ახალი ამბები

მამისონი აუცილებლად უნდა გაიხსნას – საგანელიძე

3 სექტემბერი, 2020 • 2714
მამისონი აუცილებლად უნდა გაიხსნას – საგანელიძე

საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი და “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით საგანელიძე ონში მოსახლეობასთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ მამისონის უღელტეხილზე გზა აუცილებლად გაიხსნება და საქართველომ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა უნდა დაალაგოს, რადგანაც, მისი თქმით, რაჭისთვის აღნიშნული გზა უმნიშვნელოვანესია:

“მიხარია, რომ ონი ძალიან წინ მიდის თქვენი და ხელმძღვანელების აქტივობით. ერთი სული მაქვს, როდის გადმოვალთ ონში ახალი გზით, ველოდები, როდის გაიხსნება მამისონი და აუცილებლად უნდა გაიხსნას. ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან იმიტომ, რომ ონისთვის და ამ კუთხისთვის ეს გზა უმნიშვნელოვანესი გზაა.

ყველაფერს გავაკეთებ თქვენთან ერთად, როგორც ამ გზის აქტივობაში ძალიან დიდი წვლილი იყო და შევეცადე რომ ეს გზა გაგვეჭრა, დაგვეწყო და დამთავრდება მომავალი წლის ბოლოს, გაკეთდეს გზა ღებიდან უშგულისთვის. ეს უმნიშვნელოვანესი გზაა, რომ ჩვენ რაჭა ღებიდან მესტიამდე შევაერთოთ და ეს პროექტი მომზადების სტადიაზეა. ალბათ, როგორც კი ეს გზა დამთავრდება, იმ გზაზე დავიწყებთ მუშაობას. ეს ყველაზე დიდ ტურისტულ ცენტრად გადააქცევს ამ ულამაზეს კუთხეს”, – ამბობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი.

მამისონის უღელტეხილი მდებარეობს საქართველოს და რუსეთის საზღვარს შორის. უღელტეხილზე გადის ამჟამად უფუნქციო სამხედრო გზა. ნეტგაზეთი განმარტებისთვის დაუკავშირდა საპარტნიორო ფონდს. გვსურდა გვეკითხა, რას გულისხმობდა საგანელიძე და ეს მისი პირადი აზრი იყო, თუ მმართველის პარტიის. ფონდში გვითხრეს, რომ განმარტებას უახლოეს მომავალაში გამოაქვეყნებენ.

საგანელიძის განცხადებას გამოეხმაურნენ “ქართულ ოცნებაშიც”. “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი აცხადებს, რომ ამ მონაკვეთზე არანაირი ინფრასტრუქტურული პროექტი არ იგეგმება:

“მამისონის უღელტეხილზე საქართველოს ხელისუფლება არანაირ ინფრასტრუქტურულ პროექტს არ გეგმავს. ამას თავისი მიზეზი აქვს, გეოპოლიტიკურ მოცემულობაში მსგავის ტიპის მაგისტრალი ვერ შედგება და ამის ინტერესი არ აქვს ჩვენს სახელმწიფოს”,- ამბობს სესიაშვილი.

ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ პარტიის წევრებს შორის განცხადებები არ თანხმდება და მისთვის უცნობია, რის შესახებ ისაუბრა დავით საგანელიძემ:

“მე არც ვიცი, რა თქვა დავით საგანელიძემ. ასეთი ტექსტები წინასწარ არ თანხმდება, ეს არ იყო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადება”, – ამბობს კობახიძე.

გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის ზიანის მიყენებას ასფალტირებული გზის გარეშეც შეძლებს, თუ ამის სურვილი ექნება:

“რაც განახორციელა რუსეთმა, ყველანაირი ბოროტება საქართველოს მიმართ განახორციელა იმ ხალხის ხელშეწყობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს ავრცელებს, თითქოს ხელს უწყობს რუსეთს ასფალტირებული გზა თავისი აგრესიული გეგმების გნახორციელებაში”, – ამბობს გია ვოლსკი.

საგანელიძის განცხადება შეაფასეს ოპოზიციაშიც. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ნებისმიერი პროექტის დაგეგმვისას, პირველ რიგში, უნდა შეფასდეს მისი უსაფრთხოება და თუკი საფრთხე რეალურია, სხვა ყველაფერი მეასეხარისხოვანია:

“პირველ რიგში, უნდა იყოს შეფასებული უსაფრთხოების კუთხით და ამის შემდეგ იყოს განხილული სხვადასხვა, მათ შორის ეკონომიკური ეფექტი. გზა არის, სადაც გადაადგილდებიან ადამიანები, მსუბუქი ავტომობილები და ტანკები. რუსეთთან მიმართებით პირველი კითხვა უნდა დაისვას, ხომ არ შეუქმნის ეს ქვეყანას საფრთხეს და თუკი საფრთხე რეალურია, ყველაფერი მეასეხარისხოვანია”, – ამბობს გოცირიძე.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატის, სერგი კაპანაძის თქმით კი, ეს განცხადება მოწმობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ ისწავლა საგარეო ურთერთობები და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა:

“დავით საგანელიძის განცხადება არის კლასიკა იმისა, როგორ ვერ ისწავლა საგარეო ურთიერთობები და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა ამ ხელისუფლებამ. ამდენი წლის მერეც კი ისინი ვერ ერკვევიან იმაშიც კი, ვინ არის მოყვარე და ვინ მტერი და საუბრობოენ, რომ რუსეთთან ახალი გზა უდნა აღდგეს და ახალი საფრთხეები გაჩნდეს. ეს არის მიდგომა, რომელმაც ქვეყანა შეიყვანა ჩიხში” ,- ამბობს კაპანაძე.

მოგვიანებით, საკუთარ განცხადებაზე განმარტება გაავრცელა დავით საგანელიძემ:

საგანელიძე მამისონის გზასთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტებას ავრცელებს

მასალების გადაბეჭდვის წესი