ახალი ამბები

ჯანეზაშვილი: გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს

25 სექტემბერი, 2020 • 877
ჯანეზაშვილი: გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოებში მოსამართლეთა დეფიციტის შესახებ განცხადებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ ამჟამად სისტემაში 109 ვაკანტური ადგილია, რომელსაც სასამართლოში არსებული გავლენიანი ჯგუფი განზრახ ინარჩუნებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საჭიროებას ხედავს, რომლითაც უნდა განისაზღვროს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კონკრეტული ვადები.

ჯანეზაშვილის თქმით, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების პოლიტიკამ სასამართლოს სისტემის კოლაფსი გამოიწვია, რაც სასამართლოში არსებული უმთავრესი პრობლემების უგულებელყოფის შედეგია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, გარდა იმისა, რომ არ არის მიღწეული სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, მოსამართლეთა მიერ საქმეთა განხილვის გაჭიანურებაც მოქალაქეებისთვის უდიდესი ზიანის მომტანია:

“შესაბამისად, ჩნდება კითხვა, თუ რამდენად ახერხებს დღევანდელი სასამართლო მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას. სასამართლო სისტემის ფუნქციონირების თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსამართლეთა რაოდენობას. დღეისათვის საქართველოს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში, 387 მოსამართლის ნაცვლად, 278 მოსამართლეა, რადგან 109 ადგილი ვაკანტურია”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, ვაკანსიების უპრეცედენტო რაოდენობა პირდაპირ მიუთითებს, რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია.

ამასთან, საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნავს, რომ მოსამართლეთა მიერ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად დარღვევას ეხება იმ საჩივრების დიდი ნაწილი, რომლითაც მხარეები ან მათი წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ ინსპექტორს მიმართავენ:

“მოსამართლეთა ე.წ. კლანის პირდაპირი პასუხისმგებლობაა ის, რომ მოქალაქეები სასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების (ასევე, შესაბამისი მოხელეების) დასამატებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი ფინანსები;

მიუხედავად ამისა, გავლენიანი ჯგუფი ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყველა იმ მოსამართლის ბედი, ვის წინააღმდეგაც დისციპლინური საჩივარი არსებობს, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ხელშია, რაც ე.წ. კლანს სისტემაში ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას აძლევს” – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, მოსამართლეთა სიმცირის თვალსაზრისით არასახარბიელო ვითარებაა გამორჩეულად დატვირთულ თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 24 ვაკანსიაა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს კი, ჯანეზაშვილის განცხადებით, 16 მოსამართლის ნაცვლად, 10 მოქმედი მოსამართლე ჰყავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა ვითარება სხვა სასამართლოებში, რადგან, მისი თქმით, მოსამართლე არ ჰყავს გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას;

ასევე, ჯანეზაშვილის ინფორმაციით, სასამართლოებს მაგისტრანტი მოსამართლეები არ ჰყავს 26 მუნიციპალიტეტში, კერძოდ: აბაშაში, ადიგენში, ასპინძაში, ახალგორში, ახმეტაში, ბორჯომში, გარდაბანში, დედოფლისწყაროში, დმანისში, დუშეთში, ვანში, თერჯოლაში, თიანეთში, მარნეულში, მესტიაში, ნინოწმინდაში (ახალქალაქი), ონში, ქედაში, შუახევში, ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, წალკაში, ჭიათურაში, ხარაგაულში, ხობში, ხონში:

“სასამართლოებში ქაოსურად ცდილობენ ამ პრობლემასთან გამკლავებას. მაგალითად, ის მოსამართლე, ვინც სისხლის სამართლის მიმართულებით მუშაობს, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საქმეებსაც იხილავს, ან რაიონული სასამართლოს მოსამართლეები, ძირითად საქმიანობასთან ერთად, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მაგისტრანტი მოსამართლის ფუნქციებსაც ითავსებენ”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი თქმით, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კონკურსის მეშვეობით შეიძლება, რომლებსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იშვიათად ატარებს. მაგალითად, ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წინა კონკურსი 2018 წლის აგვისტოში გამოაცხადა, მომდევნო კი – 2020 წლის ივნისში. ამავდროულად, ჯანეზაშვილი პრობლემურად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ღია კონკურსებს ხშირად მოსამართლეები იყენებენ ერთი სასამართლოდან მეორე სასამართლოში გადასვლის საშუალებად. მისი თქმით, შიდა მობილობის გამო, ხშირ შემთხვევაში, ბევრი ვაკანსია შეუვსებელი რჩება.

ჯანეზაშვილის განცხადებით, ასევე თვალშისაცემია ის გარემოებაც, რომ კონკურენცია ძალზედ დაბალია. კერძოდ, საბჭოს არამოსამართლე წევრი აღნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 98 ვაკანსიაზე გამოცხადებული მიმდინარე კონკურსით 71 პირი დაინტერესდა, რაც  სასამართლო რეფორმის წარუმატებლობაზე მიანიშნებს:

“გარდა ამისა, სასამართლოს მმართველი რგოლის მიმართ უნდობლობა იწვევს იმას, რომ მოსამართლეობის სურვილს შედარებით ნაკლები პროფესიონალი და კეთილსინდისიერი იურისტი გამოთქვამს, რადგან, როგორც ჩანს, მათ არ აქვთ განცდა, რომ არსებული პროტექციონიზმის პირობებში კონკურსში მათ მიმართ სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. ამასთან ერთად, დაბალი კონკურენცია სასამართლო სისტემაში პროფესიონალიზმის ხარისხზეც ნეგატიურად აისახება”, – ამბობს ჯანეზაშვილი.

მისი შეფასებით, სასამართლო სისტემაში არსებული კოლაფსი, გარდა მოსამართლეთა მცირე რაოდენობისა, განპირობებულია მოსამართლეების არასამართლიანი და არასათანადო გადანაწილებით სხვადასხვა სასამართლოში. კერძოდ, ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლოებში, სადაც რესურსების მეტი მობილიზებაა საჭირო, ნაკლები მოსამართლეა და პირიქით:

“აღნიშნულის მკაფიო მაგალითია როგორც თბილისის, ასევე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოები, რადგან ორივე სასამართლოში (პირველი ინსტანციის სასამართლოებისგან განსხვავებით), მოსამართლეთა შტატების რაოდენობა საჭიროზე მეტია, რასაც მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობისა და გადანაწილების შესახებ ჩატარებული კვლევაც მოწმობს. თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მოსამართლის 89 საშტატო ერთეულია, მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობაა 55-ია და არა 89. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც 8 მოსამართლის შტატი ზედმეტია” ,- აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეების დაუბალანსებელი გადანაწილების და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა გამოკვეთილად ჭარბი რაოდენობის მიზეზი მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფია, რადგან მათი დიდი ნაწილი სწორედ სააპელაციო სასამართლოებში იყრის თავს.

იმისთვის, რომ სასამართლო სისტემამ შეძლოს ფუნქციონირება, შექმნილ ვითარებაში, ჯანეზაშვილის თქმით, ერთ-ერთი გამოსავალია, გაიზარდოს მოსამართლეთა რაოდენობა მოსამართლეთა ვაკანსიებზე კონკურსის ჩატარების გზით, კერძოდ, ცვლილება შევიდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, რომლითაც უნდა განისაზღვროს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების კონკრეტული ვადები.

ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ ასეთი ვადები ამჟამად დადგენილი არ არის, რაც საშუალებას აძლევს მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს, კონკურსის გამოცხადება და ჩატარება გაურკვეველი დროით გაწელოს.

მოგვიანებით, ჯანეზაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ჯანეზაშვილი მანიპულაციაში დაადანაშაულა:

“ვფიქრობ, რომ უხერხულად უნდა გრძნობდეს თავს ქალბატონი ნაზი, რადგან მის ორმაგ სტანდარტებს საზღვარი არ აქვს. გეტყვით
რატომაც, ჩვენ ვაკანსიები დავამატეთ დაახლოებით ერთი წლის წინ და გავზარდეთ რაოდენობა სწორედ იმიტომ, რომ მოსამართლეების ნაკლებობა იყო. ამ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ნაზი ჯანეზაშვილმა და ამით ფაქტობრივად უარი თქვა მოსამართლეების რაოდენობის ზრდაზე. ძალიან ბევრი ფაქტია საჯარო, როდესაც ჯანეზაშვილი აპროტესტებდა კონკურსებს და მოსამართლეების დანიშნვის შეჩერებას ითხოვდა.

დღეს კი ის საპირისპიროს საუბრობს. რაც შეეხება მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გაჭიანურებას, რაზეც საუბრობს ნაზი ჯანეზაშვილი. კონკურსის გამოცხადების შემდეგ არის კონკრეტული ვადები- მონაწილე პირების შესახებ დოკუმენტაციის შეგროვების, საბჭოს წევრებისა და კონკურსანტების მიერ ამ დოკუმენტაციის გაცნობის. ეს ვადა რომ დასრულდება დაიწყება გასაუბრების ეტაპი. ვფიქრობ, საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა ეს პროცედურები უნდა იცოდეს. მიუხედავად ამისა, ის მაინც მანიპულირებს ტყუილებით” – განაცხადა მიქაუტაძემ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი