ახალი ამბები

B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი დეფიტიცურია – რა არის გამოსავალი?

25 სექტემბერი, 2020 • 5324
B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი დეფიტიცურია – რა არის გამოსავალი?

საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ამჟამად დეფიციტურია B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი „ვირეადი“ (ტენოფოვირი). სპეციალისტების თანახმად, იმ ქრონიკული პაციენტებისთვის, ვინც „ვირეადს“ მოიხმარდა, მისი ვერმოხმარება დაავადების რეაქტივაციის (“გამოღვიძების”) რისკს წარმოშობს.

თავდაპირველად „ვირეადის“ დეფიციტურობაზე ყურადღება კლინიკა „მრჩეველის“ ექიმმა, გასტროენტეროლოგმა და ჰეპატოლოგმა, ჯაბა ზარქუამ გაამახვილა ფეისბუკზე:

„ორიგინალი მედიკამენტი „ვირეადი“ (ტენოფოვირი) არაა ბაზარზე და არც იციან, როდის იქნება“, – დაწერა მან და შექმნილ ვითარებას უწოდა „სერიოზული განგაშის საფუძველი“ იმის ფონზე, რომ „ქვეყანა ზრდასრულ მოსახლეობაში B ჰეპატიტის ვირუსის გავრცელების მხრივ შედის საშუალო გავრცელების ზონაში (დაახლ. 80 ათასი ქრონიკული პაციენტი)“.

B ჰეპატიტის შესახებ

B ჰეპატიტი არის ინფექციური  დაავადებაა, რომელსაც B ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC-ის) თანახმად, ვირუსი ორგანიზმში  ხვდება დაზიანებული  კანის და/ან ლორწოვანი გარსის საშუალებით  ინფიცირებულის სისხლთან  ან ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით.

კერძოდ:  სქესობრივი კონტაქტით,  საინექციო ნარკოტიკების მიღებისას  საზიარო შპრიცით,  ნემსით ან სხვა აქსესუარით სარგებლობისას, ინფიცირებული დედისგან (მშობიარობისას), ინფიცირებულის სისხლთან  ან ღია ჭრილობასთან კონტაქტით. ამასთან, ვირუსი არ ვრცელდება  საკვებით  ან წყლით, საზიარო ჭურჭლის გამოყენებით, ძუძუთი კვებით,  ჩახუტებით, კოცნით,  ხელის ჩამორთმევით და ა.შ.

ის გარემოში ცოცხლობს 7 დღე და ინარჩუნებს ინფიცირების უნარს. ინკუბაციური პერიოდი, საშუალოდ, 90 დღეა (შესაძლებელია 60-150 დღე).

NCDC-ის თანახმადვე, B ჰეპატიტის სიმპტომებია:ცხელება,  სისუსტე,  მადის დაქვეითება, გულისრევა,  ღებინება, მუცლის ტკივილი,  მუქი ფერის შარდი, თიხისფერი  განავალი, სახსრების ტკივილი,  სიყვითლე (მოზრდილებში), 5 წლამდე ბავშვებში, დაქვეითებული იმუნიტეტის  მქონე უფროსებში და ქრონიკულ პაციენტებში დაავადება ძირითადად  უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ჩვილების  90%-ს  და ბავშვების  (1-5  წელი) 25-50%-ს უვითარდება  ქრონიკული დაავადება, დაავადება  უფრო მძიმედ მიმდინარეობს 60 წლის და უფროს პაციენტებში.

B ჰეპატიტის გართულებებია ღვიძლის ციროზი ან კარცინომა (კიბო).

„ნეტგაზეთმა“ 4 სააფთიაქო ქსელში გადაამოწმა, აქვთ თუ არა პრეპარატი გასაყიდად: PSP-ში, „ფარმადეპოში“, GPC-სა და „ავერსში“. „ვირეადი“ არცერთი მათგანის ქსელში არ აღმოჩნდა. თუმცა მომხმარებელს ქსელების ნაწილი სთავაზობს მედიკამენტის შეკვეთით ჩამოტანას, ექიმის გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე, რასაც 3-4 კვირამდე დრო სჭირდება.

ექიმის თანახმად, პრობლემა ისაა, რომ წამლის არმიღება ვირუსის რეაქტივაციის რისკს აჩენს: „პრობლემას ის ართულებს, რომ პაციენტები, რომლებიც იტარებენ თერაპიას, თუ შეწყვეტენ მას, დგებიან B ვირუსის რეაქტივაციის რისკის წინაშე, რომელმაც სერიოზული და შეუქცევადი საფრთხე შეიძლება შეუქმნას მათ ჯანმრთელობას“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრს — დაწესებულებას, სადაც B ჰეპატიტს მკურნალობენ. ცენტრის ინფექციონისტმა ფატი გაბუნიამ დაგვიდასტურა, რომ „ვირეადი“ B ჰეპატიტით დაავადებული ქრონიკული პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენება;

ინფექციონისტმა გვითხრა, რომ თუ პაციენტი სვამს ამ პრეპარატს, შემდეგ კი წყვეტს მიღებას სხვადასხვა მიზეზის გამო- „ან ვერ შეიძინა, ან დეფიციტურია და ა.შ.- ეს ნამდვილად იწვევს დაავადების ხელახალ რეაქტივაციას“.

„რა თქმა უნდა, ციროზი სწრაფად არ ჩამოყალიბდება, თუმცა, რეალურად, პრეპარატის გარეშე პაციენტის დატოვება, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის სასურველი და რეკომენდებული, ეს პაციენტის ჯანმრთელობას ნამდვილად დააზარალებს“, – გვითხრა მან.

ფატი გაბუნიას თქმით, არ გაუკვირდება, რომ პრეპარატი მართლაც დეფიციტური იყოს: „კოვიდის ეპიდემიის ფონზე, ბევრი პრეპარატი გახდა დეფიციტური ფარმაკოლოგიურ ბაზარზე და არანაირად არ მიკვირს, თუ ეს ასეა“.

თუმცა მან ასევე გვითხრა, რომ ფოვირალი — ვირეადის ინდური ანალოგი, ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბაზარზე.

„რამდენადაც ვიცი, დიდი სხვაობა თანხაში არ უნდა იყოს. ფოვირალი მისი სრული ბიოეკვივალენტური პრეპარატია“, – ამბობს იგი.

როგორც „ნეტგაზეთმა“ გაარკვია, ზოგიერთ ქსელში მართლაც ხელმისაწვდომია „ვირეადის“ ალტერნატივა — 245 მგ-იანი „ფოვირალი“, თუმცა, როგორც ექიმი ჯაბა ზარქუა წერს, ეს B ვირუსის სამკურნალო დოზა არაა, „თუმცა ასეთი გაჭირვების ჟამს დასაშვებია, — [მიღების] სულ შეწყვეტას სჯობს“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით, გეგმავენ თუ არა კომპანიებთან მოლაპარაკებებს, რომ მოხდეს მედიკამენტის შემოტანის წახალისება. ჩვენ უწყებისგან რამდენიმე დღის განმავლობაში ვცდილობდით პასუხის მიღებას აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მაგრამ უშედეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი