საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს 17 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში ორი თანამშრომლის დაღუპვის ფაქტზე.
გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინციდენტის დროს შრომის უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
„რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული“ .
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტროგადამცემი ხაზი ინციდენტის მომენტში მაღალი ძაბვის ქვეშ არ უნდა ყოფილიყო, რაც ასევე შეთანხმებული იყო ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან.
„სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არამხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას“, – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.
საქართველოს რკინიგზა იმედს გამოთქვამს, რომ მომხდარზე დადგინდება ობიექტური ჭეშმარიტება.
ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანია ენერგო პრო-ჯორჯიას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ავთო დვალიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას აცხადებს, რომ ინციდენტის დროს კომპანიის მიერ შეჩერებული იყო ძაბვის მიწოდება.
„ენერგო-პრო ჯორჯიამ თავის მხრივ მოიკვლია ფაქტი და დადგინდა, რომ კომპანიის ქსელში წარმოებული მანიპულაციებისას ნებისმიერი ხარვეზი გამორიცხულია. მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული სადენს ენერგო-პრო ჯორჯიას ქსელიდან არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია 14 საათი და 18 წუთიდან, რკინიგზელებმაც ამის შემდეგ დაიწყეს ხაზზე მუშაობა, ამ დროს ელექტროენერგია რომ შეწყვეტილი არ ყოფილიყო, მუშაობასაც, რა თქმა უნდა, ვერ დაიწყებდნენ. ენერგიის მიწოდება არც შემდგომში აღდგენილა.“
კომპანიის წარმომადგენლის მიხედვით, არსებობს ძაბვის სხვა, ენერგო პრო-ჯორჯიასგან დამოუკიდებელი ხაზით მიღების ტექნიკური საშუალება.
„არსებობს ტექნიკური საშუალება, რომ სხვა მხრიდან მიეღო აღნიშნულ ხაზს ძაბვა, იმ მიმართულებიდან, რომელიც არ არის ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრება, თუმცა, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს სიმართლეს.“
ნეტგაზეთი ცდილობს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტში მოიკვლიოს, განხორციელდა თუ არა შრომის ადგილის შემოწმება და პირველადი დასკვნით გამოვლინდა თუ არა შრომითი უსაფრთხოების დარღევები.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.