ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა დაიწყო

27 სექტემბერი, 2020 •
ფაშინიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღის მიმართულებით თავდასხმა დაიწყო

“მტერმა არწახის მიმართულებით იერიში მიიტანა”, – წერს ფეისბუკზე სომხეთის პრემიერ- მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს, 27 სექტემბერს.

“ძვირფასო სომხეთის მოქალაქეებო, არწახისა და დიასპორის ამაყო მოქალაქეებო. მოწინააღმდეგემ არწახის მიმართულებით იერიში დაიწყო. თავდაცვის არმია წარმატებით უწევს წინააღმდეგობას თავდასხმას. მოგიწოდებთ, ენდოთ მხოლოდ ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას”, – წერს ფაშინიანი.

რაც შეეხება ბაქოს პოზიციას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის სახელისუფლებო პრესის ინფორმაციით, “სომხეთის შეიარღებულმა ძალებმა ფართომასშტაბიანი პროვოკაცია მოაწყვეს და აზერბაიჯანული პოზიციები და მიმდებარე დასახლებულ პუნქტები დაცხრილეს, რის შედეგადაც არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები”.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური რამდენიმედღიანი შეტაკებები 12 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ტავუშის/თოუზის პროვინციაში დაიწყო. შეტაკებების შედეგად ორივე მხარეს იყო მსხვერპლი, მათ შორის, აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები.

ორივე მხარემ ერთმანეთი დაადანაშაულა შეტაკებების დაწყებაში. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ივლისის შეტაკებები საზღვარზე ბაქოს ინტერესებში ნაკლებად შედიოდა, ვინაიდან ბაქოსთვის მომგებიანი არ არის კონფლიქტის ზონის გადატანა ყარაბაღიდან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამჯერად დაპირისპირება უშუალოდ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაშია.


სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი და შვიდი მიმდებარე რაიონი, — აზერბაიჯანის 20%, — სომხეთის შეიარაღებული ძალების ოკუპაციაშია, რასაც კატეგორიულად უარყოფს სომხეთი.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციების ეგიდით წარმოებული მოლაპარაკებები ამ ორ ქვეყანას შორის დღემდე წარუმატებლად მიიჩნევა. ორივე მხარე გამუდმებით ერთმანეთს ადანაშაულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეჟიმის დარღვევაში.

უშუალოდ ყარაბაღში მხარეებს შორის ვითარება უკანანსკნელად 2016 წელს დაიძაბა, რასაც აპრილში 4-დღიანი ომი მოჰყვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი