ახალი ამბები

სერგო ჯავახიძე ევსაქების არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს — პარტიაში ამას უსაფუძვლოს უწოდებენ

4 სექტემბერი, 2020 • 1649
სერგო ჯავახიძე ევსაქების არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს — პარტიაში ამას უსაფუძვლოს უწოდებენ

პარტია „ევროატლანტიკური ვექტორის“ თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე ითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია გაუუქმოს „ევროპულ საქართველოს“.

„ევროპულ საქართველოში“ ამ ნაბიჯს არასერიოზულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ არ არსებობს არანაირი საფუძველი პარტიის არჩევნებიდან მოსახსნელად.

რა ხდება?

ჯავახიძემ 4 სექტემბერს „მედიაჰოლდინგ კვირაში“ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ და „ევროპული საქართველო“ არჩევნებიდან უნდა მოიხსნან.

ბრიფინგზე ჯავახიძემ ძირითადად „ევროპული საქართველოს“ შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე მიმართა საქალაქო სასამართლოს და გაასაჩივრა ცესკოს გადაწყვეტილება პარტიის დარეგისტრირებაზე.

ჯავახიძემ არგუმენტად მოიყვანა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს პარტიების საარჩევნოდ რეგისტრაციას და რეგისტრაციების გაუქმების წესს.

კერძოდ, ამ მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტია მისი ხელმძღვანელი პირის (ან პირების) ხელმოწერილი სათანადო განცხადებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარეს:

ა) საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ მას არჩევნების დანიშვნის დროისათვის ჰყავს მისი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრი;

ბ) პარლამენტის არჩევნების წლის პირველი იანვრიდან 15 ივლისამდე, თუ ის ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას;

სერგო ჯავახიძემ თქვა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ განაცხადი გააკეთა 2 სექტემბერს, ანუ მაშინ, როდესაც მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა გასული იყო, რადგან თვლიან, რომ მათ პირველი პუნქტი ეხებათ და „თვლიან, რომ თავისი წარდგენით ჰყავდათ პარლამენტის წევრები“:

„ეს სიცრუეა და ამის გამო ჩვენ ცესკოს განკარგულება მათი რეგისტრაციაში გაატარების შესახებ გავასაჩივრეთ საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაცილი წესით“. ამის საფუძველი ჯავახიძემ შემდეგნაირად ახსნა:

ჯავახიძისეული დასაბუთება

„2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების პარტიული სია იყო „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკით. ამ პარტიულ სიაში დავით ბაქრაძეც კი … „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. „ევროპული საქართველოს“ ყველა პარლამენტარი ან არის უპარტიო ან არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი“, – განაცხადა მან.

ჯავახიძის თქმით, აქედან გამომდინარე, „ევროპულმა საქართველომ“ დაარღვია საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლი და დაგვიანებით შეიტანა რეგისტრაციაზე საბუთები, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება ცესკომ „უკანონოდ“ მიიღო.

საუბრის დაწყებისას მან თქვა, რომ ითხოვს „პატრიოტთა ალიანსის“ რეგისტრაციის გაუქმებასაც დაფინანსებასთან დაკავშირებით და დასძინა: „არავის მინდა ეგონოს, რომ კონკრეტულად ერთ პარტიას ვერჩი“.  მოგვიანებით კი თქვა, რომ „არ შეიძლება ჩრდილოეთის ან დასავლეთის კარნახით ვატარებდით არჩევნებს“.

სერგო ჯავახიძის პარტიის, „ევროატლანტიკური ვექტორის“ ფეისბუკის გვერდზე (რომელსაც 1600-მდე მოწონება აქვს) იძებნება 3 სექტემბრის პირდაპირი ჩართვა, სადაც ჯავახიძე საქალაქო სასამართლოსთან დგას და იმავე მოთხოვნაზე საუბრობს.

„ევროპული საქართველოს“ პასუხი

„ნეტგაზეთთან“ საუბარში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის დეპუტატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოს“ კანონის აღნიშნული პუნქტების ფორმალური მოთხოვნა დაცული აქვს. თარხნიშვილი, რომელიც ენმ-ის მმართველობის დროს, 2007-10 წლებში, ცესკოს თავმდჯომარე იყო, გვეუბნება:

„მარტივი ამბავია — 2016 წელს არსებობდა ბლოკი, სადაც შედიოდა „ევროპული საქართველო“. მართალია, მაშინ სხვა დასახელება ჰქონდა, — „ევროპული საქართველო – თავისუფლების მოძრაობა“, — მაგრამ იურიდიულად ეს ზუსტად იგივე ერთეულია, რომელსაც დღეს წარმოადგენს ჩვენი დეპუტაცია 19 ადამიანით. შესაბამისად, იურიდიულადაც ნონსენსია, რასაც ბატონი სერგო ამბობს“.

ლევან თარხნიშვილის თანახმად, იმ გარემოებას, რომ ის პარლამენტარები, რომლებიც ახლა „ევროპულ საქართველოს“ წარმოადგენენ პარლამენტში, 2016 წელს პარტიულად ენმ-ის წევრები ან უპარტიორები იყვნენ, ამ საკითხის გადასაწყვეტად მნიშვნელობა არა აქვს.

იურიდიულად ისინი წარმოადგენდნენ ბლოკს და თუ მაინც ფორმალურ გარემოებებზეა საუბარი, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს ფორმალური მოთხოვნა დაცულია“, – ამბობს თარხნიშვილი და დასძენს: „თუ ვინმეს უნდა იდავოს, იდავოს, უბრალოდ გაკვირვებას იწვევს მისი ქცევა, — სხვა საქმე არა აქვს, რომ ერთ-ერთ მთავარ ოპოზიციურ ძალასთან იდავოს და ამით გააკეთოს ქართული ოცნების საქმე“.

თუმცა საარჩევნო კოდექსის 197-ე მუხლის პირველ პუნქტში საუბარია არა ბლოკით, არამედ პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრზე. ამაზე გორის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ მართალია, საარჩევნო კოდექსში გარკვეული ცვლილებები შევიდა 2016 წლის შემდეგ, თუმცა ამ ცვლილებებს უკუძალა არა აქვს.

მსგავს მაგალითად თარხნიშვილის შემდეგი რამ მოჰყავს: „მაგალითად, ის, რომ შემდეგ პარლამენტში ერთი ბლოკიდან გასულ დეპუტატებს არ ექნებათ საშუალება, სხვადასხვა ფრაქცია შექმნან. უნდა გააკეთონ ერთი ფრაქცია, ან იყვნენ უფრაქციოები, თუ დატოვებენ ფრაქციას. ეს აქამდე ასე არ იყო“. სწორედ ამ ცვლილებამდე არსებული რედაქციით მოახერხა „ევროპულმა საქართველომ“ ენმ-სგან გამოყოფის შემდეგ პარლამენტში ფრაქციების შემქნა, რასაც შემდეგი მოწვევის პარლამენტში ვერ მოახერხებდა.

თარხნიშვილის თქმითვე, „ეს არის ის შემთხვევა, რომ ვიღაცა ერთ პარტიაში შედიოდა და გადაინაცვლა სხვა პარტიაში და ამითი უზრუნველყო მისი საპარლამენტო პარტიის სტატუსი“, შესაბამისად, სერგო ჯავახიძის გადაწყვეტილებას, სასამართლოში გაასაჩივროს ცესკოს გადაწყვეტილება, „ბრძოლის კომიკური ხერხს“ უწოდებს.

თარხნიშვილი ასევე ამბობს, რომ „ევროპულ საქართველოში“ სერიოზულად არ აღიქვამენ სერგო ჯავახიძეს — „ადამიანს, რომელიც პოზიციონირებს, როგორც ოპოზიცია და იმის ნაცვლად, რომ დაკავებული იყოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლით, დაკავებულია ოპოზიციურ პარტიებთან ბრძოლით, რაც ყველაფერს ხსნის“.

სერგო ჯავახიძის შესახებ

სერგო ჯავახიძის სახელი ფიგურირებს 2014 წლის საქმეში, რაც ენმ-ის დროინდელი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის არჩევნებიდან მოსხნას უკავშირდება. ოქრუაშვილი 2014 წელს გორის მერობისთვის აპირებდა ბრძოლას. საქმის დეტალები ასეთი იყო:

გორის საოლქო საარჩევნო კომისიამ ოქრუაშვილი, თავდაპირველად, მართალია, დაარეგისტრირა მერობის კანდიდატად, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება ჯავახიძემ გაასაჩივრა, რომელიც მაშინ წარმოადგენდა პოლიტიკურ გაერთიანებას „სამართლიანი საქართველოსთვის“ [ამავე გადაწყვეტილებას ცალკე ასაჩივრებდა მამუკა გიორგაძე „სახალხო პარტიიდან“].

ჯავახიძე მიუთითებდა, რომ ოქრუაშვილი ვერ აკმაყოფილებდა საარჩევნო კოდექსით მოთხოვნილ ორწლიან საცხოვრებელ ცენზს — ანუ ოქრუაშვილს ბოლო სრული 2 წლის განმავლობაში არ უცხოვრია საქართველოში.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განცხადებები განიხილა და საბოლოოდ რეგისტრაცია ბათილად ცნო. გადაწყვეტილება სასამართლომაც ძალაში დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი