ნეტგაზეთი | მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემია – IRI-ის კვლევა მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემია – IRI-ის კვლევა – Netgazeti
RU | GE  

მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა და პანდემია – IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 20 აგვისტოს მდგომარეობით, საკუთარი ოჯახის ეკონომიკურ ვითარებას გარკვეულწილად დადებითად აფასებს გამოკითხულთა 39%, 36%-ის შეფასებით კი მათი ეს მდგომარეობა გარკვეულწილად ცუდია, 22%-ის თქმით, ოჯახში ძალიან ცუდი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

აღნიშნული მაჩვენებელები ნაწილობრივ შეცვლილია 20 ივნისის შემდეგ. მაშინ გამოკითხულთა 32% ამბობდა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად კარგი იყო, 43%-ის შეფასებით კი, ოჯახში გარკვეულწილად ცუდი მდგომარეობა ჰქონდათ. საკუთარ ეკონომიკურ მდგომარეობას 20 ივნისსაც ძალიან ცუდად აფასებდა 22%.

2019 წელს დასმულ ანალოგიურ კითხვაზე გამოკითხულთა 37%-მა პროცენტმა უპასუხა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად კარგი იყო, 43%-ს თქმით, გარკვეულწილად ცუდი. აღნიშნულ მდგომარეობას ძალიან ცუდად აფასებდა გამოკითხულთა 17%.

სამივე პერიოდის შემთხვევაში გამოკითხულთა მხოლოდ 2%-მა თქვა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან კარგი იყო. ასევე, სამივე გამოკითხვისას აღნიშნულ კითხვაზე პასუხისგან თავი შეიკავა 1%-მა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, 20 აგვისტოს მდგომარეობით, 39%-მა თქვა, რომ აღნიშნული სიტაუცია გარკვეულწილად გაუარესდა, 32%-ის თქმით, არ შეცვლილა, 25%-ის შეფასებით კი, საგრძნობლად გაუარესდა.

20 ივნისის ანალოგიური გამოკითხვის შედეგებით, 42% ამბობდა, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუარესდა, 29%-ის თქმით, არ შეცვლილა, 25%-ის შეფასებით კი, საგრძნობლად გაუარესდა.

ორივე გამოკითხვის შემთხვევაში, აღნიშნულ კითხვაზე 3%-ის პასუხი იყო, რომ მათი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გარკვეულწილად გაუმჯობესდა, 1%-ის თქმით კი, მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ასევე 1%-მა თავი შეიკავა კითხვაზე პასუხის გაცემისგან.

ასევე, გამოკითხულთა 31%-მა საკუთარი ოჯახის ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა, 15%-მა კი -ეკონომიკური მდგომარეობა. ოჯახის მთავარ პრობლემად სიღარიბე დაასახელა 8%-მა, დაბალი ხელფასები კი- 6%-მა. ამასთან, ჯანმრთელობას საკუთარი ოჯახის ყველაზე დიდ პრობლემად მიიჩნევს 4%. 2-2 პროცენტის თქმით, ფასების ზრდა, დაბალი ხელფასები და ცუდი საცხოვრებელი პირობებია მათი ოჯახის ყველაზე დიდი პრობლემა. თითო-თითო პროცენტისთვის კი მედიკამენტებზე მაღალი ფასები, სასმელი წყალი, უსახლკარობა, სოციალური პრობლემები, და ბანკის ვალებია მთავარი პრობლემა.

გამოკითხულთა 4%-ის თქმით,  სხვა პრობლემები აწუხებთ, 8%-ის თქმით კი, საერთოდ არ აქვს ოჯახში პრობლემა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 14%-მა.

საკუთარი ქალაქის ან სოფლის მთავარ პრობლემად უმუშევრობა დაასახელა 25%-მა, სასმელი წყალი- 12%-მა, ეკონომიკა- 7%-მა, გზები- 5%-მა, სიღარიბე- 4%-მა. 3-3 პროცენტის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა ინფრასტრუქტურა და გაზის მიწოდებაა, 2-2 პროცენტის თქმით, ცუდი ტრანსპორტი, საავტომობილო საცობები, გასართობი ადგილების ნაკლებობა და კანალიზაციის სისტემაა მთავარი პრობლემა. თითო-თითო პროცენტმა ფასების ზრდა, სოციალური პრობლემები, დანაშაული და სამთავრობო ინიციატივები დაასახელა. 12%-ის თქმით, მათ ქალაქს ან სოფელს სხვა პრობლემები აქვს, 2%-ის თქმით კი, საერთოდ არ არსებობს რაიმე სახის პრობლემა. აღნიშნულ კითხვაზე პასუხი არ გასცა გამოკითხულთა 9%-მა პროცენტმა.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორის, რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 – 21 აგვისტოს პერიოდში.

საველე სამუშაოები ჩატარდა „აიფიემის“ მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი