ახალი ამბები

კაპანაძის თქმით, სასამართლომ ევსაქების არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა

4 სექტემბერი, 2020 • 809
კაპანაძის თქმით, სასამართლომ ევსაქების არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არ დააკმაყოფილა

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა “ევროატლანტიკური ვექტორის“ თავმჯდომარის, სერგო ჯავახიძის სარჩელი, რომელიც არჩევნებიდან  პარტიის მოხსნას ითხოვდა. „ევროპულ საქართველოში“ ამ ნაბიჯს არასერიოზულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი არჩევნებიდან პარტიის მოსახსნელად.

ჯავახიძემ 4 სექტემბერს „მედიაჰოლდინგ კვირაში“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნებიდან უნდა მოიხსნან. მისივე თქმით, უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს და გაასაჩივრა ცესკოს გადაწყვეტილება პარტიის დარეგისტრირებაზე.

ჯავახიძემ არგუმენტად მოიყვანა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს პარტიების საარჩევნოდ რეგისტრაციას და რეგისტრაციების გაუქმების წესს.

კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (ან პირების) ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ის ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას;

სერგო ჯავახიძემ თქვა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადი გააკეთა 2 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა გასული იყო, რადგან თვლიან, რომ მათ პირველი პუნქტი ეხებათ და „თვლიან, რომ თავისი წარდგენით ჰყავდათ პარლამენტის წევრები“:

„ეს სიცრუეა და ამის გამო ჩვენ ცესკოს განკარგულება მათი რეგისტრაციაში გატარების შესახებ გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაცილი წესით.“

„ნეტგაზეთთან“ საუბარში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის დეპუტატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ კანონის აღნიშნული პუნქტების ფორმალური მოთხოვნა დაცული აქვს. თარხნიშვილი, რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს, 2007-10 წლებში, ცესკოს თავმდჯომარე იყო, გვეუბნება:

„მარტივი ამბავია — 2016 წელს არსებობდა ბლოკი, სადაც შედიოდა „ევროპული საქართველო“. მართალია, მაშინ სხვა დასახელება ჰქონდა, — „ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“, — მაგრამ იურიდიულად ეს ზუსტად იგივე ერთეულია, რომელსაც დღეს წარმოადგენს ჩვენი დეპუტაცია 19 ადამიანით. შესაბამისად, იურიდიულადაც ნონსენსია, რასაც ბატონი სერგო ამბობს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი