ახალი ამბები

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე — მოქალაქეთა მთავარი პრობლემები NDI-ის კვლევის მიხედვით

11 დეკემბერი, 2023 • 737
ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე — მოქალაქეთა მთავარი პრობლემები NDI-ის კვლევის მიხედვით

ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე — ესაა ის საკითხები, რასაც საქართველოს მოსახლეობა მთავარ გამოწვევად ასახელებს. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, ეროვნული დონის გამოწვევებს შორის ტერიტორიული მთლიანობა მხოლოდ მე-4 ადგილზეა.

ჩამოთვლილთაგან, რომელი ეროვნული საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი (მაქსიმუმ სამი პასუხი) – NDI-ს კვლევა

განათლება

NDI-ის კვლევის ფარგლებში ცალკე დაისვა კითხვა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის. ამ მიმართულებით მოქალაქეები მთავარ გამოწვევებად განათლების დაბალ ხარისხს (24%), მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალ კვალიფიკაციას (23%) და უნივერსიტეტებში სწავლების მაღალ საფასურს (22%) ასახელებენ.

განათლების სისტემაში არსებულ სხვა გამოწვევებს შორის სახელდება მაღალი ფასი საგანმანათლებლო მასალებზე/წიგნებზე, რეპეტიტორების მაღალი საფასური, მასწავლებელთა/ლექტორთა დაბალი ხელფასები და სკოლებში/უნივერსიტეტებში თანამედროვე ტექნილოგიების არარსებობაც.

რეგიონებთან შედარებით თბილისელები განათლების სისტემის წინაშე არსებულ პრობლემებს უფრო კრიტიკულად აფასებენ.

მცირედი სხვაობა შეინიშნება ქალებისა და კაცების ხედვებს შორის: განათლების საფასურს, კაცებთან შედარებით, მეტი ქალი ასახელებს პრობლემად.

ჯანდაცვა

რაც შეეხება ჯანდაცვის სისტემას, ამ მხრივ მთავარ გამოწვევებად წამლებისა (68%) და სამედიცინო მომსახურების (40%) საფასური სახელდება. ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებს შორის მესამე ადგილზეა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ნაკლებობა (28%) და წამლების დაბალი ხარისხი (28%).

ჯანდაცვის მიმართულებით გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდეცია. მაგალითად, მოსახლეობის 90% ფიქრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისებსაც უნდა ფარავდეს.


კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი