ნეტგაზეთი | პანდემიისას მივლინებების ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა – TI პანდემიისას მივლინებების ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა – TI – Netgazeti
RU | GE  

პანდემიისას მივლინებების ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეულმა ხარჯებმა თითქმის 11 მლნ ლარი შეადგინა.

ორგანიზაციის ცნობითვე, მოცემულ პერიოდში სამივლინებო ხარჯების თითქმის განახევრებისას გაუგებარია რატომ და როგორ დაიხარჯა 10.9 მლნ ლარი მივლინებებზე, როცა ქვეყანას აპრილ-ივნისის პერიოში საზღვრები ჩაკეტილი ჰქონდა. ამ კითხვით ნეტგაზეთმა ფინანსთა სამინისტროსაც მიმართა და უწყების პასუხს მიღებითანავე გავავრცელებთ.

“მიმდინარე წლის მეორე კვარტალში მივლინებებზე გაწეული ხარჯები 10.6 მლნ ლარით (49%-ით) შემცირდა და 10.9 მლნ ლარი შეადგინა. შემცირების მიუხედავად, საინტერესოა, აპრილი-ივნისის განმავლობაში, როდესაც ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილი იყო, ხოლო ქვეყნის შიგნით გადაადგილება შეზღუდული იყო, რატომ და როგორ დაიხარჯა მივლინებებზე 11 მლნ ლარამდე. იანვარ-მარტში მივლინების ხარჯები 2.5 მლნ ლარით შემცირდა და 15.5 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, მიმდინარე წლის 6 თვეში მივლინების ხარჯებმა 26.4 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის 6 თვის მაჩვენებელზე 13.1 მლნ ლარით (33%-ით) ნაკლებია”, – ნათქვამია TI-ის კვლევაში.

ორგანიზაციის მიერ დღეს, 17 სექტემბერს, გამოქვეყნებული ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების ანალიზის თანახმად, საქართველოს მთავრობამ ბიუჯეტის შემოსულობების 6 თვის გეგმა 761 მლნ ლარით გაიზარდა, შედეგად შემოსულობებმა ჯამში დაახლოებით 7.6 მილიარდი ლარი შეადგინა. შემოსულობების ზრდა დამატებითი ვალების აღებამ განაპირობა. 6 თვეში საქართველოს მთავრობამ დაახლოებით 2.5 მილიარდი ლარის ვალი აიღო. 30 ივნისის მდგომარეობით მთავრობის ვალმა 24.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 49%-ია.

რაც შეეხება ბიუროკრატიულ ხარჯებს, 6 თვეში შტატგარეშეთა ანაზღაურება 20.4 მლნ ლარით (19%-ით) არის გაზრდილი. TI-ის თანახმად, ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციულ ხარჯებში ეკონომიის გაკეთება მთავრობის პრიორიტეტი უნდა ყოფილიყო.

“ჯანდაცვის ხარჯების 6 თვის გეგმა 595 მლნ ლარიდან 737 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად ვირუსის გავრცელებამ განაპირობა. გასული წლების მსგავსად, ისევ არასაკმარისი აღმოჩნდა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაზე გამოყოფილი თანხა. 6 თვის თავდაპირველი გეგმა 89 მლნ ლარით გაიზარდა და 523 მლნ ლარი შეადგინა. წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯი ერთ მილიარდ ლარს მიაღწევს, როცა წლიური გეგმით 802 მლნ ლარია გათვალისწინებული,”-წერია ანგარიშში.

კორონავირუსის გამო 2020 წლის ბიუჯეტში მთავრობა ბიზნესის თუ მოქალაქეების დასახმარებლად სხვადასხვა დახმარება ჩადო. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს ინფორმაციით, პროგრამები 3 მიმართულებით შეიქმნა: ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ბიზნესის სუბსიდირება. 2020 წლის პირველ ნახევარში „კორონავირუსით” გამოწვეულ ახალ პროგრამებზე 460 მლნ ლარი გამოიყო, ფაქტობრივად კი 370 მლნ ლარი დაიხარჯა.

პანდემიის გამო ბიუჯეტის გეგმა ყველაზე მეტად განათლებისა და ინფირასტრუქტურის სამინისტროებს შეუმცირდათ. ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს (452 მლნ ლარით) და ეკონომიკის სამინისტროს (19.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა გაიზარდა, ყველაზე მეტად კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (47.4 მლნ ლარით) და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს (37.6 მლნ ლარით) 6 თვის გეგმა შემცირდა.

2019 წლის პირველ ნახევართან შედარებით, 2020 წლის 6 თვეში ბიუჯეტის ხარჯები 869 მლნ ლარით გაიზარდა, საიდანაც 631 მლნ ლარი სოციალური ხარჯების ზრდაზე მოდის. 35 მლნ ლარით გაიზარდა შრომის ანაზღაურების ხარჯი.

ორგანიზაცია მთავრობას რეომენდაციით მიმართავს წელს მოზიდული საგარეო დახმარების ნაწილი 2021 წელს დახარჯოს და მომავალ წლებში მთავრობის ვალის შემცირების სტრატეგია შეიმუშაოს, რადგან 2020 წელს ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობა კრიტიკულ ზღვარს, მშპ-ის 60%-ს უახლოვდება.

ამას გარდა, TI საქართველოს მთავრობას  შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

  • მიუხედავად განახლებული გეგმებისა, ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობამ არააუცილებელი ხარჯები ეკონომიურად გაწიოს და დაზოგილი თანხა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების დახმარებას და ბიზნესის საგადასახადო შეღავათებს მოახმაროს
  • პრობლემად რჩება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რომლის გადაწყვეტა აღნიშნული პროგრამის ეფექტიანობის ზრდის მიზნით აუცილებელია;

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.