გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ მკვლელობის ნაწილში ბრალდებულებმა მათ ხელთ არსებული მტკიცებულებები წაშალეს.
პროკურორი ამბობს, რომ ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ბრალდებულების აბსოლუტური უმრავლესობა საგამოძიებო ორგანოში მომზადებული მივიდა, მათ შორის, შეუძლებელი იყო მათი ფრჩხილებიდან ნუმუშის აღება.
რაც შეეხება გიორგი შაქარაშვილის სამოსსა და ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზებს, პროკურორი ამბობს, რომ წარმოუდგენელია ცხედარმა წყალში ამდენი დრო გაატარო და მასზე დნმ-ის კვალი ან მიკრონაწილაკები დარჩეს:
“შეუძლებელია ადამიანი ამდენი ხანი წყალში იყოს და მასზე ან დნმ-ის კვალი დარჩეს ან მიკრონაწილაკები თუნდაც ფრჩხილებში. ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნებში სუაბარია იმაზე, რომ ბრალდებულების მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ტანსაცმელზე, რა თქმა უნდა, ბრალდებულები როდესაც ჩვენთან მოვიდნენ და ნიმუშები ავიღეთ, ფრჩხილები, ფაქტობრივად, ყველას ჰქონდა დაჭრილი.
ისინი მოემზადნენ და ისე მოვიდნენ საგამოძიებო უწყებაში, შესაბამისად, მე ვფიქრობ მათ იცოდნენ, რომ მათ ტანსაცმელზე არანაირი კვალი არ იქნებოდა. მათ არამხოლოდ ტანსაცმელზე, ტელეფონებშიც წაშალეს ინფორმაცია და ყველა შესაძლო მტკიცებულება, რომელიც მათ ხელთ იყო იმ დროისთვის, წაშალეს. გამოძიებას მოუსპეს შესაძლებლობა, ეს მტკიცებულებები მოეპოვებინა”, -ამბობს ყაზარაშვილი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში 3-4 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალი 5 პირს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.
ფიგურანტების დიდ ნაწილს ფრჩხილიდან ნიმუშები ვერ აუღეს | შაქარაშვილის საქმე