ახალი ამბები

პანდემია მხოლოდ ახლა იწყება, მათ შორის, გერმანიაშიც – დროსტენი

24 სექტემბერი, 2020 • 3538
პანდემია მხოლოდ ახლა იწყება, მათ შორის, გერმანიაშიც – დროსტენი

“შარიტეს” საუნივერსიტეტო კლინიკის ვირუსოლოგიის განყოფილების დირექტორი, პროფესორი ქრისტიან დროსტენი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემია “მხოლოდ ახლა იწყება, მათ შორის, გერმანიაშიც”.

დროსტენმა ინტერვიუ ჯანდაცვის მსოფლიო სამიტის წარმომადგენლებს მისცა, რა დროსაც გერმანულ გამოცდილებაზე და პანდემიის გავრცელების შეკავების შესაძლო გზებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, პანდემია არათუ მეცნიერული ფენომენია, არამედ ბუნებრივი კატასტროფაა, „განათლება კი საუკეთესო ვაქცინაციაა“.

ინტერვიუერის კითხვაზე, რა გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, დროსტენი პასუხობს:

“პანდემია ჯერ მხოლოდ ახლა იწყება, მათ შორის, აქ, გერმანიაშიც. ჩვენ ამჟამად შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ იმ გაკვეთილზე, რომელიც ევროპაში პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ვისწავლეთ, მაგრამ აქაც კი დიდი განსხვავებებს ვაწყდებით.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, რისი თქმაც უკვე შეიძლება, არის ის, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის კარგად და სრულფასოვნად ინფორმირება. როდესაც პოლიტიკოსები პანდემიას პოლიტიკური მიზეზებისთვის იყენებენ, ამას დიდი ზიანის გამოწვევა შეუძლია”, – ამბობს დროსტენი.

რაც შეეხება კორონავირუსთან ბრძოლის გერმანულ გამოცდილებას, ქრისტიან დროსტენი დასძენს, რომ მართალია, გერმანიის მაგალითს წარმატებულად მიიჩნევენ, ბოლომდე გასაგები არ არის, თუ საიდან გამომდინარეობს ეს დასკვნა.

“ამ წარმატებას ჩვენ მივაღწიეთ მხოლოდ იმიტომ, რომ რეაგირება სხვა ქვეყნებზე რამდენიმე კვირით ადრე გვქონდა.  თუმცა, ზუსტად იმავე მექანიზმით, რომლებსაც სხვებიც იყენებენ. ჩვენ გამორჩეულად და განსაკუთრებულად კარგად არაფერი გაგვიკეთებია. უბრალოდ, ადრე გავაკეთეთ. სწორედ ამიტომ, მივაღწიეთ წარმატებასაც.

ჩვენ უფრო წარმატებულნი არ ვიყავით იმიტომ, რომ პირობითად, უკეთესი ჯანდაცვის სისტემა გვაქვს, ვიდრე ფრანგებს, ან უკეთესად ეკიპირებული საავადმყოფოები გვაქვს, ვიდრე ეს იტალიაშია. შემოდგომის განმავლობაში უკეთ გამოჩნდება, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ არაფერს ვაკეთებთ”, – განმარტავს დროსტენი და აქვე ამბობს, რომ მომავალი თვეებისთვის საჭირო იქნება პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღება.

ინტერვიუს ბოლოს დროსტენს ეკითხებიან, თუ როდის ჩამოართმევენ ადამიანები ერთმანეთს ხელს თავისუფლად და “როდის დასრულდება ეს ყველაფერი”, რაზეც პროფესორი პასუხობს, რომ ეს მოხდება მაშინ, “როდესაც ეპიდემიის გავრცელების ჯაჭვი გაწყდება”.

“როდესაც ინფექცია მოსახლეობის შორის უკონტროლოდ აღარ გავრცელდება და იარსებებს მხოლოდ ლოკალური აფეთქებები, რომლის გაკონტროლებაც შესაძლებელი იქნება. ამგვარი სიტუაცია სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დროს დადგება.

სამხრეთ ქვეყნებში ეს შესაძლოა უფრო ადრე მოხდეს იმიტომ, რომ იქ მოსახლოების ასაკობრივი სტრუქტურა განსხვავებულია. ჩვენს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულია ასევე რისკჯგუფების დროულ ვაქცინაციაზეც”, – თქვა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი