ახალი ამბები

უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება თუ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა

4 სექტემბერი, 2020 • 2285
უვიზო მიმოსვლის შენარჩუნება თუ თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა

“ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება”, – საქართველოს კონსტიტუცია, თავი II. ადამიანის ძირითადი უფლებები; მუხლი 14.

საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები ქართველ მესაზღვრეს უფლებას ანიჭებს, არ გაუშვას პირი ევროკავშირის/შენგენის ზონაში, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს. საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი ევროპაში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შესაძლო შეჩერების პრევენციაა. კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენდაც კონსტიტუციური და თანაზომიერია ამ მიზნის მისაღწევად ადამიანის ფუნდამენტური უფლების – მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის არეალის გაზრდა?


საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიულ პასპორტს, ევროკავშირის და შენგენის წევრ 30 სახელმწიფოში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით 2017 წლის 28 მარტიდან სარგებლობენ. უვიზოდ გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტის შემთხვევაში, რაც გულისხმობს 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში.

მიგრაციის მკვეთრი ზრდის ან საზოგადოებისთვის საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, ევროკავშირის კანონმდებლობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას ითვალისწინებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი, რაც ევროკომისიის ბოლო, მესამე ანგარიშშიც აისახა. ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ  “საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები კვლავ აქტუალური საკითხია, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიმდინარე და არსებით ძალისხმევას მოითხოვს.”

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ბოროტად გამოყენების შემთხვევათა შესამცირებლად საქართველომ არაერთი რეგულაცია მიიღო, მათ შორის, გაამკაცრა გვარის შეცვლის პროცედურები, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსში და ა.შ.

საქართველოს ნაბიჯები ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად

საქართველოს ხელისუფლებამ:

  • ცვლილებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ უკანონო ყოფნის ხელშეწყობისთვის და ასევე, თავშესაფრის მოპოვების მიზნით გაყალბებული ინფორმაციის მოწოდებაში დახმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდა;
  • შეზღუდა გვარის შეცვლის პროცედურა.
  • ევროკავშირის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოსთან (FRONTEX) ერთობლივი ინიციატივა აამოქმედა, რომლის ფარგლებშიც “ფრონტექსის” ექსპერტები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში გაიგზავნენ.
  • ოთხი პოლიციელი საქართველოდან ყოველთვიურად ევროკავშირის განსაზღვრული წევრი სახელმწიფოების აეროპორტებში იგზავნებოდა, რათა დამკვირვებლების სტატუსით ადგილობრივ მესაზღვრეებს დახმარებოდნენ.
  • ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა სამი საინფორმაციო კამპანია, მათ შორის ბოლო- თავშესაფრის ძიების თემატიკაზე.
  • გაფართოვდა საერთაშორისო სამართალდამცავი თანამშრომლობა ევროპის პოლიციის სამსახურთან (EUROPOL) და ევროკავშირში საქართველოს პოლიციის ატაშეების ქსელი.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წესი, რომელსაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საბაბით ცვლის, ქვეყნიდან გასვლის უფლებას შეეხება.

“საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” კანონში 2 სექტემბერს დამტკიცებული ცვლილებებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იძებნება სამართალდამცავი ორგანოების მიერ ან წარადგენს ყალბ ან ძალის არმქონე საბუთებს, საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საზღვრის გადაკვეთაზე იმ შემთხვევაშიც, თუ მიემგზავრება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის იმ ქვეყანაში, რომელთანაც საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აქვს და შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

  • ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოსთვის.

არ წარადგენს:

  • ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემულ ბიომეტრიულ პასპორტს, რომლის მოქმედების ვადაც საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
  • ვარგის უკან დასაბრუნებელ სამგზავრო ბილეთს ან ასეთი სამგზავრო ბილეთის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელ დოკუმენტს, ამ სასტუმროში/საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა სათანადო დოკუმენტს ან მასპინძლის თანხმობას თავის საცხოვრებელ ადგილას საქართველოს მოქალაქის განთავსებაზე, აგრეთვე, ინფორმაციას აღნიშნული საცხოვრებლის მისამართის შესახებ;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის დამადასტურებელ დოკუმენტს;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებას ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელ დოკუმენტს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან – გერმანია და შვედეთი საქართველოს სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციის ფარგლებში ღიად აფიქსირებდნენ, რომ მიზანშეწონილია, საქართველოს მთავრობამ გაატაროს გარკვეული ღონისძიებები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.

“კანონპროექტის მიღების მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში გაძლიერდეს პრევენციული მექანიზმი, რათა შემცირდეს საქართველოს იმ მოქალაქეთა ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყნებში გადინება, რომლებიც არაკეთილსინდისიერად გამოიყენებენ უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობას”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ავტორები (არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა, ოთარ დანელია, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე) აღნიშნავენ, რომ ანალოგიური პრობლემის წინაშე იდგა სერბეთი და ალბანეთი, რომლებმაც დროულად გაამკაცრეს ქვეყნიდან გასვლის კონტროლი და საქართველოც “ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები”.

“საბჭოთა კავშირში დაბრუნება…”

ზოგიერთი, ძირითადად არადემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს ქვეყნიდან/ ტერიტორიიდან გასასვლელად სახელმწიფოს ნებართვა ესაჭიროებათ, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში. უზბეკეთი ბოლო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებიდან, რომელმაც გასასვლელი ვიზა 2019 წელს გააუქმა. კუბაში ასეთი პრაქტიკა 2013 წლამდე მოქმედებდა. საუდის არაბეთიდან და ყატარიდან გასვლის ნებართვა უცხოელ დასაქმებულებს სჭირდებათ, ნეპალში – აშშ-ში დროებით სამუშაოდ წამსვლელებს. ჩინეთი ჰონგ-კონგში და მაკაოში გასამგზავრებლად ითხოვს როგორც ქვეყნიდან გასვლის, ასევე, ამ ტერიტორიებზე შესვლის ნებართვას.

სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) თანადამფუძნებელ გიორგი რუხაძეს საქართველოდან ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის დაწესებული ახალი ნორმები საბჭოთა კავშირის პრაქტიკას ახსენებს და იმედოვნებს, რომ ფუნდამენტური თავისუფლების შეზღუდვის ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდება.

“იმედი მაქვს, რომ ზოგადად, საქართველოს მოქალაქეებს უფრო მწვავე რეაქცია ექნებათ თავისუფლების ნებისმიერ, თუნდაც მცირე შეზღუდვებთან მიმართებაში”, – ამბობს ის.

ამასთან, გიორგი რუხაძის აზრით, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობას რეალურად არ შეამცირებს და პირიქით, შსს-ს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბერკეტს აძლევს:

“საქართველოს მოქალაქე ევროკავშირში არალელგალურად სამუშაოდ და საცხოვრებლად მიდის იმის გამო, რომ სამშობლოში ვერ ხედავს პერსპექტივას, – ეს არის გამოსასწორებელი, ნაცვლად კონტრპროდუქტიული ზომების მიღებისა. თუ ვინმეს ევროკავშირში წასვლა და დარჩენა უნდა, ამ რეგულაციების გვერდის ავლას მარტივად შეძლებს – სტამბულიდან გაფრინდება”, – ამბობს რუხაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

მისივე შეფასებით, პრობლემა ის არის, რომ არაპროპორციული უფლებამოსილება ენიჭება პოლიციას, კონკრეტულ მესაზღვრეს, რომ თავად გადაწყვიტოს, ესა თუ ის ადამიანი აკმაყოფილებს თუ არა შენგენის ზონაში შესვლის კრიტერიუმს.

“თუკი იქნება პოლიტიკური ინტერესი და ზემდგომი ორგანოებიდან ბრძანება, ძალიან მეეჭვება, რომ რიგითმა მესაზღვრემ წინააღმდეგობა გაუწიოს და ბოროტად არ გამოიყენოს ეს ჭარბი უფლებამოსილება. მაგალითად, თუ ადამიანს ოდესმე საბერძნეთში რამე დარღვევა აქვს, პოლიციას უფლება ეძლევა, არ გაუშვას იგი დანიაშიც. არადა, დანიის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, რამდენად პრობლემურია მისთვის ის დარღვევა და შეუშვას თუ არა პირი თავის ქვეყანაში.

საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ პოლიციელს შეეძლო, არ გაეშვა ადამიანი ქვეყნიდან. ეს არის საბჭოთა კავშირში დაბრუნება”, – ამბობს რუხაძე.

ევროპაში უვიზოდ მგზავრობისთვის საჭიროა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გაცემული საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი, მინიმუმ 3-თვიანი მოქმედების ვადით. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის/შენგენის ტერიტორიაზე შესვლისას ნებისმიერი მოქალაქე გადის სასაზღვრო კონტროლს, საქართველოს მოქალაქეებისთვის რეკომენდებული იყო, თან ჰქონოდათ ყველა საჭირო დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მგზავრობის მიზანს. მგზავრობის მიზნის დასადასტურებლად, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს:

  • დასაბრუნებელი სამგზავრო ბილეთი;
  • სასტუმროს მოქმედი ჯავშანი;
  • სამოგზაურო დაზღვევა;
  • მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დადასტურება

“ეს მხოლოდ რეკომენდაციაა და არა ვალდებულება, თორემ ხომ შეიძლება, არ ვიცოდე, როდის მოვდივარ უკან და იმ ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, შემიშვებს თუ არა უკან დასაბრუნებელი ბილეთის გარეშე. რა პრინციპით მავალდებულებს საქართველოს სახელმწიფო, ვიყიდო დამატებითი ბილეთი?” – კითხულობს რუხაძე.

ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის, ვანო ჩხიკვაძის თქმით, ევროკავშირის მხრიდან ზოგადი მოთხოვნა და რეკომენდაცია მოდიოდა უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების შემთხვევებზე რეაგირების თაობაზე, თუმცა, რა ფორმით მოაგვარებდა საქართველო ამ პრობლემას, ქართული მხარის გადასაწყვეტი იყო.

“მაინცდამაინც ამ გზით რატომ გადაწყვიტა წასვლა საქართველოს მთავრობამ, გამიჭირდება პასუხის გაცემა. მრჩება განცდა, რომ გარკვეული შეზღუდვები შესაძლებელია დიდი იარაღი იყოს კონკრეტული ინდივიდის ხელში. აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს დაცულობის გარანტია, რომ კონკრეტულმა მესაზღვრემ არ გადაწყვიტოს მისი ბედი, დატოვოს თუ არა ქვეყნის ტერიტორია”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩხიკვაძემ.

ვანო ჩხიკვაძე ყველაზე ეფექტიან ზომად მოკლევადიან პერსპექტივაში მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას მიიჩნევს მოსახლეობაში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესების შესახებ ინფორმირებულობის გასაზრდელად, გრძელვადიან პერსპექტივაში კი – ქვეყანაში არსებული სოცალურ-ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას. ადგილზე სამუშაო ადგილების და მომავლის პერსპექტივის შექმნაა მთავარი გამოსავალი გიორგი რუხაძის აზრითაც. ამავდროულად, რუხაძის თქმით, უვიზო მიმოსვლაზე დიალოგის დაწყების დღიდან ქართულ მხარეს მისი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად დასაქმების კვოტების მოპოვებაზე უნდა ეზრუნა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე (GDI) გიორგი მშვენიერაძე აღნიშნავს, რომ ქვეყნიდან გასვლაზე მსგავსი შეზღუდვის დაწესება პრობლემურია და ყოველთვის მოდის შემხებლობაში ადამიანის ძირითად უფლებასთან – მიმოსვლის თავისუფლებასთან, რომლის შეზღუდვა, კონსტიტუციის თანახმადვე, “დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუციელბელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ჯანმრთელობის დაცვის ან მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით”.

“ახალი შეზღუდვის ლეგიტიმური საფუძველი ზემოაღნიშნულ მიზნებში რამდენად ჯდება, საკამათოა, ვინაიდან საქართველოს სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, სხვა სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვიტოს, შეუშვებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეს და გაუშვებს თუ არა საკუთარი ქვეყნიდან”, – ამბობს მშვენიერაძე.

მას მაგალითად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის გადაწყვეტილება საქმეზე “სტამოსე ბულგარეთის წინააღმდეგ”. ბულგარეთის სახელმწიფომ, რომელმაც შეერთებული შტატების იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო საკუთარ მოქალაქეს ორი წლის განმავლობაში ქვეყნის ტერიტორიის დატოვება აუკრძალა, სტრასბურგის სასამართლოში საქმე წააგო.

სტამოსე ბულგარეთის წინააღმდეგ
თეოდორ ვასილიუს სტამოსემ ბულგარეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი 2005 წლის 22 ივლისს შეიტანა. მომჩივანი ამტკიცებდა, რომ აშშ-ის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის გამო მისთვის ორი წლის განმავლობაში ბულგარეთის ტერიტორიის დატოვების აკრძალვა გაუმართლებელი და არაპროპორციული იყო. სასამართლომ 2012 წელს დაადგინა, რომ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომლის თანახმადაც ყველა თავისუფალია, დატოვოს ნებისმიერი, მათ შორის საკუთარი ქვეყანა.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევის მიზანი, მართალია, სხვა ქვეყნების იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის დემოტივაცია და პრევენცია იყო და ამდენად, იმის ალბათობის შემცირება, რომ იმ ქვეყნებს ბულგარეთის სხვა მოქალაქეებისთვის მათ ტერიტორიაზე შესვლაზე უარი ეთქვათ, გაემკაცრებინათ სავიზო რეჟიმი ან უარი ეთქვათ ბულგარეთის მოქალაქეებისთვის მის გამარტივებაზე, თუმცა მოგზაურობის აკრძალვამ ვერ დააკმაყოფილა „დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი“ პუნქტი და მასში ნაგულისხმევი პროპორციულობის მოთხოვნა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა მოგზაურობის აკრძალვები, რომლებიც დაწესებული იყო ეროვნული თუ უცხო ქვეყნის იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან მანამდე განხილული აკრძალვები დაწესებული იყო სისხლის სამართლის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.

ქვეყნიდან გასვლის შეზღუდვის გამოცდილება არსებობს ბალკანეთის ქვეყნებშიც. როგორც მშვენიერაძე ამბობს, ამ ქვეყნებში რამე დრამატული ცვლილება მიგრაციასთან დაკავშირებით ამ რეგულაციებს არ მოუტანია. თუმცა ეთნიკური უმცირესობებისთვის, განსაკუთრებით- ბოშებისთვის, ეს ცვლილება აღმოჩნდა ძალიან პრობლემური იმ პირობებში, როდესაც დისკრიმინაციული გარემოს გამო საკუთარ ქვეყნებში არ დაედგომებოდათ.

“ჩვენს შემთხვევაში კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ევროპასთან უვიზო მიმოსვლის მონაპოვარს, მაგრამ საქართველო რადგანაც ჯერ კიდევ ჰიბრიდული დემოკრატიის ქვეყანაა, სამართალდამცველი ორგანოები იოლად ექცევიან პოლიტიკური გავლენის ქვეშ და ხშირად – არა კანონით, არამედ პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებენ.

ამიტომ, მსგავსი რეგულაცია შეიძლება პრობლემური იყოს, რადგან შეიძლება გამოყენებული იქნას, მაგალითად, პოლიტიკური ოპონენტების საზღვარზე არგასაშვებად, რისი გამოცდილებაც სხვა დროს და სხვაგვარად გვქონია; გამოყენებული იქნას ქვეყნიდან გადინების ნაკადების ხელოვნურად შესამცირებლად”, – აცხადებს მშვენიერაძე.

GDI-ის შეფასებით, სამართლებრივი არგუმენტის გარდა, რომელიც ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვას შეეხება, ახალი კანონი პრობლემურია იმ მხრივაც, რომ შეიძლება ეკონომიკურად დამაზიანებელი იყოს მოქალაქისთვის, რომელიც მყისიერად, ფრენამდე ვერ შეძლებს მესაზღვრის გადაწყვეტილების გასაჩივრებას.

