ახალი ამბები

“მასშტაბური ცდებისას ეს ნორმალურია” – ოქსფორდის ვაქცინის ცდა დროებით შეაჩერეს

9 სექტემბერი, 2020 •
“მასშტაბური ცდებისას ეს ნორმალურია” – ოქსფორდის ვაქცინის ცდა დროებით შეაჩერეს

ოქსფორდის უნივერსიტეტმა და კომპანია AstraZeneca-მ დროებით შეაჩერეს კორონავირუსის ვაქცინის გამოცდის მესამე, ფინალური ეტაპი. ამის მიზეზი გახდა ცდაში მონაწილე ერთი პირის მოულოდნელი ავადმყოფობა. ახლა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უნდა გამოიკვლიონ, ცდაში მონაწილე პირი ვაქცინის გამო გახდა ავად, თუ ეს უბრალოდ დამთხვევაა, რომელიც სხვა ფაქტორმა გამოიწვია.

ოქსფორდის უნივერსიტეტი ვაქცინის ცდისას უმაღლესი სტანდარტებით ხელმძღვანელობს, რათა გამოირიცხოს ნებისმიერი უარყოფითი ეფექტი. სწორედ ამიტომ, დროებით არის შეჩერებული ცდის მესამე ეტაპი, რომელშიც აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის მასშტაბით 30 ათასი ადამიანია ჩართული. ოქსფორდის ვაქცინამ გამოცდის პირველი და მეორე ეტაპი წარმატებით გაიარა.

თუ დადგინდება, რომ ცდაში მონაწილე პირის ავადმყოფობას კავშირი არ აქვს ვაქცინის მოქმედებასთან, მაშინ ცდის მესამე ეტაპი გაგრძელდება და წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კორონავირუსის ვაქცინა მზად იქნება. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც ოქსფორდის ვაქცინის მასშტაბური გამოცდა დროებით შეაჩერეს და როგორც მეცნიერები ამბობენ, ამაში საგანგაშო არაფერია.

“ნებისმიერი მასშტაბური ცდისას ავადმყოფობა შეიძლება გამოვლინდეს შემთხვევით (სხვა მიზეზით). თუმცა თითოეული ასეთი შემთხვევა დამოუკიდებლად და ყურადღებით უნდა იყოს შესწავლილი”, – BBC-ის ცნობით განაცხადა ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესსპიკერმა. ვარაუდობენ, რომ ცდის მესამე ეტაპი უახლოეს დღეებში განახლდება.

კორონავირუსის ვაქცინაზე ამ ეტაპზე მსოფლიოში არაერთი კომპანია მუშაობს, რამდენიმე ვაქცინამ უკვე გაიარა ცდის პირველი და მეორე ეტაპი, რა დროსაც ამ ვაქცინებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავება და ისინი უსაფრთხოა. თუმცა მათ გასავლელი აქვთ დასკვნითი, მესამე ეტაპი, რომლის მიზანიც ადამიანთა უფრო დიდ რაოდენობაზე გამოცდაა, რომელმაც უნდა აჩვენოს, რომელიმე ვაქცინას ხომ არ აქვს ხანგრძლივი მოქმედების უარყოფითი ეფექტი ადამიანის ჯანმრთელობაზე. სწორედ მესამე ეტაპის წარმატების დასრულების შემდეგ ვაქცინა ჩაეშვება წარმოებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი