ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ომბუდსმენისა და მასთან არსებული უმცირესობათა საბჭოების განცხადება ყარაბაღის მოვლენებზე

7 ოქტომბერი, 2020 • 1569
ომბუდსმენისა და მასთან არსებული უმცირესობათა საბჭოების განცხადება ყარაბაღის მოვლენებზე

სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაწყებული საბრძოლო მოქმედებებისა და რეგიონში მასთან დაკავშირებულ რისკებზე განცხადება გაავრცელეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ;

“სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ბოლო ათწლეულების განმავლობაში პერიოდულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები. ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ღრმა ტკივილია მეზობელ სახელმწიფოებს შორის დაპირისპირების, დაღუპული და დაზარალებული ადამიანების, დევნილად ქცეული ოჯახების ტრაგედიის ცქერა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კავკასიის სახელმწიფოების განვითარება დიდწილად სისხლისმღვრელი კონფლიქტების გამო ფერხდება. ისტორია გვიჩვენებს, რომ მარტივია კავკასიაში კონფლიქტის გაჩაღება, მაგრამ საუბედუროდ, ურთულესია გამოვლინდეს ნება მათი მშვიდობიანი გადაჭრისთვის. ბოლო 30 წელია კავკასიაში წარმოებულმა ომებმა ათასობით ადამიანი იმსხვერპლა.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლო საქართველოა. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ მშვიდობა, შემწყნარებლობა და თანადგომა გამოვიჩინოთ ერთმანეთის მიმართ და იგივე მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან.

მოვუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს – ვისთვისაც ძვირფასია ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ეთნო-რელიგიური ან სხვა ნიშნით სიძულვილის ენის გამოყენებისგან, მათ შორის, სოციალური ქსელების მეშვეობით.

თხოვნით მივმართავთ მედიის წარმომადგენლებს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელებას, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც შეუწყოს ხელი ეთნოსებს შორის ურთიერთობაში დაძაბულობის შემოტანასა და გაღრმავებას.

მოვუწოდებთ სახელმწიფო უწყებებს, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამისი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, სათემო და რელიგიურ ლიდერებთან და ორგანიზაციებთან ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში ტოლერანტული გარემოს შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის.

ჩვენთვის ყოველი ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია. კონფლიქტის მხარეებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ყველაფერი უნდა იღონონ საომარი მოქმედებების შეჩერებისა და მშვიდობის მყარი გარანტიების შესაქმნელად”.

მასალების გადაბეჭდვის წესი