ახალი ამბები

საგანელიძე მამისონის გზასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

3 სექტემბერი, 2020 • 1494
საგანელიძე მამისონის გზასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე განმარტებას ავრცელებს ონში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ამბობდა, რომ მამისონის უღელტეილზე გზა აუცილებლად უდნა გაიხსნას.

საგანელიძე მედიას ადანაშაულებს მისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში და ამბობს, რომ კომენტარი კონტექსტიდან ამოგლეჯილი სახით გავრცელდა.

მისი თქმით, ის ონის კულტურის სახლის ეზოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის გახსნის ცერემონიაზე იმყოფებოდა, სადაც ყურადღება გაამახვილა მამისონის გზის მნიშვნელობასა და ონის ულამაზეს რაიონზე, რომელიც, მისი თქმით, გარკვეულწილად ჩიხში აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც ცხინვალისა და მამისონის გზები ჩაიკეტა:

“დღეს ონის რაიონს ტურისტული განვითარების უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ მომავალ წელს გაიხსნას საჩხერე-შქმერი-ონის გზა, რომლის იდეის ავტორი, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, მეც გახლდით. იქვე აღვნიშნე, რომ ასევე უნდა ვიფიქროთ ონი-ღები-უშგული-მესტიის ახალი გზის პროექტზე, რომელიც რაჭას სვანეთთან დააკავშირებს და თბილისიდან წამოსული ტურისტი უმოკლესი გზით, რაჭის გავლით მოხვდება სვანეთში.

ამასთანავე, იმედს გამოვთქვამ, რომ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და რაჭაში ისევ ცხინვალის გზით ვივლით. ალბათ, გაიხსნება მამისონის გზაც, რომელიც ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების საშუალებას მოგვცემს. სწორედ ამის შესახებ ვისაუბრე ონში. ჩემი სიტყვების ნებისმიერი სხვა სახით ინტერპრეტაცია გახლავთ მიზანმიმართული კამპანია და ყველას მოვუწოდებ, თავი აარიდონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას”, – აცხადებს საგანელიძე.

მამისონის უღელტეხილი მდებარეობს საქართველოსა და რუსეთის საზღვარს შორის. უღელტეხილზე გადის ამჟამად უფუნქციო სამხედრო გზა.

მამისონი აუცილებლად უნდა გაიხსნას – საგანელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი