერია ანგარიშში.

სააგიტაციო მასალის ჩახევისა და დაზიანების ფაქტები

“მედია-კლუბის” ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით იმატა პოლიტიკური შინაარსის პლაკატებისა და სააგიტაციო მასალის გაკვრის გამო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დაჯარიმების ფაქტებმა. მათივე ცნობით, ყველაზე ხშირად საარჩევნო სუბიექტებს თბილისის მერია აჯარიმებს, თუმცა გასაჩივრებული დაჯარიმების ფაქტებზე მერიას გადაწყვეტილება, მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში, არ მიუღია.

აგარიშის თანახმად, 1-30 სექტემბრის ჩათვლით სააგიტაციო მასალის დაზიანებისა და საარჩევნო სუბიექტის პლაკატებზე სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გადაკვრის 21 ფაქტი დაფიქსირდა. საარჩევნო კოდექსით უკანონოდ ჩამოხსნილ, ჩამოხეულ, დაფარულ ან დაზიანებულ საარჩევნო პლაკატებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.

“მიუხედავად კოდექსის ამ ვალდებულებისა, ადგილობრივი თვითმმართველობები სამართალდამრღვევი ფიზიკური თუ იურიდიული პირის გამოვლენისა და რეაგირების მხრივ არაეფექტურად მუშაობენ. მაგალითად, დაფიქსირდა ფაქტები, როცა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის პლაკატები გადააკრეს, ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატთა პლაკატებია გადაკრული „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის პლაკატებზე, ზუგდიდში, ასევე, „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატებია „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის პლაკატებზე გადაკრული, ხოლო სამტრედიაში მმართველი პარტიის კანდიდატის პლაკატები „ნაციონალური მოძრაობის“ იმჟამინდელი კანდიდატის (მოგვიანებით პარტიამ კანდიდატი შეცვალა) პლაკატებზე გადააკრეს”,-წერია ანგარიშში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ ნამონასტრევში საჯარო სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების – ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატები გააკრეს, რაც „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის დარღვევაა.

“მედია-კლუბის ცნობით, ასეთი შემთხვევების მიუხედავად, არცერთი თვითმმართველობის ორგანოს „საარჩევნო კოდექსით“ მასზე დაკისრებული ვალდებულება არ შეუსრულებია.

წინასაარჩევნო ღონისძიებაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა

“მედია-კლუბის” შეფასებით, პოლიტიკური სუბიექტების მიერ გამართულ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა კვლავ პრობლემას წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი მუნიციპალიტეტის მმრთველ ორგანიებს აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართული ღონისძიებების უსაფრთხოება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ უნდა შეიცვალოს საარჩევნო კანონმდებლობა და წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე, საარჩევნო პლაკატების უკანონოდ ჩამოხევა-დაზიანებაში დამნაშავე პირების გამოვლენისა და შესაბამისი
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის ვალდებულება დაეკისროს იმ ორგანოს, ვისაც ამ უფლებამოსილების შესრულების რეალური კომპეტენცია გააჩნია. ასეთ ორგანოდ კი “მედია-კლუბს” შინაგან საქმეთა სამინისტრო მიაჩნია.

ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენება

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, საანგარიში პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლის მიერ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შეხვედრებში მონაწილეობის ერთი და მუნიციპალიტეტის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების სამი ფაქტი გამოქვლინდა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანზორ ბოლქვაძისა და ფრიდონ ფუტკარაძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე სამსახურეობრივი მანქანით მივიდა.

“აკაკი ბობოხიძის შტაბის უფროსმა დავით ჭავჭანიძემ „საქართველოს მედია-კლუბს“ მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრებზე, მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისას, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გერასიმე მჟავანაძე და საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე სამსახურებრივი მანქანებით გადაადგილდებიან”,-ვკითხულობთ ანგარიშში.

ამას გარდა, ანგარიშში მოხვდა “ქარული ონების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მიერ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტები, რაც სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობას გულისხმობს. “მედია-კლუბის” ცნობით, 26 სექტემბერს გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“, დავით სონღულაშვილმა დედოფლისწყაროში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სააგნარიშო პერიოდში დავით სონღულაშვილი მსგავს კიდევ ორ ღონისძიებას ესწრებოდა.

“8 სექტემბერს ქალაქ დმანისში, ბოლნისის, თეთრიწყაროს, წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კახა ოქრიაშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ტატუაშვილთან ერთად, მუნიციპალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული ახალი სკვერის გახსნაში მიიღო მონაწილეობა”,-წერია ანგარიშში.

ორგანიზაცია რეკომენდაციით მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობებს, გამიჯნონ საჯარო სამსახურისა და პოლიტიკური პარტიის მიზნები და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული ღონისძიებები/პროგრამები/პროექტები არ გამოიყენონ საარჩევნო/პარტიული მიზნებისთვის. ამას გარდა, მიმართავს საარჩევნო სუბიექტებს/კანდიდატებს, დაიცვან კანონი და არ გამოიყენონ სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტით დაფინანსებული ღონისძიებები საკუთარი საარჩევნო/პოლიტიკური მიზნებისთვის.

საჯარო მოხელეების მიერ ფეისბუქის პირადი გვერდების მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატის მხარდასაჭერად გამოყენება

ორგანიზაციის დაკვირვებით, კვლავ ხდება მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეების საარჩევნო კამპანიაში „საარჩევნო კოდექსის“ დარღვევით მონაწილეობა და სოციალურ ქსელებში კონკრეტული საარჩევნო კანდიდატის სასარგებლო ან საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელება.

საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელების მიერ ფეისბუქის პირადი გვერდების „ქართული ოცნებისა“ და მისი კანდიდატების სასარგებლოდ გამოყენების ფაქტები. ანგარიშში ერთ-ერთ მაგალითად მოყვანილია, როგორ გააზიარა ხარაგაულის მონიციპალიტეტ სოფელ კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა, გია ჩხიკვაძემ სამუშაო საათებში ფეისბუქის პირად გვერდზე  „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, პაატა კვიჟინაძის სააგიტაციო მასალა.

ამას გარდა, ანგარიშში წერია, რომ დააფიქსირეს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების ფეისბუქის გვერდების გამოყენება მმართველი პარტიისა და მისი კანდიდატების სასარგებლოდ. საარჩევნო კოდექსი კრძალავს წინასარჩევნო კამპანიის პერიოდში სახელმწიფო ხელისუფლების ან თვითმმართველობის ორგანოების საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებას. “მედია-კლუბის” ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ჩხორიას ადმინისტრაციული ერთეულის ფეისბუქის გვერდზე “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდამჭერი პოსტებია გაზიარებული.

მედია-კლუბი მოუწოდებს ადგილობრივ თვითმმართველობებს, დაიცვან კანონი და არ დაუშვან საჯარო მოხელეების მიერ სამუშაო საათებში კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობა, მათ შორის, სოციალური ქსელების გამოყენებით.

„საქართველოს მედია-კლუბი“ საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი გარემოს შესაქმნელად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის მონიტორინგს „ღია საზოგადოების ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი