ახალი ამბები

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ გინსბურგი გარდაიცვალა

19 სექტემბერი, 2020 • 2517
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ გინსბურგი  გარდაიცვალა

აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. უზენაესმა სასამართლომ მისი გარდაცვალების მიზეზად პანკრეასის კიბოთი გამოწვეული გართულებები დაასახელა.

გინსბურგი 1970-იან წლებში ქალის უფლებების სამართლებრივი ბრძოლის შემოქმედი იყო და კულტურულ და ფემინისტურ სიმბოლოდ იქცა. ის იყო მეორე ქალი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდა. ის უზენაეს სასამართლოში 1993 წელს, ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს, დაინიშნა და მოსამართლეობის 27-წლიან პერიოდში ის სასამართლოს ლიბერალური ფრთის ლიდერად ითვლებოდა.

უხუცესი წევრის გარდაცვალებას უზენაესი სასამართლო შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა:

“ჩვენმა ერმა დაკარგა სამართლინობის ისტორიული ფიგურა. ჩვენ უზენაეს სასამართლოში დავკარგეთ სანუკვარი კოლეგა. დღეს ჩვენ ვგლოვობთ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი თაობები რუთ ბადერ გინსბურგს, როგორც მას ვიცნობდით, სამართლიანობისთვის დაუღალავი და შეუპოვარ მებრძოლად გაიხსენებენ”.

გინსბურგის გარდაცვალების შემდეგ საერთაშორისო მედია მისი შემცვლელის დანიშვნას განიხილავს. როგორც ცნობილია აშშ-ში უზენაესი სასამართლოს წევრებს უვადოდ ნიშნავენ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს აშშ-ს პრეზიდენტი ასახელებს, რომელიც სენატმა უნდა დაამტკიცოს.

ცნობილია, თავად გინსბურგის დამოკიდებულება აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის დონალ ტრამპის მიმართ. მას ტრამპის პოლიტიკა არ მოსწონდა და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შვილიშვილს უთხრა, რომ არ სურდა მისი შემცვლელი დონალ ტრამპს დაესახელებინა, რომელსაც პრეზიდენტობის ვადა ნოემბერში ეწურება. მას სურდა, რომ უზენაესი სასამართლოს ახალი წევრი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებულ ახალ პრეზიდენტს წარედგინა.

ამასთან, აშშ-ს უახლოეს წარსულში მსგავსი გამოცდილება არსებობს, როდესაც ტრამპის წინამორბედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას პრეზიდენტობის ბოლო წელს, 2016 წელს, უზენაესი სასამართლოს წევრის დასახელების საშუალება არ მიეცა. ახალი წევრი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სწორედ ტრამპმა დაასახელა.

თუმცა ამერიკული მედია და ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ტრამპმა გინსბურგის შემცვლელი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაასახელოს და ამით უზენაეს სასამართლოში კონსერვატორების ფრთის გაძლიერებას შეეცადოს. ამჟამად უზენაესის 9 წევრიდან 5 კონსერვატორია. იმ შემთხვევაში, თუ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატურას დაამტკიცებენ, შესაძლოა, სასამართლოში 6 კონსერვატორი და 3 ლიბერალი მოსამართლე აღმოჩნდეს, რაც ძალთა ბალანსს მნიშვნელოვნად შეცვლის.

ამავდროულად, სენატის უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი, რომელიც 2016 წელს ობამას მიერ უზენაესის ახალი წევრის წარდგენას ეწინააღმდეგებოდა, იმ მიზეზით, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები ამომრჩეველს საშუალებას მისცემდა გაითვალისწინონ, თუ რა სახის სამართლიანობა სურთ, ახლა აცხადებს, რომ  თუ ტრამპი გინსბურგის შემცვლელს არჩევნებამდე წარადგენს, მას კენჭს უყრიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი