საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის ხელფასი 2019 წელსაც შემცირდა და წელიწადში 237 231 ლარი შეადგინა, რაც თვეში საშუალოდ თითქმის 20 ათასი ლარია.
2018 წელს მისი წლიური ხელფასი 294 000 ლარი იყო, ანუ თვეში- საშუალოდ 24 500 ლარი. მან 2017 წელს ხელფასის სახით 336 000 ლარი მიიღო (თვეში საშუალოდ 28 000 ლარი). 2016 წელს მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 33 687 ლარი იყო.
ოფიციალური დეკლარაციის თანახმად, საშემოსავლო გადასახადის სახით საგანელიძემ 2019 წელს 59307,82 ლარი გადაიხადა,ქონების – 6356,8 ლარი. საქველმოქმედო მიზნებისთვის საგანელიძის ოჯახმა 64 ათასი ლარი დახარჯა.
სს „საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც 2011 წელს დაარსდა.
ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.
„საპარტნიორო ფონდი” შეიქმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდის საქმიანობას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.
ფონდის მმართველობის ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო, აღმასრულებელი ორგანო და საინვესტიციო საბჭო.
სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან საქართველოს მთავრობის წევრები და კერძო სექტორიდან მოწვეული პირები.
დავით საგანელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელფასის ოდენობას სწორედ სამეთვალყურეო საბჭო განსაზღვრავს.
სრულად საგანელიძის დეკლარაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.