“მოქალაქეებს რომ ჰქონდეთ პროგნოზის გაკეთების შესაძლებლობა და საშუალება, წინასწარ მიიღონ თანხმობა გასვლაზე, შეიძლება ეკონომიკურად ნაკლებად დამაზიანებელი იყოს, მაგრამ მთავარი პრობლემაა მესაზღვრისთვის უფლების მინიჭება, მყისიერად და მიზანშეწონილობის მოტივით შეუზღუდოს ადამიანს მიმოსვლის თავისუფლება”, – მიიჩნევს გიორგი მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიის ინდექსი – საქართველო” ასევე აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მოქალაქეს დარღვეული უფლების ეფექტიანი აღდგენის საკმარის შესაძლებლობას არ უტოვებს.

„კანონპროექტი, მიუხედავად მისი ლეგიტიმური მიზნისა, ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც მოქალაქეს არ სთავაზობს თავისუფალი მიმოსვლის დარღვეული უფლების აღდგენის საკმარის და ეფექტიან გარანტიას, შესაბამისად, აჩენს საქართველოს მოქალაქეების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის  რისკს“, – წერს ორგანიზაცია.

“არა შეზღუდვა, არამედ შესაძლებლობა…”

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ანტიკონსტიტუციურია ან დისკრიმინაციულია საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საქართველოდან მიემგზავრებიან ევროკავშირის/შენგენის ზონაში და არა მესამე ქვეყნიდან.

სონღულაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობასთან თავსებადობა შეისწავლა ევროკავშირიდან ჩამოსულმა მისიამ და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს. ამასთან, როგორც სონღულაშვილი ამბობს, გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად ერთი მხარის – საქართველოს ან ევროკავშირის – ინიციატივა არ არის და ერთობლივ პოზიციას წარმოადგენს.

“ეს [ცვლილებები] არის იმ ძალიან დიდი მონაპოვრის დასაცავად, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია ევროპასთან უვიზო მიმოსვლის სახით. ის ერთ-ერთი პრევენცია შეიძლება იყოს, რათა ერთეული ადამიანების მიერ უვიზო მიმოსვლის არასწორად გამოყენების გამო ამ საყოველთაო პრივილეგიას საფრთხე არ შეექმნას. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა არ არის უპირობო”,- განუცხადა “ნეტგაზეთს” სონღულაშვილმა.

მისივე შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას “განსაკუთრებული ახალი პირობა” არ დაუდგენია, უბრალოდ, ევროკავშირის საზღვრის კვეთისას არსებულმა პროცედურამ საქართველოს საზღვარზე გადმოინაცვლა.

“ეს არ არის რაღაცის შეზღუდვა. პირიქით, ეს არის შესაძლებლობა, უვიზო მიმოსვლა არ შეფერხდეს ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც კეთილსინდისიერად სარგებლობს ამ მიღწევით”, – მიიჩნევს სონღულაშვილი.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე დაწესებული შეზღუდვების გამო, მიმდინარე წლის მარტიდან საერთაშორისო მიმოსვლა მკვეთრად შემცირდა. ევროკავშირმა ივნისის ბოლოს მიიღო რეკომენდაცია არაარსებით მოგზაურობაზე მიმოსვლის შეზღუდვის თანდათანობით მოხსნის შესახებ პირველი 15 ქვეყნისთვის, რომელთა შორის საქართველოც მოხვდა.

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი პანდემიის პირობებში არ ზღუდავს საქართველოსთან მიმოსვლას და ბოლო პერიოდში არც რამე საჯარო განცხადება გაკეთებულა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების ალბათობაზე, მნიშვნელოვანია, რა ფაქტორებმა განაპირობა პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის აპრილიდან ინიცირებული კანონპროექტის ახლა მიღება?

სონღულაშვილი აღნიშნულის პასუხად ამბობს, რომ საჭიროება დღეს არ დამდგარა, უბრალოდ, ევროკავშირის მისია სწავლობდა კანონპროექტის იმპლემენტაციის საკითხებს, პროცედურები გაიწელა დაკენჭისყრამ “დროში ახლა მოუწია”.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებსა და წესს, რომელიც ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის ქვეყანაში მიემგზავრება, ასევე, აღნიშნული უარის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს შს მინისტრი 2021 წლის პირველ იანვრამდე დაადგენს.

საქართველოდან ევროკავშირში გაშვებას მესაზღვრეები აქვე გადაწყვეტენ – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი