ნეტგაზეთი | გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებს გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებს – Netgazeti
RU | GE  

გაეროს უშიშროების საბჭო ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებს

გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში სომხურ და აზერბაიჯანულ ძალებს შორის დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს, რომელიც მედიისთვის დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. 

უშიშროების საბჭოს სხდომა, ფორმალურად, ბელგიამ მოიწვია, თუმცა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ესტონეთიც აქტიურად უჭერდნენ მხარს სხდომის გამართვას. 

სხდომა სამშაბათს, ნიუ-იორკის დროით ხუთ საათზე გაიმართება. 

უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ჰყავს, მათ შორის: რუსეთის ფედერაცია, ჩინეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრნაგეთი; ასევე, ორი წლით არჩეული დროებითი წევრები, მათ შორის: ბელგია, დომინიკელთა რესპუბლიკა, ესტონეთი, გერმანია, ინდონეზია, ნიგერია, სანტ-ვინსენტი და გრენადინები, სამხრეთ აფრიკა, ტუნისი და ვიეტნამი. 

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს, გამთენიისას დაიწყო. მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, 27 სექტემბრის შემდეგ რამდენიმე ათეული სამხედროა გარდაცვლილი და რამდენიმე ასეული დაშავებული.

ცეცხლის გახსნაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა, აშშ-მა, საფრანგეთმა და ირანმა. უკიდურესი შეშფოთება გამოხატა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. მხარეებს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას უჭერს მხარს საქართველოს ხელისუფლებაც, თურქეთის პრეზიდენტმა – რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კი, ღია მხარდაჭერა გამოუცხადა აზერბაიჯანს.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, აზერბაიჯანის 20%, სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი. 1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ დღემდე წარუმატებელად მიიჩნევა საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი: ზურა მენაღარიშვილი