ახალი ამბები

დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო – გახარია

11 სექტემბერი, 2020 • 1717
დიდ ქალაქებში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო – გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას, თქმით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე თბილისში, გორში, ზუგდიდში, რუსთავში, ფოთში და ქუთაისში სწავლა 1 ოქტომბრამდე გადაიდო. ამის შესახებ გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას თქმით ამ ქალაქებში ნებისმიერი სახის სასწავლო პროცესი, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებში და სკოლებში სწავლა პირველი ოქტომრიდან დაიწყება. მისი განმარტებით ამ გადაწყვეტილების მიზეზი ეპიდსიტუაციის რისკების სწორი შეფასებაა:

“ეს პერიოდი ჩვენ დაგვჭირდება იმისთვის, რომ სწორედ შევაფასოთ დღევანდელი რისკები და ამისთვის ჩვენ ეპიდემიოლოგებთან ერთად გვჭირდება ორი კვირა და ამის შემდეგ ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან მიმართებაში”, – განაცხადა გახარიამ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის პრევენციისთვის მნიშველოვანია თვითმონიტორინგი და “ხანდაზმულ ადამიანებზე ყურადღების გამახვილება”.

ბრიფინგის დასრულებისას, გიორგი გახარიამ სწავლის გადადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ონლაინ სწავლება 15 სექტემბერს დაიწყება, თუმცა მოსწავლეებსა და სტუდენტებს სასწავლო დაწესებულებებში მისვლა 1 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

გახარიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსა და დახურულ სივრცეებში არსებულ სასწავლო წრეებს. რაც შეეხება ღია ცის ქვეშ არსებულ სასწავლო წრეებს, პრემიერის თქმით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ამ მიმართულებით სპეციალურ პროტოკოლს შეიმუშავებენ.

სასწავლო პროცესის გადადებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემაც. მისი თქმით დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად უფრო მაღალია ვიდრე სხვა დასახლებულ პუნქტებში. ამასთან ასეთ ქალაქებში მაღალია ინტერნეტიზაციის დონეც, რაც სწავლის ჰიბრიდული მეთოდით დაწყებას შეუწყობს ხელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი