ახალი ამბები

“ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა” – NGO-ები

28 სექტემბერი, 2020 • 820
“ხელისუფლების წარმომადგენელთათვის სახალხო დამცველზე თავდასხმა ჩვევად იქცა” – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახალხო დამცველის მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებებისგან და შეწყვიტონ ამ ინსტიტუტის საქმიანობისთვის ხელის შეშლის მცდელობები. ამის შესახებ განცხადებას 14 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

“ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, უკიდურეს შეშფოთებას გამოვთქვამთ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიმართ განხორციელებული მორიგი თავდასხმის გამო. სამწუხაროდ, როგორც ქართული ოცნების წევრების, ასევე საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთათვის, უკვე ჩვევად იქცა სახალხო დამცველის შესახებ დაუსაბუთებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებებები. ამ განცხადებების ერთადერთი მიზანია უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის დისკრედიტაცია, ადამიანის უფლებების სფეროში არსებული რეალური პრობლემებისა და გამოწვევებისგან ყურადღების გადატანა”, – განმარტებულია მათ მიერ განვრცელებულ განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში განმარტებულია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი კონსტიტუციური ორგანოა, რომელსაც კანონმდებლობით ევალება ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი და ზედამხედველობა. ამის ფარგლებში კი სახალხო დამცველისთვის წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგი და გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საზოგადოების და საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება, წინასაარჩევნო პერიოდში, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა.

“საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლების მსგავსად, თავისი მანდატის ფარგლებში აკვირდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. შესაბამისად, ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა: დაშინება, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროების მუქარა და ძალისმიერი მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორება, სწორედ ის საკითხებია, რასაც სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება არასდროს მოჰყოლია. დღემდე არ გამოძიებულა ან გამოძიება არ დასრულებულა ბევრ ძალადობრივ ქმედებაზე, რომელიც გასულ წლებში, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა”, – წერია განცხადებაში.

ამასთან, განცხადების მიხედვით, ქვეყანაში არაჯანსაღ და ძალადობრივ წინასაარჩევნო გარემოზე მიუთითებენ როგორც საერთაშორისო მისიები, ასევე საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების ფონზე მმართველი გუნდის მხრიდან მასზე აშკარა და პირდაპირ თავდასხმები დაუსაბუთებელია და “მიზნად ისახავს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დისკრედიტაციას”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • უფლებები საქართველო (Rights Georgia)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  • საქართველოს მედია-კლუბი
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • საფარი
  • მწვანე ალტერნატივა

25 სექტემბერს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა, რომ ომბუდსმენი “სამარცხვინოდ და უპასუხისმგებლოდ” აკეთებს განცხადებებს წინასაარჩევნო ზეწოლებთან დაკავშირებით, რადგან ის არ ასახელებს წყაროებს, თუ კონკრეტულად ვინ საუბრობს დაშინებებსა და ძალადობაზე.

ნინო ლომჯარიამ განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და ზეწოლის შესახებ 24 სექტემბერს გააკეთა. აღნიშნულ განცხადებას ამერიკის ელჩი, კელი დეგნანიც გამოეხმაურა და ძალადობისა და დაშინების ფაქტებს შემაშფოთებელი უწოდა.

“რუსთავი 2”-ის ეთერში ირაკლი კობახიძის მიმართ დასმულ შეკითხვას, გააკეთებდა თუ არა დეგნანი მსგავს განცხადებას, კონკრეტული სახელების არდასახელება “სამარცხვინო რომ ყოფილიყო”, კობახიძემ უპასუხა, რომ ელჩი პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, თუმცა “ამ ინსტიტუტის უკან რომ იგივე სამარცხვინო რამე დგას, ამას ამერიკის საელჩო ბოლომდე ანგარიშს ვერ გაუწევს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი