საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას ფონდის დაფინანსების პრინციპს აკრიტიკებს.
საგანელიძის თქმით, რადგან ფონდი მთლიანად მისი მფლობელობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო კომპანიების დივიდენდებზეა დამოკიდებული, წლიური ბიუჯეტის დაგეგმვა სათანადოდ ვერ ხდება. აქედან გამომდინარე, საგანელიძის მტკიცებით, უნდა მოიძებნოს სახელმწიფო ფონდის დაფინანსების ისეთი სქემა, რომლის შემდეგაც ის მხოლოდ დივიდენდიდან აღარ დაფინანსდება.
“ნებისმიერი საქმიანობა, რომელსაც რომელიმე კომპანია ახორციელებს, გონივრულია მაშინ, როცა მან იცის, რამდენია მისი შემოსავალი და აქედან გამომდინარე გეგმავს პროექტს. როცა პროექტს გეგმავ პარტნიორთან ერთად და მას თანადაფინანსებაზე თანხმობას ეუბნები, ეს პირობა უნდა შეასრულო, რათა შუა გზაში არ გააჩერდეს შენი და პარტნიორის საქმიანობა. როცა ფონდმა არ იცის, რამდენი იქნება მისი ბიუჯეტი წელს თუ მომავალ წელს, მეტიც, ფონდმა არ იცის, საერთოდ ექნება თუ არა შემოსავალი. ჩვენი შემოსავალი დამოკიდებულია ჩვენს შვილობილი კომპანიების დივიდენდებზე. ეს არის საპარტნიორო ფონდის შესამოსავლის ერთადერთი წყარო. ასეთ პირობებში როგორ დავგეგმოთ წელი?! როცა აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიებს არ ჰქონდათ დივიდენდი და ჩვენ აღმოვჩნდით საკმაოდ რთულ სიტუაციაში ჩვენს პარტნიორებთან. ამიტომ ვითხოვდი, მოძებნილიყო ნებისმიერი ფორმა, თუ როგორ შეიძლება ფონდმა თავისი საქმიანობა გააგრძელოს”,-აცხადებს საგანელიძე.
საპარტნიორო ფონდი შემდეგი სახელმწიფო კომპანიების აქტვივებს მართავს:
- საქართველოს რკინიგზა – 100% წილი
- საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი
- საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი
- ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი
- სს თელასი – 24.5% წილი
სწორედ ამ კომპანიების მოგებისგან ფორმირდება საპარტნიორო ფონდის წლიური ბიუჯეტი. მთავრობის დადგენილებით საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებია:
- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხები და გრანტები (სახელმწიფო გრანტების გარდა), რომელთა დაბრუნებისა თვის ფონდი თავადაა პასუხისმგებელი;
- სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიების, სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები (მათ შორის, წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი);
- კერძო სექტორის თანადაფინანსებით მოზიდული სახსრები;
- პრივატიზაციის შედეგად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები.