ახალი ამბები

პროვოკაცია თუ სახელმწიფო ინტერესების დაცვა – რატომ იძიებს პროკურატურა დავითგარეჯას საკითხს?

1 ოქტომბერი, 2020 • 2357
პროვოკაცია თუ სახელმწიფო ინტერესების დაცვა – რატომ იძიებს პროკურატურა დავითგარეჯას საკითხს?

მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ომის განახლების პარალელურად, საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ უწყება იძიებს აზერბაიჯანისთვის “საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტს”.

რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე და ყარაბაღში ომის განახლების ფონზე აზერბაიჯანთან დაკავშირებით სადავო ტერიტორიაზე გამოძიების დაწყება? კონკრეტულად, საზღვრის რომელ მონაკვეთსა და რა პერიოდს იძიებენ? ამ კითხვებზე საგამოძიებო ამომწურავ პასუხებს არ იძლევა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენლების კომენტარებიდან ირკვევა, რომ საუბარია “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთების საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმებაზე.

პროკურატურის განცხადებიდან მალევე ფეისბუკზე კამპანიაც დაიწყო, ჰეშთეგით #სააკაშვილმადავითგარეჯიგაგვიყიდა.

აქვს თუ არა პოლიტიკური ქვეტექსტი დავითგარეჯას საკითხზე დაწყებულ გამოძიებას და რა სახიფათო პრეცედენტი შეიძლება გაჩნდეს?

რა ვიცით გამოძიებაზე?

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიების დაწყებას გეგმავდა, თავდაპირველად “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაახმაურა.

გვარამიას ინფორმაციით, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ბიზნესმენმა, დავით ხიდაშელმა თვე-ნახევრის წინ ჩამოიტანა და საქართველოს ხელისუფლებას გადასცა საქართველო-აზერბაიჯანის კარტოგრაფიული რუკები, რომელიც რუსეთში ინახებოდა.

გვარამიას ინფორმაციით, “ეს არის 1920-იანი წლების “ერთა ლიგის” რუკა… მაშინდელი სადელიმიტაციო რუკა, რომელიც ინახებოდა რუსეთში და რომელშიც ფული გადაიხადა ბიძინა ივანიშვილის მეგობარმა, ეთნიკურად ქართველმა რუსმა ოლიგარქმა დავით ხიდაშელმა”.

“ეს არის თვე-ნახევრის წინ აქ მოხვედრილი რუკა და მოხვდა არა იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები დაეცვათ და აზერბაიჯანთან სადავო ტერიტორიის დელიმიტაცია მომხდარიყო ისე, როგორც იმ რუკების მიხედვითაა. არა, ეს რუკები საქართველოდან დიდი ხნის გამქრალია. ჩვენ ვიკვლევთ, როდის გაქრა ეს – შევარდნაძის დროს წაიღო ერთმა კონკრეტულმა პიროვნებამ, თუ ეს რუკები რუსეთმა გაიტანა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს.

დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა ერთადერთი მიზეზით, რომ თქვან, სადღაც მიფუჩეჩებული იყო, სააკაშვილს ჰქონდა სადღაც შეკუჭული და სინამდვილეში „ყიდდა“ საქართველოს ტერიტორიას აზერბაიჯანზე. სინამდვილეში. ეს რუკები საქართველოს არასდროს ჰქონია”, – ამბობს გვარამია.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 29 სექტემბერს თქვა, რომ “მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”.

უწყების ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. აღნიშნული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა”.

“ნეტგაზეთი” პროკურატურას დაუკავშირდა პასუხის მისაღებად დამატებით კითხვებზე: როდის დაიწყო გამოძიება, რა პერიოდს და საზღვრის რა მონაკვეთებს ეხება ის? უწყებაში ამ ინფორმაციას არ იძლევიან და ამბობენ, რომ გამოძიება “დიდი ხანია მიმდინარეობს” და განცხადება მხოლოდ ახლა გაკეთდა მედიასაშუალებაში გასული ინფორმაციის საპასუხოდ.

უფრო ინფორმაციულია პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე. ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს დავით ხიდაშელის როლს, თუმცა, განსხვავებით ნიკა გვარამიასგან, რომელიც 1920 წლის რუკაზე საუბრობს, სესიაშვილი ამბობს, რომ მოიპოვეს 1938 წლის რუკა. მისი აზრით, საქართველს ინტერესებში იყო, სადემარკაციო ხაზზე შეთანხმება სწორედ აღნიშნული რუკის შესაბამისად მომხდარიყო.

“თუკი ჩვენ შევძელით, ადამიანებმა შეძლეს ამ რუკის მოძიება, რატომ არ არსებობდა ნება, რომ წინა ხელისუფლებას ეს რუკები მოეპოვებინა?” ,- კითხულობს სესიაშვილი.

მისი თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ დავითგარეჯას მონაკვეთზე, არამედ მთლიანად საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე.

“2006 წლის წინასწარი შეთანხმებით, რაც არსებობს, ზიანდება ჩვენი სახელმწიფო ინტერესი. ჩვენ ვსაუბრობთ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, 1998 წლის შეთანხმების მიხედვით შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამისთვის საჭირო იყო 1938 წლის რუკებზე დაყრდნობით დემარკაციის კომისიის ფარგლებში უზრუნველყოფა. ამ კომისიამ მოამზადა წინასწარი შეთანხმება და ამის ფარგლებში ჩანდა, რომ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები ზიანდებოდა და ამ ნაწილში გაჩნდა ეჭვები.

რუკები, რომლითაც უნდა განსაზღვრულიყო დემარკაცია, ან შეგნებულად არ მოიძიეს, ან არსებული რუკები უბრალოდ გაქრა. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ დავით ხიდაშელს, რომელმაც უნიკალური მოქმედებები განახორციელა და დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, გვქონდეს 1938 წლის რუკის ორიგინალი ვერსია, რომელზე დაყრდნობითაც კომისიის ფარგლებში, აბსოლუტურად კონსტრუქციულად, აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად, კიდევ ერთხელ გავივლით იმ საკითხს, რომ მოხდეს დემარკაცია საერთაშორისო სამართლის მიხედვით”, – აცხადებს სესიაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება  “დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა” და შემდეგ ეტაპზე აპირებენ, “ალაპარაკონ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე [გიორგი] მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ტერიტორიების გასხვისების შესახებ”.

პროკურატურა: აზერბაიჯანთან საზღვარი ჩვენი ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა, გამოძიება დავიწყეთ

“შემდეგ აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს ამ მიწების გასხვისებისთვის – 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება ფსბ-ს პროპაგანდისტებისა თუ ივანიშვილის თავში. მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო”, – აცხადებს სააკაშვილი.

ვინ არის დავით ხიდაშელი?

დავით ხიდაშელის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი მიმდინარე წლის მაისში გახდა, როდესაც ბიზნესმენმა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ საქველმოქმედო ფონდ StopCov-ში შემოწირულობების სახით 1.2 მილიონი ლარი ჩარიცხა.

დავით ხიდაშელი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელი ბერძნული კომპანია INTRACOM S.A. TELECOM SOLUTIONS-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. INTRACOM-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბიოგრაფიის მიხედვით, დავით ხიდაშელი 1998-1999 წლებში დსთ-ის ქვეყნებში ფრანგული Castel Group-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2007-2014 წლებში რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი კორპორაციის, АФК “Система”-ს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა.

ხიდაშელი “მთავარ არხთან” ამბობს, რომ ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება და მის მიერ მოპოვებული მასალების შესახებ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

“ვის მოუვიდა თავში აზრად, მის სინდისზე იყოს…”

პროკურატურის თანახმად, მოცემული ეტაპზე გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დანიშნულია კარტოგრაფიული ექსპერტიზა, რომელშიც, მოქმედ ექსპერტებთან ერთად, ჩართული არიან აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები.

დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი მხოლოდ ერთ მეზობელთან – თურქეთთან აქვს დადგენილი. აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციასა და დემარკაციას უწყებათაშორისი კომისია 1996 წლიდან მუშაობს და დავითგარეჯის მონაკვეთი კვლავ შეუთანხმებელია.

2019 წლის მარტში განახლებული კომისიის შემადგენლობაში არ არის, თუმცა წლების განმავლობაში, მათ შორის “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის წევრი იყო ივერი მელაშვილი. ის დღემდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, საზღვრის დელიმიტაციის, დემარკაციისა და სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია.

მელაშვილი აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის ნიუანსებზე არ/ვერ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ ნებისმიერი ბრალდება საქართველოს ინტერესების საზიანოდ ტერიტორიის უცხო ქვეყნისთვის გადაცემაზე აბსურდულია და დიდი ალბათობით, პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.

“დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება არ მაქვს, თუმცა, ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის მტკნარი ტყუილი. არავითარი დათმობა არ ყოფილა და ვერც მოხდებოდა, ასეთი რამე არ შეიძლება. ვისაც თავში მოუვიდა ამისთანა აზრი, მის ნამუსზე და სინდისზე იყოს. თითიდან გამოწოვილი, საზიზღარი, საძაგელი ბრალდებაა და დაახლოებით ვიცი, საიდან გამომდინარეობს, მაგრამ არაუშავს, ჩაატარონ ექსპერტიზა და ნახონ…

ვის მოუვიდა თავში და რა მისიით, სხვა საკითხია და მე არ ვერევი… ეს არის ნამდვილად ამაზრზენი ჩანაფიქრი, რომ ამის გამო ვიღაცამ რაღაც ქულა მოიპოვოს. სავარაუდოდ, პოლიტიკურ პროცესებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ამ საკითხის პოლიტიკასთან დაკავშირება თვითონ საკითხის გადაწყვეტას ვნებს. საერთოდ, ამ თემის დეტალების განხილვაც მედიაში ვნებს დელიმიტაციის პროცესს”, – ამბობს მელაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში.

ივერი მელაშვილი, ასევე, აღნიშნავს, რომ დავით ხიდაშელს არავითარი რუკები არ ჩამოუტანია, რომელიც მანამდე არ არსებობდა და დღესაც გარკვეულ საიტებზე იძებნება.

“მაგრამ საქმე ის არის, ვინ რა გამოყენება შეიძლება მისცეს. მე რაც ვიცი და ანალიზები გამიკეთებია, ეგ რუკები საქმისთვის ვერ გამოდგება”, – ამბობს მელაშვილი.

მისი თქმით, სამთავრობო კომისია ხელმღვანელობდა და დღემდე ხელმძღვანელობს დოკუმენტებით, ხოლო რამე გათელილ რუკაზე აპელირება არასწორი მიდგომაა და მეორე მხარესთანაც [აზერბაიჯანთან] არასწორი იქნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტოს აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის ნიუანსებზე საუბარი არ სურს. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სახელმწიფო კომისიის 11 სხდომა ჩატარდა და 480-კილომეტრიანი საზღვრის 314 კმ – შეთანხმებულია, 166 კმ-ზე კი ექსპერტების დონეზე შესწავლა გრძელდება. უწყების ინფორმაციით, დოკუმენტებს შორის, რომელსაც კომისიის წევრები ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა, მასშტაბით 1:500000, ასევე, 1942 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მიღებული რუკა, მასშტაბით 1:100000, და ასევე, 1963 წელს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს მიერ დამტკიცებული რუკა.

პოლიტიკური შეფასებები და ეკლესიის პოზიცია

“დავითგარეჯი საქართველოა, აზერბაიჯანი კი – ოკუპანტი”, “ქართული მიწის გამყიდველი საქართველოს მტერია! აფხაზეთი, ცხინვალი და გარეჯი საქართველოა”, – ამ ტიპის გამოხმაურებები უკვე გაჩნდა ფეისბუკზე. შეიქმნა ჰეშტეგი #სააკაშვილმადავითგარეჯიგაგვიყიდა.

ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ შემთხვევით არ არის, რომ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვა/დათმობის საკითხი ახლა უკვე არა მხოლოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, არამედ აზერბაიჯანის მიმართულებით, წინასაარჩევნო დისკუსიის ნაწილი ხდება. მათი შეფასებით, ხელისუფლება სახიფათოდ იყენებს სახელმწიფოებრივ საკითხებს შიდაპოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ამასთან, ისინი ხაზს უსვამენ, რომ დავითგარეჯას მიმართულებით სიტუაცია გაუარესდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაუფიქრებელი განცხადებების შემდეგ.

2019 წლის აპრილში აზერბაიჯანელი მესაზღვრების მიერ უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკის ჩაკეტვას წინ უძღოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის მონახულება და განცხადება, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. სალომე ზურაბიშვილი დავითგარეჯის სასაზღვრო ზონაში მესაზღვრეებსაც შეხვდა და განაცხადა:

“სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს”. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი ზურაბიშვილმა მანამდე აზერბაიჯანში ვიზიტის დროსაც წამოსწია.

“საკითხი ეხება დავითგარეჯას – ყველა ჩვენგანისთვის მტკივნეულ თემას. ეს კეთდება დღეს, როცა კავკასია არის აფეთქების ზღვარზე და მთიან ყარაბაღში სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. მე მაქვს შეკითხვა ხელისუფლებასთან – რას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს გადაეცა ქართული მიწა უკანონოდ? ტერიტორიულ პრეტენზიას ვუყენებთ აზერბაიჯანს დღეს, როდესაც ომის პირას დგას მთელი კავკასია? გამწვავებულ ვითარებაში აზერბაიჯანთან ახალი პრეტენზიების სერიას ვხსნით? ეს არის უმძიმესი პრობლემა, რომლის წინაშეც „ქართული ოცნება“ აყენებს ქვეყანას და ამას აკეთებს იმისთვის, რომ ოპოზიციას ებრძოლოს”, – ამბობს დავით ბაქრაძე, “ევროპული საქართველოს” ლიდერი.

მისი აზრით, პროკურატურა პოლიტიკური შეკვეთას ასრულებს, რომელიც შეიძლება, ძალიან საშიში იყოს საქართველოს ეროვნული ინტერესისთვის.

“სტრატეგია აღმაშენებლის” სპიკერს და უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეს, თეონა აქუბარდიას მიაჩნია, რომ საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით საჭიროა სპეციალური საბჭოს შექმნა, რომელშიც ჩართულობის შესაძლებლობა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებსაც ექნებათ.

“დღეს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს ჩვენს ორ მეზობელს შორის. საკითხის ამ დროს და ამ ფორმით წამოწევამ შესაძლოა, გააღვივოს ანტიაზერბაიჯანული განწყობები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაფუჭება სწორედ რომ რუსეთის ინტერესებში შედის. ამ საქმით ხელისუფლება ცდილობს გადაფაროს ის მძიმე პრობლემები, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა ქვეყანაში”, – ამბობს აქუბარდია.

“ვიცით, რომ ჩვენთვის ცნობილი დოკუმენტების გარდა, არსებობს ფარული დოკუმენტებიც, რომელზეც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. თუკი რამე მასალა არსებობს, რომ ვიღაც შეგნებულად უმალავდა სამუშაო კომისიას ამ დოკუმენტებს და დღეს გაცოცხლდა პოლიტიკური ქულების დასაწერად ისე, რომ მოსალოდნელი შედეგი არ გათვალა, ამ ფაქტს ქართული საზოგადოება ვერავის აპატიებს.

გარეჯის საკითხი არის ძალინ ფაქიზი თემა ყველა ჩვენგანისთვის, რომელიც ეხება ეროვნულ სიმებს. ამავდროულად, არის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან ურთიერთობის თემა და იმედს ვიტოვებ, რომ სამხრეთ კავკასიაში ისედაც დაძაბულ ვითარებაში, ვინმეს არ აქვს განზრახვა, რომ გაუაზრებელი ქმედებით ცეცხლზე ნავთი დაასხას“, – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე, “ლელოს” წარმომადგენელი.

საკითხის პოლიტიზებას არასწორად მიიჩნევს მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელიც, თუმცა ამაში ოპოზიციას ადანაშაულებს.

“ამ საკითხის მეტი პოლიტიზება, ბუნებრივია, არ შეიძლება, მაგრამ ამ ფონზე თქვენ ნახეთ, რომ თვითონ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა – სააკაშვილმა, გვარამიამ და სხვებმა – თვითონ სცადეს ამ საკითხის პოლიტიზება. მათ შორის, სააკაშვილმა. არ ვიცი, წამოცდენა იყო თუ რა იყო, რომ 70-80 მილიონი აქვს აღებული თურმე ამ საქმეში …

ამან, ბუნებრივია, დამატებით გააღრმავა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ იქ შეიძლება რამე ძალიან მძიმე იყოს. დაველოდოთ გამოძიებას და მოვუწოდოთ გამოძიებას, რომ რაც შეიძლება მალე გაასაჯაროვონ ამ საქმის დეტალები”, – განაცხადა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ.

სასულიერო პირები ვარაუდობენ, რომ გამოძიების საგანია 2006-2007 წლებში აზერბაიჯანთან საზღვრის გარკვეულ მონაკვეთზე მიღწეული შეუალედური შეთანხმებები. აზერბაიჯანთან საზღვრის მთლიანი მონაკვეთი შეუთანხმებელია და საზღვრის დელიმიტაციაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

დავით-გარეჯას მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი, რომელიც პროკურატურაში გამოიკითხა, ამბობს, რომ 2006-2007 წლებში მოხდა საზიანო შეთანხმებები სამუშაო დონეზე, ვინაიდან ქართულ მხარეს არ ჰქონდა იმ დონის კარტოგრაფიული მასალები, რაც დღეს აქვს.

“ტერიტორიის საკმაოდ დიდ მონაკვეთზეა საუბარი, მინიმუმ 6 700 ჰექტარ ტერიტორიაზე, თუ არა მეტზე. ეს არის ჩიჩხიტურის მონასტერი, უდაბნოს მონასტერი, ვერან-გარეჯის მცირე სამონასტრო განსაშორი – ეს 2 მონასტერი და ერთი სოხასტერი, რომელიც ნიშნავს მცირე საცხოვრისს განშორებული მონაზვნებისას, მთლიანად მოექცა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ, რაც წარმოუდგენელი იყო. მე მივედი დავით გარეჯში 24 წლის წინ და ამ ისტორიის შემსწრე ვარ, რომ აზერბაიჯანული მხარე იმ ტერიტორიებზე ახლოსაც კი არ მოდიოდა, მისი იურისდიქცია არ ვრცელდებოდა ახლოშიც კი. ჩვენ ფერდის გადაღმა მხარეში, ბერთუბანში მივდიოდით, რომელიც მართლაც სადავო ტერიტორიაა”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა “რუსთავი 2”-ის ეთერში.

საქართველოს საპატრიარქო მიიჩნევს, რომ საზღვრის  დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა.

საზღვრის დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა – შიო მუჯირი

“რა მასალები აქვს პროკურატურას, ჩვენთვის რთული სათქმელია, რადგან ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც, ზოგადად, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. რაც შეხება იმ საკითხს, თუ რაზე შეიძლება იყოს დავა, ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა. ჩვენ ვამბობდით ამის შესახებ, რომ იმ კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, ეს ძიება სწორედ ამ საკითხს ეხება“, – განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 2019 წლის მაისში, მას შემდეგ განახლდა, რაც დავითგარეჯას შეუთანხმებელ მონაკვეთზე ვითარება გამწვავდა – 2019 წლის აპრილიდან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. მანამდე კი, მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე დავით დუნდუა ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ შეკრებილა. ახალ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

დავითგარეჯის შესახებ საქართველო-აზერბაიჯანის დავაზე გთავაზობთ სტატიას “ნეტგაზეთის” არქივიდან: 

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი