ახალი ამბები

საქართველოდან ევროკავშირში გაშვებას მესაზღვრეები აქვე გადაწყვეტენ – კანონპროექტი

1 სექტემბერი, 2020 • 2693
საქართველოდან ევროკავშირში გაშვებას მესაზღვრეები აქვე გადაწყვეტენ – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტი მე-3 მოსმენით, სავარაუდოდ, 4 სექტემბერს უყრის კენჭს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ანიჭებს უფლებას, პირი საზღვარგარეთ, შენგენის ზონაში, არ გაუშვას, თუკი ის გარკვეულ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებს. მიღების შემთხვევაში, ცვლილებების ამოქმედება 2021 წლიდანაა დაგეგმილი.

ცვლილებები

კერძოდ, ამ ცვლილების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში/შენგენის ზონაში სურს გამგზავრება, საზღვრის გადაკვეთაზე საქართველოშივე ეტყვიან უარს იმ შემთხვევაში, თუკი შემდეგი გარემოებებიდან ერთ-ერთი მაინც არსებობს:

  • თუ მას ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის 2 ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა და ეს ფაქტი ცნობილია საქართველოს მესაზღვრეებისთვის;
  • თუ ის არ წარადგენს ბიომეტრიულ პასპორტს;
  • თუ არ აქვს შენგენის ზონის დასატოვებლად საჭირო ბილეთი ან ბილეთის ჯავშანი, ან სასტუმროს/საცხოვრებლის ჯავშანი ან ამ სასტუმროში/საცხოვრებელში ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სხვა დოკუმენტი, ან მასპინძლის თანხმობა;
  • თუ არ ექნა ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • თუ ვერ დაადასტურებს, რომ მოგზაურობისთვის საჭირო ფინანსები ნამდვილად აქვს;

ეს ის დოკუმენტებია, რისი ქონის ვალდებულებაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების შემდეგ ჰქონდათ, თუმცა ქართველი მესაზღვრეებს/შსს-ს წარმომადგენლებს მათი არქონის შემთხვევაში ქვეყნიდან გაშვებაზე უარის თქმის კანონიერი საფუძველი აქამდე არ ჰქონდათ. შესაძლოა, მათთვის საზღვრის კვეთაზე უარი მიმღები ქვეყნის მესაზღვრეებს ეთქვათ.

დასაბუთება

პარლამენტი კანონის მიღების საფუძვლად უვიზო მიმოსვლის შეჩერების რისკების მინიმუმამდე დაყვანას ასახელებს. კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში კანონპროექტის ავტორები ახსენებენ „შეჩერების მექანიზმს“, რაც ევროკავშირის ქვეყნებს აძლევს საშუალებას, დააყენონ საკითხი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე ისეთი პრობლემების გამწვავების შემთხვევაში, როგორიცაა „საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის გაზრდა, ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებლის მატება ან რაიმე სახით უსაფრთხოების პრობლემის წამოჭრა“.

ავტორების განმარტებით, „ქართველ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობისა და ქართველთა მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, იმატა კრიტიკამ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან“; ასევე ახსენებენ გერმანიისა შვედეთის პოზიციებს, რომ „ქართველთა მიერ უვიზო რეჟიმის არაკეთილსინდისიერად გამოყენების ტენდენცია არის საყურადღებო და არ არის გამორიცხული, დაწყებულ იქნას შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხის განხილვა“.

„ვინაიდან უვიზო რეჟიმი არის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი საქართველოსთვის, მომავალი თაობებისთვის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის – საქართველო ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა, რათა მინიმუმადე იქნას დაყვანილი უვიზო რეჟიმის შეჩერების რისკები“, – წერია განმარტებით ბარათში.

დეტალები

კანონპროექტის ინიციატორებად და ავტორებად პარლამენტის საიტზე მითითებულნი არიან პარლამენტარები: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ხატიძე, ოთარ დანელია, გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და ზვიად კვაჭანტირაძე.

აღნიშნული ცვლილებების პროექტი ამ კანონთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა და პირველი მოსმენით იმავე წელს მიიღეს, მეორე მოსმენით მას 2020 წლის ივნისსა და ივლისში უყარეს კენჭი და გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. საბოლოოდ მიღების შემთხვევაში, აღწერილი ცვლილება 2021 წლიდან შევა ძალაში.

კრიტიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ აცხადებს, რომ ეს ცვლილებები მოქალაქეს დარღვეული უფლების ეფექტიანი აღდგენის საკმარის შესაძლებლობას არ უტოვებს.

„კანონპროექტი, მიუხედავად მისი ლეგიტიმური მიზნისა, ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს, რამდენადაც მოქალაქეს არ სთავაზობს თავისუფალი მიმოსვლის დარღვეული უფლების აღდგენის საკმარის და ეფექტიან გარანტიას, შესაბამისად, აჩენს საქართველოს მოქალაქეების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის  რისკს“, – წერს ორგანიზაცია.

„კანონპროექტის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის დისკრეციის ფარგლებში ექცევა საქართველოს იმ მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პირობებისა და წესების განსაზღვრა, რომელიც ევროკავშირის/შენგენის სივრცის ქვეყანაში მიემგზავრება, აგრეთვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ადგენს საზღვრის კვეთის შესახებ უარის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში/ზემდგომ თანამდებობის პირთან გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის ვადებსა და წესს“, – წერს ორგანიზაცია.

„აღნიშნული რეგულაცია სცდება პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების ფარგლებს და შინაგან საქმეთა მინისტრს აძლევს დისკრეციას, კანონქვემდებარე აქტით დაადგინოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისგან განსხვავებული რეგულირება. „ნორმატიული აქტების“ შესახებ კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, მხოლოდ საკანონმდებლო აქტით შეიძლება დარეგულირდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით მოქალაქესთან ურთიერთობისას არის მხარე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ იქნება ობიექტური მონაწილე დაადგინოს, მოქალაქისთვის ქვეყნიდან გასვლაზე უარის თქმის შემთხვევაში, უფლების დაცვის წესები და პროცედურები.

ამ მოცულობის ფართო დისკრეცია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში შექმნის საფრთხეს, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სურთ ქვეყნიდან გასვლა, უარის შემთხვევაში ვერ მოახერხებენ თავიანთი დარღვეული უფლებების დროულ და ეფექტიან დაცვას.

შესაბამისად, პარლამენტმა, ნაცვლად დელეგირებისა, თავად უნდა განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეთა მიმოსვლის თავისუფლების დაცვის წესები და პროცედურები საკანონმდებლო აქტით“, – წერია ორგანიზაციის მიერ პირველ სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.


უვიზო მიმოსვლა საქართველოსა და ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებს შორის 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, უვიზოდ იმოგზაურონ ამ ქვეყნებში, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი