ახალი ამბები

კოლესნიკოვამ საზღვარზე პასპორტი დახია, რათა ბელარუსიდან გაძევება აეცილებინა – მედია

8 სექტემბერი, 2020 • 1147
კოლესნიკოვამ საზღვარზე პასპორტი დახია, რათა ბელარუსიდან გაძევება აეცილებინა – მედია

ბელარუსელმა ოპოზიციონერმა მარია კოლესნიკოვამ უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე თავისი პასპორტი გაანადგურა, რათა ქვეყნიდან გაძევება აეცილებინა: ამის შესახებ უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი და მედია იტყობინებიან. აღნიშნულს წინ უძღოდა ბელარუსის სახელმწიფო მედიის ცნობები, რომ კოლესნიკოვა ქვეყნის დატოვების მცდელობისას, საზღვარზე დააკავეს.

მინსკის ცენტრიდან საზღვრამდე – რა ხდება კოლესნიკოვას გარშემო

ბელარუსელი ოპოზიციონერის შესახებ მეორე დღეა, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდება. თავდაპირველად,  7 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უცნობმა პირებმა ბელარუსის აქციების ლიდერი მინსკის ცენტრიდან მინივენით გაიტაცეს.

უკვე დღეს, ბელარუსის სახელმწიფო ტელეარხმა გამოაცხადა, რომ მარია კოლესნიკოვა ბელარუსი-უკრაინის საზღვარზე 8 სექტემბერს, გამთენიისას დააკავეს მაშინ, როცა ავტომობილით ცდილობდა ქვეყნის დატოვებას. ამავე ცნობებით, კიდევ ორი ოპოზიციონერი – ანტონ როდნეკობი და ივან კრავტსოვი – რომლებიც ასევე იმყოფებოდნენ ავტომობილში, უკვე უკრაინაში არიან.

ბელარუსის სახელმწიფო მედია ამ ინფორმაციის გავრცელებისას დაეყრდნო ბელარუსი სახელმწიფო სასაზღვრო უწყების წარმომადგენელს, ანტონ ბიჩკუსკის. თუმცა, “რადიო თავისუფლების” თანახმად, ცოტა ხნით ადრე ბიჩკუსკი ამბობდა, რომ სამმა ოპოზიციონერმა, მათ შორის, კოლესნიკოვამ, ქვეყანა დატოვეს და ის არსად ახსენებდა მის დაკავებას.

ბელარუსის სახელმწიფო მედიამ მოგვიანებით ასევე დაწერა, რომ მანქანამ, რომელშიც სამი ოპოზიციონერი იჯდა, საზღვართან სვლას უმატა და ამ დროს, “კოლესნიკოვა ავტომობილის გარეთ აღმოჩნდა”. ამ ცნობებით, ქალს “მანქანიდან გარეთ უბიძგეს” და მის გარეშე განაგრძეს მოძრაობა.

ალექსანდრე ლუკაშენკომ, რომელმაც რუს ჟურნალისტებს მისცა ინტერვიუ, თქვა, რომ კოლესნიკოვა აღნიშნული მოვლენების დროს, საზღვრის კვეთის წესების დარღვევისთვის დააკავეს.

თუმცა, შუადღისას, კოლესნიკოვას შესახებ სრულიად განსხვავებული ცნობები გაავრცელეს სხვა, არასახელმწიფო გამოცემებმა და ადგილობრივმა აქტივისტებმა. ამ ინფორმაციის თანახმად, ოპოზიციონერ ლიდერს ძალით ატოვებინებდნენ ბელარუსს, რის თავიდან ასაცილებლადაც მან საზღვარზე პასპორტი გაანადგურა.

“როცა მის დადეპორტებას ცდილობდნენ, მან პასპორტი დახია, რათა მესაზღვრეებს უკრაინის ტერიტორიაზე არ შეეშვათ”, – იუწყება “ინტერფაქს უკრაინა” “ადგილობრივ წყაროებზე” დაყრდნობით.

მოვლენებს ასევე გამოეხმაურა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშენკო, რომელმაც ასევე გამორიცხა ბელარუსის ხელისუფლების ვერსია. მისი თქმით, კოლესნიკოვასა და სხვა ოპოზიციონერების შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “იძულებით გაძევებას”.

“მარია კოლესნიკოვა ვერ გააძევეს ბელარუსიდან, რადგან ამ მამაცმა ქალმა იმოქმედა ისე, რომ აღეკვეთა მოძრაობა საზღვარზე… ის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დარჩა”, – წერს გერაშენკო “ფეისბუქზე”.

კოლესნიკოვა ერთადერთია ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაწყებული მოძრაობის სამი ლიდერი ქალიდან, რომელიც ამ დრომდე რჩება ქვეყნის შიგნით. არჩევნების შემდეგ ის ოპოზიციის მიერ შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს წევრი გახდა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, ბელარუსში მასშტაბური დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეები პროტესტს სხვადასხვა ფორმით ყოველდღიურად გამოხატავენ. ბოლო ხალხმრავალი აქცია მინსკსა და სხვა ქალაქებში 6 სექტემბერს გაიმართა. შსს-ს ცნობით, პროტესტის დროს 600 ადამიანი დააკავეს.

რა ხდება ბელარუსში

9 აგვისტოს არჩევნების შედეგებით, რომლებიც ბელორუსის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, ალექსანდრე ლუკაშენკომ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მის მთავარ კონკურენტად მიჩნეული სვეტლანა ტიხანოვსკაია შედეგებს არ აღიარებს.

არჩევნების შემდგომ ბელორუსში დაიწყო ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლუკაშენკოს წინააღმდეგ და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. ბელორუსში აქციების ორგანიზებისათვის აქტიურად იყენებენ “ტელეგრამს”. პროტესტის პირველ დღეებში პოლიციამ 6 000-ზე მეტი ადამიანი დააკავა, ძალოვნების ქმედებებისა და შეტაკებების შედეგად დაშავდა ასობით მოქალაქე. ადამიანები, რომელთაც დაკავების იზოლატორები უკვე დატოვეს, სასტიკი წამების შესახებ ყვებიან. დადასტურებულია ინფორმაცია სამი დაღუპულის შესახებ.

11 აგვისტოს, დილის საათებში, ცნობილი გახდა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია ლიეტუვაში იმყოფება. მისმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ქვეყანა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, ოფიციალურ პირთა ზეწოლით დატოვა. ტიხანოვსკაია ლიტვიდან პერიოდულად ავრცელებს ვიდეომიმართვებს საპროტესტო მოძრაობის მხარდასაჭერად.

ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციები ბელორუსის დედაქალაქსა და დიდ ქალაქებში 16 აგვისტოს გაიმართა. მრავალი დემონსტრანტი შეუერთდა აქციას გასულ შაბათ-კვირასაც. მსხვილი ქარხნების მუშები და სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცნენ.

17 აგვისტოს, წინა დღეს გამართული ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ლუკაშენკოს არაერთგზის მოუწია უკმაყოფილო შეძახილების მოსმენა სატრაქტორო ქარხნის მუშების მხრიდან, რომელთა წინაშეც ის სიტყვით გამოვიდა.

აღნიშნული გამოსვლისას ლუკაშენკომ გამორიცხა ხელახალი არჩევნების ჩატარება, თუმცა მისი რიტორიკა ნაწილობრივ შეიცვალა დღის ბოლოს: მან თქვა, რომ ახალი არჩევნები მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ალექსანდრე ლუკაშენკომ არაერთგზის ახმიანებს ხისტ შეფასებებს დემონსტრაციების მონაწილეთა მიმართ და ამბობს, რომ ისინი საზღვარგარეთიდან იმართებიან. 19 აგვისტოს კი თქვა, რომ სახელმწიფომ არმიის ნაწილები ბელორუსის დასავლეთ საზღვრებთან გადაისროლა უცხო ქვეყნების მთავრობების განცხადებების საპასუხოდ. საუბარია განცხადებებზე, რომლებითაც დასავლეთის ქვეყნები კრიტიკულად აფასებენ ვითარებას ბელორუსის შიგნით.

რუსეთის, ჩინეთისა და ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყნისგან განსხვავებით, არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ ევროკავშირი და აშშ. ისინი ასევე გმობენ პოლიციის მქედებებს დემონსტრანტების მიმართ. ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ბელარუსის ოფიციალური პირების ნაწილს, მათ შორის, ლუკაშენკოს, სამოგზაურო შეზღუდვებს დაუწესებენ. ევროკავშირმა კი თქვა, რომ ის სანქციებს დაუწესებს იმ ოფიციალურ პირებს, რომელთაც მონაწილეობა მიიღეს არჩევნების გაყალბებასა და დემონსტრანტებზე ძალადობაში.

ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსს 26 წელია მართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი