ახალი ამბები

საზღვრის დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა – შიო მუჯირი

4 ივნისი, 2020 • 1690
საზღვრის დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა – შიო მუჯირი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი ამბობს, რომ საზღვრის დელიმიტაციის ახალი კომისია ბევრად პრინციპულია, ვიდრე წინა. ამის შესახებ მან დღეს, 4 ივნსისს, დავითგარეჯში ისაუბრა.

“დღეს ჩვენ ვევედრეთ ღირს მამა დავითს, რომ  ეს ვითარება სულ მალე შეიცვალოს. იცით, რომ მუშაობს ახალი ორმხრივი კომისია. ჩვენ როგორც ვიცით და იმედი გვაქვს, ეს კომისია ბევრად უფრო პრინციპულია, ვიდრე წინა პერიოდში იყო და ამიტომ იმედი გვაქვს, სულ ცოტა ხანში ჩვენ შევძლებთ წირვა-ლოცვას. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენი ძმობაც შენარჩუნდება აზერბაიჯანთან და ასევე, ეს სიმართლეც დადგინდება”, – განაცხადა შიო მუჯირმა.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა 2019 წლის მაისში, მას შემდეგ განახლდა, რაც დავითგარეჯის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ვითარება გამწვავდა. მანამდე, მას შემდეგ, რაც კომისიის თავმჯდომარე დავით დუნდუა ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, კომისია დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში არ შეკრებილა. ახალ კომისიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ხელმძღვანელობს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, დავითგარეჯის მონასტრის მონაკვეთზე გადაადგილების შეზღუდვები 2019 წლის აპრილიდან დაწესდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი ბილიკი ჩაკეტეს. ივლისში ადგილობრივ მოსახლეობასა და აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი