ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

28 სექტემბერი, 2020 • 1881
რა ხდება ყარაბაღში – განახლებადი

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში 27 სექტემბერს დაიწყო.


30 სექტემბერი

გაეროს უშიშროების საბჭომ დახურულ კარს მიღმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტზე იმსჯელა.

უშიშროების საბჭო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ უშიშროების საბჭო შეშფოთებულია რეგიონში განსაკუთრებულად დიდი მასშტაბის საბრძოლო მოქმედების გამო და მოითხოვს ძალის გამოყენების შეწყვეტას.


29 სექტემბერი

ყარაბაღში ინტენსიური საომარი მოქმედებები, რომელიც 27 სექტემბერს დაიწყო, გრძელდება.

“29 სექტემბერს, დილის საათებიდან აზერბაიჯანის არმია ქალაქ ფიზულის გათავისუფლების მიზნით საბრძოლო მოქმედებებს ახორციელებს.  07.00 -დან 08.00- საათამდე სომხური მხარის კიდევ ოთხი ტანკი გაანადგურეს ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა”, – აცხადებს აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.

მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკის განადგურების საკითხზე ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარეც.

“სხვადასხვა ინტესივობის საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რამდენიმე მიმართულებით სომხურმა ქვედანაყოფებმა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების თავდასხმები დააფიქსირეს და ცაკლეულ მონაკვეთებზე სადამსჯელო მოქმედებებით უპასუხეს, რის შედეგადაც მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა როგორც ადამიანური, ასევე ტექნიკის სახით”, – წერს სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ფეისბუკზე.


28 სექტემბერი

სოხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, დღეს, ყარაბაღში საომარი მოქმედებების შედეგად კიდევ 28 სამხედრო დაიღუპა. [27 სექტემბრის შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, სომხურ მხარეს გარდაცვლილ ჯარისკაცთა რაოდენობა 59-ია].


სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საომარი მდგომარეობის დროს, რომელიც სომხეთში ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაწყების გამო 27 სექტემბერს გამოცხადდა, სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ იმ პაციენტებს მიიღებენ, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება.


სომხეთი კიდევ 15 გარდაცვლილ სამხედროზე ავრცელებს ინფორმაციას [გუშინდელი ცნობით, სომხურმა მხარემ 16 სამხედრო დაკარგა].

აზერბაიჯანი აცხადებს, რომ კონფლიქტის ზონაში კიდევ 26 მშვიდობიანი მოსახლე დაშავდა.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  სომხეთმა პოზიციები, რომელიც აზერბაიჯანთან საბრძოლო შეტაკებების დროს 27 სექტემბერს დაკარგა, კვლავ დაიბრუნა.

უწყების ცნობითვე, მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმიდინარებდა, რის შედეგადაც არწახის [ყარაბაღის] არმიის კონტრშეტევის დროს, მოწინააღმდეგის დაკანარგი, როგორც სამხედროების, ასევე სამხედრო ტექნიკის სახით, დიდია.

სომხური მხარის განცხადებითვე, აზერბაიჯანის არმიის სამხედროთა ათეულობით ცხედარი მათ მხარესაა.


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება მთიან ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს.

„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით [განახლებულ შეტაკებებს]. დღეს და გუშინ შევიტყვე ამის შესახებ. ჩვენ ბევრი კარგი ურთიერთობა გვაქვს მაგ ტერიტორიაზე [რეგიონში]. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა ამის შეჩერება“, – განაცხადა ტრამპმა რეპორტიორის კითხვაზე პასუხად.


ტრამპის კომენტარამდე რამდენიმე საათით ადრე შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მორგან ორტაგუსმა განაცხადა, რომ აშშ რომ შეშფოთებულია მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით და მიაჩნია, რომ გარე ძალების ჩართვა კონფლიქტში კიდევ უფრო მეტად დაძაბავს რეგიონში ვითარებას.


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ყარაბაღში განვითარებული მოვლენებით; მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთს უნდა მოუწოდოს, შეწყვიტოს მხარეებისთვის იარაღის მიწოდება და აცხადებს, რომ მესამე მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ კონფლიქტში მონაწილეობისგან.

„ღრმად ვარ შეშფოთებული მთიანი ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებით და მოვუწოდებ სომხეთსა და აზერბაიჯანს სასწრაფო დეესელაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტისკენ და მოლაპარაკებების განახლებისკენ“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა „უნდა მოითხოვოს უფრო მეტი დამკვირვებლის გაგზავნა კონტაქტის ხაზის გასწვრივ და უნდა მოუწოდოს რუსეთს, შეწყვიტოს ორივე მხარისთვის იარაღის მიწოდების ცინიკური პრაქტიკა“.

ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტ დონლად ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთთან და რუსეთთან ერთად, და მოძებნოს მშვიდობიანი გამოსავალი და მხარი დაუჭიროს ნდობის აღდგენას.


27 სექტემბერი

ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების გამწვავების ფონზე, აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს და რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დააწესეს.


ყარაბაღის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილე არტურ სარქისიანი აცხადებს, რომ მათ მხარეს დღეს განახლებული შეტაკებების შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.


შეტაკებების განახლბის ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მისი მთავრობა აპირებს, განიხილოს მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ფორმალურად აღიარების საკითხი.

„დიახ, ჩვენ უნდა გადავხედოთ არწახის [ყარაბაღის სომხური დასახელება] დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს. ჩვენს დღის წესრიგში არის ასეთი საკითხი. ჩვენ ძალიან სერიოზულად უნდა განვიხილოთ ეს. განვიხილავთ მოვლენათა განვითარების ყველანაირ სცენარს“, – განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე.


ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა იღონოს, რათა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განახლებული სამხედრო დაპირისპირება სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზარდოს:

„გავაკეთოთ ყველაფერი, რომ კონფლიქტი არ გადაიზარდოს რეგულარულ ომში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს დიალოგისკენ. დიალოგის ერთადერთი ალტერნატივა არის კატასტროფა მთელი რეგიონისთვის და მის ფარგლებს გარეთ“, – წერს დონალდ ტუსკი ტვიტერზე.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ მთიან ყარაბაღში სამხედრო მოქმედებების გამო“, – დაწერა მან.


რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

„ვლოცულობ მშვიდობისათვის კავკასიაში და ვთხოვ კონფლიქტის მხარეებს, კეთილი ნებისა და ძმობის დასადასტურებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგან, რაც მიგვიყვანს პრობლემების მოგვარებამდე არა ძალისა და იარაღის გამოყენებით, არამედ დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით”, – ეს სიტყვები პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებისას წარმოთქვა წმინდა პეტრეს მოედანზე, ვატიკანში.


აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის, ზაქირ ჰასანოვის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრობმა ყარაბაღში 7 დასახლებულ პუნტქზე კონტროლი დაამყარეს. ამ ინფორმაციას თავის მხრივ, სომხეთის მხარე სიცრუეს უწოდებს.


“მთავრობის გადაწყვეტილებით, სომხეთის რესპუბლიკაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ეს გადაწყვეტილება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. პირად შემადგენლობებს მოვუწოდებ, რომ ტერიტორიულ სამხედრო კომისარიატებში გამოცხადდნენ,” – წერს ფაშინიანი ფეისბუკზე გავრცლებულ განცხადებაში.


“ძვირფასო სომხეთის მოქალაქეებო, არწახისა და დიასპორის ამაყო მოქალაქეებო. მოწინააღმდეგემ არწახის მიმართულებით იერიში დაიწყო. თავდაცვის არმია წარმატებით უწევს წინააღმდეგობას თავდასხმას. მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – დაწერა ფაშინიანმა ფეისბუკზე 27 სექტემბერს დილით.

რაც შეეხება ბაქოს პოზიციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”.


სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამჯერად დაპირისპირება უშუალოდ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაშია.


სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

უშუალოდ ყარაბაღში მხარეებს შორის ვითარება უკანასკნელად 2016 წელს დაიძაბა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი