ახალი ამბებისამართალი

ფიგურანტების დიდ ნაწილს ფრჩხილიდან ნიმუშები ვერ აუღეს | შაქარაშვილის საქმე

20 ივლისი, 2020 • 2937
ფიგურანტების დიდ ნაწილს ფრჩხილიდან ნიმუშები ვერ აუღეს | შაქარაშვილის საქმე

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ფიგურანტების უმრავლსობას ექსპერტებმა ფრჩხილიდან ნიმუშები ვერ აუღეს. ამის მიზეზად შესაბამის ოქმებში მითითებულია, რომ აღნიშნულ პირებს ფრჩხილები იმ “მინიმუმზე დაბალ დონეზე” ჰქონდათ დაჭრილი, ვიდრე საჭიროა ნიმუშის ასაღებად.

აღსანიშნავია, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ტოიოტა ქემრისა და მერსედესის მგაზვრებს, არამედ ნარეკვავის დასახლებაში გამართულ წვეულებაზე მომხდარ ჩხუბში მონაწილე პირებსაც. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის სხვადასხვა მუხლით  დაკავებულია 17 ადამიანი.

თუმცა საქმის მასალებში ჩანს, რომ გამოძიებას ამოღებული აქვს ფიგურანტების ხელის ანაწმენდები.

როგორც “ნეტგაზეთს” კრიმინალისტმა ზაზა ალთუნაშვილმა განუცხადა, საკვლევ პირთა ფრჩხილიდან ისეთი ნიმუშების აღება იყო შესაძლებელი, როგორიცაა ბოჭკოები და სხვა მიკრონაწილაკები:

“ხელის შემლელია გამოძიებისთვის, რამდენადაც დანიშნული აქვთ შესადარებელი ობიექტების ექსპერტიზები და, ფაქტობრივად, ამას ვეღარ მოახერხებენ. ბიოლოგიური ნიმუშების გარდა, აქ მიკრონაწილაკებზეა საუბარი. მათ შორის, ბოჭკოებზე და მრავალ სხვა კომპონენტზე, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს სხვა ნიმუშები”, – ამბობს ექსპერტი.

მისი თქმით, ბრალდებულებისა და მოწმეებისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ხელის ანაწმენდები აღნიშნულ კვლევას ვერ ჩაანაცვლებს, ვინაოდან ისინი მხოლოდ გენეტიკური ექსპერტიზისთვისაა გამოსადეგი.

კრიმინალისტის თქმით, აღნიშნული ტენდენცია შესაძლოა რამდენიმე ფაქტორით აიხსნას და რთულია იმის მტკიცება, რომ აღნიშნულმა პირებმა განგებ დაიჭრეს ფრჩხილები ასეთ დაბალ ნიშნულზე, რათა გამოძიებისთვის რაიმე დაემალათ:

“რთული სათქმელია, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ სულ ასე ატარებს ფრჩხილებს, შეიძლება საქმიანობის სპეციფიკიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, მაგალითად, სპორტსმენები ცდილობენ ფრჩხილები არ ჰქონდეთ. ამიტომ კატეგორიულად ვერ ვიტყვით, რომ ეს განგებ გააკეთეს. ლოგიკურად, შეიძლება რაღაც იეჭვო, მაგრამ ამას ხომ ვერ დაუმტკიცებ?!”, – ამბობს ალთუნაშვილი.

ამ საკითხთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორს, იურისტ მაია მწარიაშვილსაც ესაუბრა. მწარიაშვილი, ალთუნაშვილის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შესაძლებელია ეს დამთხვევა იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები შაქარაშვილის საქმეზე დაგვიანებით ჩატარდა:

“არცერთი საქმე არ დგას მხოლოდ ერთ მტკიცებულებაზე. ამიტომ, რასაკვირველია, მხოლოდ ფრჩხილიდან აღებული ნიმუში გამოძიების ქვაკუთხედი არ არის. ბევრი რამ შეიძლება იყოს, ურჩიეს, გააფრთხილეს, დაემთხვა… ფაქტია, ისინი მომზადებულები მივიდნენ საგამოძიებო ორგანოში, რადგან [მომხდარი ფაქტიდან] რამდენიმე დღის შემდეგ მივიდნენ.

მხოლოდ ეს რომ იყოს, ეჭვი არავის შეეპარებოდა, თუმცა ამ საქმეს ბევრი ხარვეზები აქვს. ზოგი ცოდნით, ზოგი უცოდინრობით, ზოგი განზრახვით. როცა ბევრი რამე იყრის ხოლმე თავს, ასეთი ეჭვები ჩნდება. შედეგი გვაქვს სახეზე, ერთი თვე გავიდა და მკვლელობაში ბრალდებული არ გვყავს, რაც ნიშნავს, რომ გამოძიება ეფექტური არ არის”, – ამბობს მწარიაშვილი.


პროკურატურის მიერ 10 ივლისს გასაჯაროებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზი წყალში დახრჩობით გამოწვეული ასფიქსიაა, თუმცა, ამავე ექსპერტიზის მიხედვით, ფეხბურთელს სხეულზე სიკვდილამდე მცირე ხნით ადრე ბლაგვი, მკვრივი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნება.

ამასთან ერთად, უწყების ცნობითვე, შაქარაშვილის საქმეზე მიმდინარე გამოძიების უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა. თუმცა ამავე განცხადებაში არ არის მოცემული ინფორმაცია, ამ მუხლით წაუყენეს თუ არა ვინმეს ბრალი. პროკურატურაში განმარტავენ, რომ გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს კონკრეტული ბრალდებულები ამ მიმართლებით. უწყებაში განმარტავენ, რომ ექსპერტიზის შედეგები, რომლითაც დადასტურდა, რომ შაქარაშვილს სიცოცხლეში აქვს მიყენებული დაზიანებები, საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ საქმეს ახალი მუხლი დაემატოს, დანარჩენი დეტალების გამოსარკვევად გამოძიება გრძელდება.

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ გარდაცვლილი მოკლულია. მისი ბიძა, მირიან ნიკოლაძე ფიქრობს, რომ მას ჯერ დაზიანებები მიაყენეს და შემდეგ გადააგდეს მდინარეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი