ახალი ამბები

დაპირისპირება მოსამართლე გინსბურგის შემცვლელის გამო – რა შეიძლება მოხდეს?

24 სექტემბერი, 2020 • 1177
დაპირისპირება მოსამართლე გინსბურგის შემცვლელის გამო – რა შეიძლება მოხდეს?

2020 წლის 19 სექტემბერს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგის გარდაიცვალებამ შეერთებულ შტატებში არსებულ წინაასაარჩევნო ბრძოლას პოლიტიკური დაძაბულობისა და დაპირისპირების ახალი კერა შემატა.

საპრეზიდენტო არჩევნებამდე თვე-ნახევრით ადრე მომხდარმა ამ ტრაგიკულმა მოვლენამ გააჩინა კითხვა: — შეძლებს თუ არა ტრამპი და მისი მოკავშირე რესპუბლიკური პარტია გინსბურგის შემცვლელის დანიშვნას, მიუხედავად დემოკრატიული პარტიის პროტესტისა, და თუ შეძლებს, ვინ იქნება ადამიანი, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს უზენაეს სასამართლოში ლიბერალური ფრთის ყველაზე ძლიერი საყრდენი, მოსამართლე გინსბურგი.

რუთ ბეიდერ გინსბურგი. ფოტო: EPA/JUSTIN LANE

რატომ არის აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ერთი ადგილიც კი ასე მნიშვნელოვანი? აქვს თუ არა ტრამპს გინსბურგის მემკვიდრის დანიშვნის შანსი, რას [არ] შეცვლის ეს, როგორი იქნება შორეული შედეგები და რატომ ადანაშაულებენ პრეზიდენტ ტრამპსა და მის თანაპარტიელებს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში?

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობა

აშშ-ის უზენაესი სასამართლო ქვეყნის სასამართლო ხელისუფლების მწვერვალზე დგას. უვადოდ დანიშნული ცხრა წევრისგან შემდგარ სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილებები [რაც არაერთხელ გაუკეთებია], რომლებსაც ამერიკულ საზოგადოებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა ექნება. მაგალითად, ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების აკრძალვის არაკონსტიტუციურად ცნობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აბორტის ლეგალურად გამოცხადება და ასე შემდეგ.

ამასთან ერთად, უზენაეს სასამართლოს შეუძლია პრეზიდენტის და კონგრესის მიერ მიღებული კანონებისა და გადაწყვეტილებების გაუქმება ან ძალაში დატოვება. მაგალითად, 2018 წელს უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ბრძანება, რომელიც ეხებოდა მუსლიმური ქვეყნებიდან აშშ-ში მგზავრობის აკრძალვას, არ ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას.

თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, მას ყოველთვის ერთი ხმის უპირატესობით იღებენ, ანუ, 5 მოსამართლე 4-ის წინააღმდეგ. ამგვარად, ერთი ადგილიც კი საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება გამოდგეს.

თუ ტრამპი და რესპუბლიკელები თავისას მიაღწევენ, მას თავისი ოთხწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში უკვე 3 მოსამართლე ეყოლება დანიშნული. შესაბამისად, მაქსიმალურად გაძლიერდება ე.წ. კონსერვატიული ფრთა — 6 მოსამართლე რესპუბლიკელი პრეზიდენტის მიერ იქნება დანიშნული, ხოლო მხოლოდ 3 — დემოკრატების. აღნიშნული ბალანსის შეცვლას კი, შესაძლოა, ათწლეულებიც კი დასჭირდეს.

ვის დანიშვნას გეგმავს ტრამპი?

გინსბურგის გარდაცვალებიდან მალევე, ტრამპმა დააანონსა, რომ უახლოეს დღეებში მისი ადგილის დასაკავებლად სენატს კანდიდატურას შესთავაზებდა. ამერიკული მედიის ცნობით, მთავარი ფავოროტია ემი ქოუნი ბარეტი ილინოისის შტატიდან. მისი კონსერვატიული შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება ლიბერალური ღირებულებების მქონე გინსბურგისგან.

48 წლის ბარეტი, რომელიც ამჟამად მეშვიდე ფედერალური ოლქის სააპელაციო მოსამართლეა, უზენაესი სასამართლოს ასევე გარდაცვლილი წევრის — „კონსერვატიული ფრთის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლის, ანტონინ სკალიას დამხმარე იყო. ის, როგორც მინიმუმ, მიიჩნევს, რომ უზენაესმა სასამართლომ შეიძლება გადახედოს აბორტის ლეგალიზების საქმეს [Roe v. Wade, 1973]. შაბათამდე, როცა ტრამპმა თავისი რჩეული უნდა წარადგინოს, მთავარ ფავორიტად სწორედ ბარეტი ითვლება.

რა შანსები აქვთ ტრამპსა და რესპუბლიკელებს — ძალთა ბალანსი

უზენაესი მოსამართლის დანიშვნას პროცედურა შემდეგია:

  • პრეზიდენტი ასახელებს კანდიდატურას და გადასცემს მას აშშ-ის კონგრესის სენატს;
  • გამოძიების ფედერალური ბიური [FBI] და სენატის იურიდიული კომიტეტი იწყებს კანდიდატის წარსულის შემოწმებას;
  • კანდიდატს განიხილავს სენატის იურიდიული კომიტეტი [აქ უმრავლესობა აქვთ რესპუბლიკელებს] და უგზავნის სენატის სრულ შემადგენლობას [ტრადიციის მიხედვით, ეს იმ შემთხვევაშიც კი მოხდება, თუ კომიტეტის უმრავლესობა კანდიდატის წინააღმდეგ იქნება];
  • კანდიდატს კენჭს უყრის სენატის სრული შემადგენლობა. დასამტკიცებლად საჭიროა ხმების მარტივი უმრავლესობა;

სენატში ამჟამად 53 რესპუბლიკელი, 45 დემოკრატი და 2 დამოუკიდებელი წევრია [ბერნი სანდერსი და ანგუს კინგი შედიან დემორკატთა ფრაქციაში]. ამგვარად, რესპუბლიკელებს სჭირდებათ მინიმუმ 51 ან 50 ხმა, თუ დემოკრატთა რიგებში არ გამოჩნდებიან სენატორები, რომლებიც ასევე მოინდომებენ ტრამპის კანდიდატის მხარდაჭერას.

ამჟამად, ტრამპის კანდიდატურის მხარდაჭერაზე მხოლოდ ორი სენატორი — ლიზა მურკოვსკი ალასკიდან და სიუზენ კოლინზი მეინიდან — ამბობს უარს. მათი არგუმენტით, მოსამართლე არ უნდა დაინიშნოს საპრეზიდენტო არჩევნების წელს. სწორედ ასე მოხდა ოთხი წლის წინ, როცა რესპუბლიკელებმა უარი განაცხადეს პრეზიდენტ ობამას კანდიდატის, მერიკ გარლანდის განხილვაზეც კი.

თუმცა მხოლოდ კოლინზისა და მურკოვსკის ხმები საკმარისი არ არის — რესპუბლიკელებს კვლავ აქვთ 51 ხმა და იმის რესურსიც, რომ კიდევ ერთმა სენატორმა არ დაუჭიროს მხარი კანდიდატს, რადგანაც ხმების თანაბრად გაყოფის — 50:50-ის შემთხვევაში გადამყწვეტი ხმის მიცემის უფლება აქვს სენატის პრეზიდენტს, ანუ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს.

გამოდის, რომ როცა ტრამპი 26 სექტემბერს თავის კანდიდატს წარადგენს, რესპუბლიკელებს 39 დღე ექნებათ მის დასანიშნად არჩევნების დღემდე. თუმცა სენატს თავისუფლად შეუძლია, კანდიდატი არჩევნების შემდეგ, ტრამპის დამარცხების შემთხვევაშიც კი დაამტკიცოს. 116-ე მოწვევის კონგრესს უფლებამოსილების ვადა 3 იანვარს ამოეწურება, ხოლო პრეზიდენტს — 20 იანვარს. მინიმუმ 3 იანვრამდე დემოკრატებს არ ექნებათ რესპუბლიკელებისთვის ხელის შეშლის ისეთი ბერკეტი, რომელიც პროცესს 3 [თუ დემოკრატებმა სენატის კონტროლი მოიპოვეს] ან 20 [თუ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება] იანვრამდე გადაწევს.

„ორმაგი სტანდარტები“ და „შურისძიება“?

დემოკრატიული პარტიის წევრები მოუწოდებენ რესპუბლიკელებს, მოსამართლის დანიშვნა შემდეგ წლამდე გადადონ — დაელოდონ ამერიკელი ხალხის მიერ პრეზიდენტის არჩევას და ახსენებენ 2016 წლის მაგალითს.

მაშინ კონსერვატორი მოსამართლის, ანტონინ სკალიას გარდაცვალების შემდეგ რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა სენატმა უარი განაცხადა პრეზიდენტ ობამას მიერ შეთავაზებული კანდიდატის განხილვაზე. უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა მიზეზად დაასახელა ექვს თვეში ჩასატარებელი საპრეზენტო არჩევნები და განაცხადა, რომ სჯობდა, მოსამართლის არჩევის საქმეში სიტყვა ამომრჩეველს ეთქვა:

  • „მომავალ მოსამართლეს შეუძლია, ფუნდამენტურად შეცვალოს სასამართლოს მიმდინარეობა და უზარმაზარი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაზე. ამიტომაც, ამერიკელმა ხალხმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ხალხმა შეიძლება აირჩიოს პრეზიდენტი, რომელიც სენატს კვლავ მოსამართლე გარლანდს შესთავაზებს. შეიძლება, შემდეგმა პრეზიდენტმა სულ სხვა ვინმე შემოგვთავაზოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ხედვა ასეთია: მივცეთ ხალხს ხმა ამ პროცესში“, — თქვა მაშინ მაკკონელმა.

რითი განსხვავდება 2020 წელი 2016-სგან? — მაკკონელის აზრით, რაკი ახლა სენატსაც და თეთრ სახლსაც რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს, მოსამართლის დანიშვნა მართებული იქნება. მისი კიდევ ერთი არგუმენტი 2018 წლის შუალედური არჩევნების შედეგია — მაშინ რესპუბლიკელებმა სენატში პოზიციები გაიმყარეს — საკანონმდებლო ორგანოში ორი დემოკრატი რესპუბლიკელებმა ჩაანაცვლეს.

საპრეზიდენტო არჩევნების წელს მოსამართლის დანიშვნის წინააღმდეგ გამოდიოდა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლინდსი გრემი, თუმცა პოზიცია მანაც შეიცვალა. ერთ-ერთ მიზეზად გრემი ასახელებს დემოკრატების მიდგომას ბრეტ კავანას მიმართ — 2018 წელს იგი იყო ტრამპის კანდიდატი მოსამართლე ენტონი კენედის გათავისუფლებულ ადგილას. კავანას მიმართ გახმიანდა ბრალდებები სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით, გრემი კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დამცველი იყო.

რა შეიძლება მოხდეს, თუ ტრამპის კანდიდატი დაამტკიცეს?

ანალიტიკოსების ვარაუდით, მოსამართლის დამტკიცება კიდევ უფრო დაეხმარება დემოკრატთა შანსებს 3 ნოემბრის არჩევნებზე, რადგანაც მათი მხარდამჭერების მობილიზიაციას განაპირობებს. ამასთან ერთად, ბაიდენი ტრამპს უკვე უსწრებს წინასაარჩევნო გამოკითხვებში. The Economist-ის შეფასებით კი, დემოკრატებს სენატში უმრავლესობის მოპოვების 67%-იანი შანსი აქვთ.

თუმცა ეს შეიძლება სულაც ვერ გახდეს წარმატების საწინდარი — არაა გამორიცხული, კონსერვატორების მიერ კონტროლირებადმა სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს დემოკრატთა უმთავრესი ინიციატივები.

ამ ყველაფრის ფონზე, დემოკრატიულ პარტიაში, ამერიკული მედიის ცნობით, განიხილავენ „სასამართლოს შევსების“ [pack the court] სტრატეგიას — აშშ-ის კონსტიტუციით არაა გათვალისწინებული, თუ რამდენი წევრი უნდა ჰყავდეს უზენაეს სასამართლოს. დემოკრატებს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, შეუძლიათ 9-წევრიანი სასამართლო, პირობითად, 13-წევრიანი გახადონ, ახალი 4 წევრის ამორჩევა კი დემოკრატი პრეზიდენტის პრეროგატივა იქნება.

ამის მცდელობის ისტორიული პრეცედენტი უკვე არსებობს — 1930-იან წლებში უზენაესი სასამართლო „ბლოკავდა“ პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის „ახალი კურსის“ ასპექტებს, მაგრამ მაშინ, საბოლოო ჯამში, რუზველტმა და სენატმა მოსამართლეთა რაოდენობა აღარ გაზარდეს. თუმცა ამის გასაკეთებლად დღეს დემოკრატებს მოუწევთ თავიანთ რიგებში უთანხმოების დაძლევა და სხვა ფაქტორების, მაგალითად, ინსტიტუტის დაკნინების და რესპუბლიკელების მხრიდან იმავე ნაბიჯების გადადგმის ალბათობის დაძლევა.

სასამართლომ შეიძლება არჩევნების ბედი გადაწყვიტოს?

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეიძლება უზენაესი სასამართლოს გადასაწყვეტი გახდეს, საპრეზიდენტო არჩევნების ბედია — მსგავსი პრეცედენტი უკვე იყო 2000 წელს. მაშინ სასამართლოს განჩინებით ფლორიდის შტატში ხმების ხელმეორედ დათვლა შეწყდა და ჯორჯ ბუში გამარჯვებულად გამოცხადდა 537 ხმის უპირატესობით 6 მილიონიდან.

განსაკუთრებით აქტუალური ეს სცენარი კორონავირუსის პანდემიის გამოა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ბევრ შტატში მოქალაქეებს შეეძლებათ ხმა ფოსტის მეშვეობით მისცენ. ტრამპი ამ სისტემის მიმართ უაღრესად კრიტიკულადაა განწყობილი — მისი მოსაზრებით, ასე არჩევნების გაყალბებაა შესაძლებელი.

ფოსტით ხმის მიცემის კონტექსტში ანალიტიკოსები საუბრობენ ფენომენზე, რომელსაც ძირითადად ორი სახელწოდებით მოიხსენიებენ: „ლურჯი გადახრა“ ან „წითელი მირაჟი“ — ესე იგი, არჩევნების დღეს არაა გამორციხული, დონალდ ტრამპი შტატების დიდ ნაწილში ბაიდენზე წინ იყოს და ამგვარად მოაგროვოს საკმარისი ხმები გამარჯვებისთვის, თუმცა მოგვიანებით, როცა დათვლილი იქნება ფოსტით დაფიქსირებული ხმები, ბაიდენი წინ გავიდეს.

ანალიტიკოსები ამ ფენომენს იმით ხსნიან, რომ რესპუბლიკელები და ტრამპის მხარდამჭერები, უფრო დიდი ალბათობით, საარჩევნო ოლქებში მისცემენ ხმას, ბაიდენის მხარდამჭერები კი, ფოსტით. არაა გამორიცხული, რომ ამ და სხვა ახალი გამოწვევების გამო არჩევნების ირგვლივ პოზიციის დაფიქსირება კვლავ უზენაეს სასამართლოს მოუწიოს.

საბოლოო ჯამში, როგორც არ უნდა დამთავრდეს გინსბურგის მემკვიდრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, შედეგი იქნება ახალი ცვლილებებისა და პრობლემების კატალიზატორი.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი