ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელ 8%-ზე დატოვა

16 სექტემბერი, 2020 • 659
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელ 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელ 8%-ზე დატოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი უცვლელი დარჩა.

სებ-ის ინფორმაციით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა ამ გადაწყვეტილების მიღებისას ინფლაციის კლების ტენდენცია მიიღო მხედველობაში, რასაც ძირითადად განაპირობებს პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება. ამას გარდა, ეროვნულ ბანკში ინფლაციის მატების რისკებად ლარის რყევებს ასახელებენ. აქედან გამომდინარე, “ჯერ კიდევ მაღალი გაურკვევლობის ფონზე”, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა.

“როგორც მოსალოდნელი იყო, წლიური ინფლაცია შემცირებას განაგრძობს და მან აგვისტოში 4.8 პროცენტი შეადგინა. არსებული პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, წლის დარჩენილ პერიოდში წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, ის 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონეს ჩამოსცდება და შემდგომ მას ქვემოდან დაუახლოვდება. ინფლაციის მოსალოდნელ ცვლილებას ძირითადად სუსტი ერთობლივი – მეტწილად საგარეო – მოთხოვნა განსაზღვრავს. თუმცა კომიტეტმა ასევე გაითვალისწინა ინფლაციის მოლოდინების კუთხით არსებული რისკები, რომლებიც სავალუტო ბაზრებზე გაზრდილ მერყეობასა და მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებლის ხანგრძლივად შენარჩუნებას თან ახლავს. აღსანიშნავია მიწოდების მხარის პოტენციური რისკებიც”, – აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.

სებ-ში ასევე მიაჩნიათ, რომ უნდა მოხდეს იპოთეკური სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც ამ ტიპის სესხებზე  მოთხოვნას ზრდის, თუმცა ასევე აქვს შერბილებული მონეტარული პოლიტიკის ეფექტიც, ანუ მომხმარებლისთვის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი უფრო იაფია.

“გასათვალისწინებელია, რომ ერთობლივ მოთხოვნაზე პოზიტიურად მოქმედებს მნიშვნელოვანი ფისკალური სტიმული, მათ შორის, იპოთეკური სესხების საპროცენტო ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება, რასაც, ფაქტობრივად, მონეტარული პოლიტიკის შერბილების მსგავსი ეფექტი აქვს. გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა (ნორმალიზაცია) მომავალში გაგრძელდება და მისი ტემპი ინფლაციის მოლოდინებსა და ეკონომიკური აქტივობის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული”, – ნათქვამია განცხადებაში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი